Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდების მემორიალიდან ”პირველ კავკასიურამდე”


ზურაბ დვალი, გადაცემის "კითხვის ფასი" წამყვანი, სატელევიზიო არხი "პირველი კავკასიური"
ზურაბ დვალი, გადაცემის "კითხვის ფასი" წამყვანი, სატელევიზიო არხი "პირველი კავკასიური"

როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი სატელევიზიო არხის, ”პირველი კავკასიურის”, ჩართვას მკვეთრად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა რუსეთში. თუმცა რუსმა პოლიტიკოსებმა რუსულენოვანი სატელევიზიო არხის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯერ კიდევ ”პირველი კავკასიურის” ეთერში გასვლამდე გამოხატეს - უფრო მეტიც, ”დიდების მემორიალის” აფეთქებას დაუკავშირეს.

გასული წლის მიწურულს, როგორც კი ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, ქუთაისის „დიდების მემორიალი“ მოსკოვში უნდა აღვადგინოთო, რუსეთის დუმამ დიდი დრო დაუთმო მსჯელობას თემაზე ”სააკაშვილი აფეთქებს, პუტინი აღადგენს” (სწორედ ასეთი სათაურით გადასცემდა მემორიალის შესახებ რეპორტაჟებს ტელეკომპანია ”როსია”). დუმამ მხარი დაუჭირა მემორიალის მშენებლობას ”პაკლონნაიაზე”, თუმცა ახალი წლის დადგომამდე 2 დღით ადრე ზოგიერთმა დეპუტატმა ამ მემორიალის თბილისთან ახლოს - სოხუმში ან ცხინვალში - დადგმის იდეა მოიწონა.

ასეა თუ ისე, დეპუტატები, ფაქტობრივად, აღიარებდნენ, რომ „დიდების მემორიალის“ აღდგენა ”პოლიტიკური ჟესტი” იქნებოდა - უფრო მეტიც, კონტრპროპაგანდის გამოვლინება. ამას მოწმობს 25 დეკემბერს დეპუტატ ბაღდასაროვის გამოსვლა ”დუმაში”. ბაღდასაროვის თქმით:

” ბატონმა ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა, რომ საქართველო, ადრე თუ გვიან, ნატოში იქნება... ნატო კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოში განლაგდება ჯარი... უფრო მეტიც, ახლახან გაირკვა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მზადდება საინფორმაციო ქსელი, რომლითაც ჩვენს პოლიტიკას უნდა დაუპირისპირდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში... ესაა ეგრეთ წოდებული ”პირველი კავკასიური არხი”, რომელმაც, მათი თქმით, ჩრდილოკავკასიელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას უნდა დაუჭიროს მხარი. ”

ბაღდასაროვი პირველი დეპუტატია, რომელმაც რუსეთის რეაქცია გამოხატა „პირველი კავკასიური არხის“ მიმართ (გაგახსენებთ, რომ 25 დეკემბერს ახალი ტელევიზიის გადაცემები ჯერ არ გადიოდა ეთერში)...დაიწყო „დიდების მემორიალით“ და დაამთავრა ტელევიზიით - უფრო სწორად, კონტრპროპაგანდის აუცილებლობით:

” ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი საინფორმაციო საშუალებების გახსნაზე, შესაბამისი მიზნობრივი პროპაგანდით საქართველოს მიმართულებით... საქართველო ხომ პატარა იმპერიაა, სადაც იჩაგრებიან სომხები, აზერბაიჯანლები, მალაკნები”, - თქვა დეპუტატმა.

საინტერესოა, რომ სიტყვა „კონტრპროპაგანდა“ რადიო თავისუფლების ეთერში ახსენა ბაღდასაროვის ამ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძემაც. მისი თქმით:

”მიზანი შეიძლება ვიღაცისთვის ჩანდეს როგორც კონტრპროპაგანდა რუსული სატელევიზიო არხების და არ გამოვრიცხავ, რომ ასეც არის, ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ესაა სიმართლის გატანის სურვილი საქართველოს შესახებ.”

და, აი, დღეს, ”პირველი კავკასიურის” ეთერში გასვლისთანავე, რუსული მედიაც ალაპარაკდა კონტრპროპაგანდის აუცილებლობაზე. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული სტატია, სათაურით ”კრემლს წელს ქვემოთ დაარტყეს”, რომელშიც ნათქვამია: კრემლი ვერაფრით დაუპირისპირდება ამ არხს, რადგან პუტინის ტელევიზია, როგორც, საერთოდ, ყველაფერი, რაც ცენზურას განიცდის, ვერ მოუგებს თავისუფალ ტელევიზიასო... თუმცა რამდენად თავისუფალი იქნება ”პირველი კავკასიური”, ამას დრო გვიჩვენებს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG