Accessibility links

logo-print

Google-ი ჩინეთის დატოვებით იმუქრება


Google-ს ჩინეთის ოფისი, პეკინი

Google-ს ჩინეთის ოფისი, პეკინი

კომპანია Google-მა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საძიებო ინსტრუმენტია, განაცხადა, რომ შემდგომში აღარ დაუშვებს ცენზურას თავის საძიებო სისტემაში და იმუქრება, რომ დატოვებს ჩინეთის ბაზარს. ორშაბათს კომპანია Google - მა განაცხადა, რომ მის რესურსებზე განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა, რომლის მიზანი იყო შეეღწიათ ჩინელი უფლებადამცველების ელექტრონულ ყუთებში.

კომპანია Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ოსტატურად განხორციელებული კიბერშეტევის გამოძიება და ამიტომ ჯერჯერობით თავს იკავებს პირდაპირ დაადანაშაულოს ჩინეთის ხელისუფლება ამ შეტევაში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობა ჩინეთში შემაშფოთებელია, და მოუწოდა პეკინს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება Google-ის კომპანიაზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე.

როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ალეკ როსმა განაცხადა, მომდევნო კვირაში - სავარაუდოდ, 21 იანვარს - ჰილარი კლინტონი გამოვა ინიციატივით “ინტერნეტის თავისუფლების” თაობაზე. ეს ინიციატივა იქნება პასუხი იმ ქვეყნების ხელისუფლებების მოქმედებაზე, რომლებიც - კავკასიიდან ჩინეთამდე და ირანიდან კუბამდე – საკუთარ მოქალაქეებს ინფორმაციის მიღების საშუალებებს სისტემატიურად უხშობენ.

იმავდროულად, გლობალური პოლიტიკური რისკების შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია “ევრაზია ჯგუფის” ანალიტიკოსები 2010 წელს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების უკიდურესად გამწვავებას ვარაუდობენ.

უფლებადამცველები მიესალმნენ Google -ის გადაწყვეტილებას, დაეგმო კიბერშეტევა და უარი ეთქვა ცენზურის პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე.

აი, რა განაცხადა ჩინელმა უფლებადამცველმა აქტივისტმა და მხატვარმა აი ვივეიმ:

“ამ ნაბიჯით Google-მა, მინიმუმ, ძალიან ბევრი ადამიანის აზრი გამოხატა ამგვარ ქმედებაზე და, ცხადია, ამას ექნება ზეგავლენა არა მხოლოდ ჩინეთზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. დისკუსია განმარტოების თავისუფლებაზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე, აზრის შემწყნარებლობაზე, მე ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.”

ჩინეთთან დაპირისპირების გამო, კომპანია Google -ის აქციების ფასი მსოფლიო ბაზარზე 1,3-პროცენტით დაეცა და ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები ყურადღებით აკვირდებიან, როგორ განვითარდება მოვლენები. საქმე ისაა, რომ Google-ს საკმაოდ მოკრძალებული პოზიცია ეკავა ჩინეთის ბაზარზე, სადაც უფრო ფართოდ გამოიყენება ფირმა „ბაიდუს“ საძიებო საშუალებები.

მაგრამ, თავის მხრივ, „ბაიდუს“ ვებსაიტებზეც განხორციელდა ჰაკერების შეტევა. ადამიანებმა, რომლებსაც „ბაიდუს“ ვებ-გვერდებზე მიუწვდებათ ხელი, სამშაბათს აღმოაჩინეს, რომ ვებ-გვერდზე გამოსახული იყო ირანული დროშა და სხვა სიმბოლოები, მათ შორის, წარწერა - “ირანის კიბერარმია.”

ჯგუფმა, რომელიც საკუთარ თავს “ირანის კიბერარმიას” უწოდებს, გასულ თვეში „ტვიტერის“ სოციალურ ქსელზე მიიტანა შეტევა, რადგან „ტვიტერს“ ირანის დემოკრატიული ძალები საკომუნიკაციო საშუალებად იყენებენ.
XS
SM
MD
LG