Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 18 იანვარი 2010


დღევანდელი პრესის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის არჩევნებს ეხება. ”რადასა და ცესკოს წინ უკვე კარვები გაიშალა, მოსალოდნელია თუ არა არეულობა უკრაინაში?” - კითხულობს ”მთელი კვირა”, ”ასავალ დასავალი“ კი წერს: “ქართველი დამკვირვებლები უკრაინაში ბოგანოებად, მაწანწალებად, უვიცებად და უსაქმურებად გამოაცხადეს, მაგრამ მთავარია, გივი იქ იყო.”

თუმცა ჩვენ უფრო საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებზე გავამახვილებთ ყურადღებას, ასეთი კი დღეს გაზეთებში ასევე მრავლადაა. დავიწყებთ ”მთელი კვირით”, რომელიც მოზრდილ ინტერვიუს აქვეყნებს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან. ”დიახ, კვლევების მიხედვით, გიგი უგულავას აქვს უპირატესობა მომავალ თვითთმართველობის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შევძლებთ ოპოზიციური ხმების მობილიზებას”, - უთხრა გაზეთს ლევან ბერძენიშვილმა და დაამატა: ”ანგარიშგასაწევი ძალები ოპოზიციიდან აცხადებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. თუკი ისინი არჩევნებში მართლა არ ჩაერთვებიან და ჩვენ მათი ელექტორატის მობილიზებას შევძლებთ, გავიმარჯვებთ.”

იმავე გაზეთში ნახავთ ასევე ვრცელ ინტერვიუს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ მაია მიმინოშვილთან, რომელიც დაწვრილებით ხსნის, თუ როგორი იქნება ატესტაციის ახალი სისტემა. სკოლის დასრულების შემდეგ მოსწავლე 9 ან 10 საგანში ჩააბარებს გამოცდას და ატესტატს ისე აიღებს. თუ ერთში მაინც ჩაიჭრა, მაშინ მომავალ წელს მოუწევს ბედის ცდაო, - უთხრა მაია მიმინოშვილმა ”მთელ კვირას”.

ამავე თემაზე აქვეყნებს ინტერვიუს დღევანდელი ”ვერსია”. გაზეთი გაესაუბრა განათლების ლიგის პრეზიდენტ მანანა ნიკოლეიშვილს, რომლის ნათქვამიც სტატიის სათაურშია შეჯამებული: ”მოსწავლეთა 90 პროცენტი ატესტატს ვერ აიღებს”. ქვესათაურია: ”ბავშვები ჩაიჭრებიან, მასწავლებლებსაც გაყრიან და დირექტორებსაც ზედ მიაყოლებენ. მერე იმ სკოლებსაც მიხურავენ, რომელსაც დაბალი რეიტინგი ექნება.”

განათლების რეფორმის თემას, სხვა საკითხებთან ერთად, ეხება ”კვირის პალიტრისათვის მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი ანდრო ბარნოვიც. ”მთავარია, სისტემის შიგნით არ მოხდეს საკადრო რევოლუციები. ის კადრი, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში გამოცდილება მიიღო, სასურველია ადგილზე დარჩეს”, - ამბობს ექსპერტი და ამატებს:”ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ ისაა, რომ არსებობს კადრების კატასტროფული დეფიციტი. კარგი მასწავლებელიც არა გვყავს ბევრი. სკოლებში ამ მხრივ გაცილებით რთული მდგომარეობაა, ვიდრე უმაღლეს სასწავლებლებში.”

”კვირის ქრონიკაში” კი დაწვრილებით წაიკითხავთ დაპირისპირების შესახებ, რომელიც თითქოს ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას შორის არსებობს. ისტორიაში, რომელიც გაზეთს დაუსახელებელმა ძალოვანმა ჩინოსანმა მოუთხრო, ფიგურირებს ერთმანეთის დედის გინება, კაბინეტში შეჭრა და სროლა. კოდუა, გაზეთის ცნობით, დათა ახალაიას დაუჭრია ფეხში”. ამ, ერთი შეხედვით, დაუჯერებელ ამბავს ”კვირის ქრონიკაში” გაეცნობით.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG