Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი ცხინვალს ფინანსურ რევიზიებს უტარებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი ედუარდ კოკოითი ცხინვალში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებით უკმაყოფილოა და შესაბამის სამსახურებს აკრიტიკებს.

რუსეთიდან დე ფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციისთვის და დაზარალებული მოსახლეობის კომპენსაციებისთვის მილიარდობით რუბლი ირიცხება, მაგრამ გასულ წელს ცხინვალში მხოლოდ 100-მდე სახლის რეაბილიტაცია დასრულდა, 100-ობით ადამიანი ისევ კარვებში ცხოვრობს და მშენებლობის დაწყებას ელოდება. გარდა ამისა, ცხინვალში გახშირდა რუსი მოხელეების ვიზიტები, რომლებიც ფინანსურ რევიზიას ატარებენ. ცოტა ხნის წინ დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვი იმყოფებოდა, რომლის თანდასწრებითაც კოკოითიმ შესაბამისი სამსახურები გააკრიტიკა. ყველაზე მეტი კრიტიკა სამხრეთ ოსეთის სარეაბილიტაციო სახელმწიფო კომიტეტს ერგო. ეს თათბირი ცხინვალის ტელევიზიით გადაიცა.

დე ფაქტო რესპუბლიკაში აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება ყოველდღიურად იზრდება. კომპენსაციის მოლოდინში მყოფი ადამიანები პროტესტს უკვე ღიად გამოთქვამენ. მაგალითად, ზნაურის რაიონში აღშფოთებული მოსახლეობის დასაწყნარებლად კოკოითის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მერაბ ზასეევი ჩავიდა, რომელმაც შეხვედრის დასასრულს აღიარა, რომ კომპენსაციები არასამართლიანად არის განაწილებული და ზოგიერთ დაზარალებულს დღემდე არანაირი დახმარება არ მიუღია. აღელვებული მოსახლეობა კოკოითის წარმომადგენელმა იმ დაპირებით დააწყნარა, რომ შექმნილი კომისია ყველაფერს დეტალურად შეისწავლის და პრობლემებს მოაგვარებს.

”რაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ხდება, ყველაფერზე პასუხისმგებელი კოკოითია” – მიაჩნია შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორს გიორგი ავალიანს. მისი აზრით, რუსები დე ფაქტო ლიდერს აღარ ენდობიან და გახშირებული რევიზიებიც ამის შედეგია. ავალიანის თქმით, რუსულ ფულს სწორედ კოკოითის კლანი იპარავს და ადგილობრივ მოსახლეობას ატყუებს.

მას შემდეგ რაც რუსეთიდან ცხინვალში გადარიცხული თანხის ნაწილი უკვალოდ გაქრა, რუსეთის მთავრობა გამოყოფილ ფინანსებს ცხინვალს პირდაპირ აღარ აწვდის და ვლადიკავკაზში არსებული, სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის შექმნილი დირექციის მეშვეობით ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს. მაგრამ, როგორც ჩანს, საქმეს ვერც ეს შველის და თვე არ გავა, ფინანსური რევიზიისთვის ცხინვალში რუსი მოხელეები არ ჩავიდნენ.
XS
SM
MD
LG