Accessibility links

ევროსასამართლომ საქართველოს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი ძმებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა


ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში

2 თებერვალს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი 83 და 81 წლის ქართველი ძმების - კლაუს და იური კილაძეების - საქმეზე. ძმებს, რომელთა ოჯახიც 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლია, საქართველოს სახელმწიფომ, კომპენსაციის სახით, ოთხ-ოთხი ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. რას მოასწავებს სტრასბურგში მოქმედი სასამართლოს ეს განაჩენი საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთათვის? შეიცვლება თუ არა საქართველოს კანონმდებლობა? და ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა საბჭოთა რეპრესიებისთვის - საქართველოს თუ რუსეთს?

„პრეცედენტი, რომელიც, შესაძლოა, ათასობით ადამიანისთვის გახდეს მნიშვნელოვანი“ - ასე აფასებენ ქართველი და უცხოელი იურისტები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2 თებერვლის განაჩენს.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლ ძმებს - კლაუს და იური კილაძეებს - საქართველოს სახელმწიფომ კომპენსაციის სახით ოთხ-ოთხი ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება ამით არ შემოიფარგლება: საქართველოს ეკისრება ვალდებულება, რაც შეიძლება მალე შეავსოს თავის კანონმდებლობაში არსებული ვაკუუმი და კილაძეების მდგომარეობაში მყოფ პირებს - რომელთა რიცხვიც, სხვადასხვა შეფასებით, 600-დან 16 000-მდე მერყეობს - განუსაზღვროს კომპენსაციის მიღების პირობები.

სტრასბურგის სასამართლოში კილაძეებს წარმოადგენდა ორი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრი.

კლაუს და იური კილაძეების ბიოგრაფია დიდწილად ტიპურია და კარგად გამოხატავს იმ ტრაგედიასა და უსამართლობას, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მილიონობით ოჯახს დაატეხა თავს. უფროსი ძმა, 83 წლის კლაუს კილაძე მოგვითხრობს:

„1937 წელს მამაჩემი დახვრიტეს - მგონი ჯერ დახვრიტეს და მერე შეადგინეს განაჩენი. მაშინ ხომ „სამეულები“ იყო. დედაჩემი დაიჭირეს, როგორც მოღალატის ოჯახის წევრი, და მიუსაჯეს რვა წელი. მე და ჩემი ძმა ვიყავით, მე 11 წლის, ჩემი ძმა - 9 წლის. ჯერ წაგვიყვანეს ბავშვთა მიმღებში, თბილისში - 20 დღე ვიყავით იქ. მერე გადაგვიყვანეს ჩრდილოეთ კავკასიის სპეცდანიშნულების ბავშვთა სახლში, საიდანაც ორი წლის შემდეგ ბებიაჩემმა დიდი წვალებით გამოგვიყვანა.“
კლაუს კილაძე

ოჯახს ჩამორთმეული ჰქონდა ბინა და მთელი პირადი ქონება. ძმებ კილაძეებს ბავშვობისა და ახალგაზრდობის გატარება უკიდურეს გაჭირვებაში მოუწიათ. მათი მშობლების რეაბილიტაცია 1950-იანი წლების მეორე ნახევარში მოხდა. პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მიღება კი კილაძეების ოჯახმა უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, 1998 წელს შეძლო ერთი წლით ადრე მიღებული კანონის საფუძველზე, რომელიც მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებას ითვალისწინებდა.

თუმცა, სტატუსის მოპოვების მიუხედავად, საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა კილაძეებს არ დაუკმაყოფილეს სარჩელი კომპენსაციის მიღების თაობაზე. შედეგად, საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდა.

„ჯერ შევიტანე თბილისის სასამართლოში, იქ უარი მითხრეს. მერე შევიტანე უმაღლესში, იქაც უარი თქვეს.“ - იხსენებს კლაუს კილაძე - „ამიტომ დარჩა ერთი გზა: სტრასბურგში. მოვამზადე ეს მასალები და მერე კონსულტაციისთვის მივედი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. იქ მოვხვდი სოფო ჯაფარიძესთან, რომელმაც ითავა, მე დაგეხმარებით ამაშიო, და ასოციაციის სახელით მერე გააგზავნეს სტრასბურგში.“

პრობლემა კი ის იყო, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ამ დრომდე არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირებისთვის კომპენსაციების გაცემას აწესრიგებდეს. 1997 წელს, მსხვერპლად აღიარების შესახებ კანონის მიღებისას, საქართველოს პარლამენტმა ამ საკითხზე მსჯელობა სამომავლოდ გადადო - თუმცა, ეს მსჯელობა დღემდე არ გამართულა.

2 თებერვლის გადაწყვეტილებაში ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო შენიშნავს, რომ მისთვის უცნობია მიზეზი, რატომ ვერ შეძლო საქართველომ 11 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში, რეპრესირებულებისთვის კომპენსაციის საკითხზე ეზრუნა. იმის გამო, რომ ძმები კილაძეების მდგომარეობაში საქართველოში კიდევ ათასობით ადამიანი იმყოფება, სტრასბურგის სასამართლო ქვეყანას ავალდებულებს, ეს საკანონმდებლო ხარვეზი რაც შეიძლება მალე შეავსოს.

ადამიანის უფლებათა მხარდაჭერის ევროპული ცენტრის დირექტორის, პროფესორ ფილიპ ლიჩის თქმით, სწორედ ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილების უმთავრესი ასპექტი:

„სასამართლოს თანახმად, საქმის განხილვისას ითქვა, რომ [საქართველოში] 600-დან 16 000-მდე პირია, რომელსაც, შესაძლოა, კომპენსაცია მიესადაგოს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ზუსტია ეს რიცხვები. სასამართლომ საქართველოს მთავრობის მისამართით კრიტიკაც გამოთქვა იმის გამო, რომ მან არ წარმოადგინა იმ ადამიანთა ზუსტი მონაცემები, რომლებსაც შეიძლება ეს კომპენსაცია შეეხოს“ - გვითხრა პროფესორმა ლიჩმა და იქვე დასძინა, რომ გადაწყვეტილების მთავარი მნიშვნელობა სხვა რამეშია: „სასამართლო პირდაპირ აცხადებს, რომ მთავრობამ [კომპენსაციის შესახებ] კანონი უნდა მიიღოს და ამისათვის შესაბამისი ბიუჯეტიც უნდა განსაზღვროს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს პირდაპირ ავალდებულებს ამას.“

შეასრულებს თუ არა საქართველო ამ ვალდებულებას? ამ შეკითხვით მივმართეთ იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიანს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების შესწავლის და მათი შესრულების თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებელი ძალიან მაღალია - და გამონაკლისი არც ეს გადაწყვეტილება იქნება. ბურჯალიანი იქვე დასძენს, რომ ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე ჯერ კიდევ სამი თვეა დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში - როცა, სხვათა შორის, საქართველოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც კი ეძლევა - ქართული მხარე ევროსასამართლოს სხვადასხვა უწყებასთან ამ ვალდებულების შესრულების ფორმაზე, ვადებსა და პირობებზე იმსჯელებს.

ზოგადად, 1990-იან წლებში გაფორმებული არაერთი შეთანხმების მიხედვით, საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთი მიიჩნევა. შესაბამისად, საბჭოთა რესპუბლიკებში - მათ შორის, საქართველოში - მიმდინარე რეპრესიებისთვის პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ, მასაც ეკისრება.

როცა ამის შესახებ თინა ბურჯალიანს ვკითხეთ, მან პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის გვითხრა, რომ მოპასუხე მხარეების გაფართოების საშუალება სარჩელის შემტანი მხარის პრეროგატივა იყო:

„მე თავს შევიკავებ ამ ფაქტის შეფასებისგანაც - რუსეთს უნდა დაკისრებოდა ეს თუ არა, იმიტომ, რომ სარჩელი შეტანილი იყო საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლო ვერაფრით ვერ გააფართოვებდა მოპასუხეთა წრეს, პროცედურულად ეს გამორიცხულია. ამაზე, ალბათ, უკეთესი იქნებოდა, იმ ადამიანებს ეფიქრათ - ადვოკატებს, - ვინც ეს განაცხადი შეიტანა. ანუ, ამ შემთხვევაში განმცხადებლის ადვოკატს, იმიტომ რომ სასამართლო აქ ვერაფერს შეცვლიდა: მოპასუხის წრეს ვერ გააფართოვებდა“ - ამბობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

თუმცა, სხვაგვარად ფიქრობს განმცხადებლის ერთ-ერთი ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ხიდაშელმა გვითხრა, 1997 წელს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ კანონის მიღებით საქართველომ თავად - და მართებულად - იტვირთა ეს პასუხისმგებლობა. ახლა კი სახელმწიფომ ეს პროცესი ბოლომდე უნდა მიიყვანოს და უნდა შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულება:

„საქართველოს სახელმწიფომ, როცა 1997 წელს ეს კანონი მიიღო, თავის თავზე აიღო ვალდებულება - არ უთქვამს, რომ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთის სახელმწიფოა, და მე პასუხისმგებლობას თავიდან ვიშორებო. მან აიღო ეს თავის თავზე და თქვა, რომ სოციალურ გარანტიებს სთავაზობდა რეპრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და, გარდა ამისა, ქონებრივი კომპენსაციითაც უზრუნველყოფდა“ - ამბობს თამარ ხიდაშელი და განაგრძობს: „არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო, ცხადია, იმყოფებოდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა ასევე საქართველოს ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან. გასაგებია, რომ დირექტივა მოსკოვიდან მოდიოდა - თუმცა, არა მგონია, რომ ყველა შემთხვევაში ასე ყოფილიყო.“

სტრასბურგში გამართულ პროცესს კლაუს და იური კილაძეები პირადად არ დასწრებიან. კლაუს კილაძის აზრით, პროცესზე მათმა გამარჯვებამ მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა; თუმცა, იქვე გულდაწყვეტით შენიშნავს, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებამ მეტისმეტად დაიგვიანა:

„რეპრესირებულები, ალბათ, არ არიან დარჩენილი, არიან მხოლოდ მათი შვილები. მათზე თუ გავრცელდება ეს შეღავათები, თორემ ვინც 1937-ში იყო რეპრესირებული, თითქმის აღარავინ დარჩა, თითზე ჩამოსათვლელებიღა არიანო“, გულისტკივილით აღნიშნავს კლაუს კილაძე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG