Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ლეხუკონაში სკოლა სატუსაღოდ შეიძლება გადაკეთდეს


ადმინისტრაციული საზღვარი
ადმინისტრაციული საზღვარი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების როტაცია წუხელ, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზეთის დევნილი მთავრობის ცნობით, სამხედრო და სამშენებლო ტექნიკა და ცოცხალი ძალა გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან წალენჯიხასთან მოსაზღვრე ოკუპირებულ ლეკუხონაში გადაადგილდებოდა. დევნილი მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თორნიკე კილანავას ვარაუდით, სამხედრო ძალის გადაადგილება და ოკუპირებულ ლეკუხონაში სამშენებლო მასალის შეტანა ადმინისტრაციული საზღვრის გამაგრებასა და სამხედრო ბანაკის მშენებლობას უკავშირდება. ”სამხედრო ტექნიკა, რომელიც ჭუბურხინჯიდან წამოვიდა, სოფელ ლეკუხონაში განლაგდა. უსაფრთხოების მიზნით მას ოთხი ჯავშანტრანსპორტიორი უძღვებოდა”, - ამბობს კილანავა.

ვიდრე რუსეთის საოკუპაციო ჯარები ოკუპირებულ ლეკუხონაში სამხედრო ქალაქის მშენებლობას დაიწყებდნენ, ამის შესახებ მათ ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში გააფრთხილეს და უთხრეს, რომ 2010 წლის გაზაფხულზე საყანე მიწების დამუშავება არ დაეწყოთ, რადგან, სწორედ ეს მიწები იქნებოდა გამოყენებული სამხედრო ბანაკის ასაშენებლად, - ამბობს თორნიკე კილანავა.

სოფელ ლეკუხონაში ამდროისთვის არსებული ვითარების გასარკვევად რადიო თავისუფლება ორ ადგილობრივ მცხოვრებს დაუკავშირდა. მამაკაცმა, რომელმაც ჩაწერაზე უარი თქვა, აგვიხსნა, რომ ე.წ. საზღვარზე რუსი სამხედროები იშვიათად თუ გამოჩნდებიან, თუმცა მათი იქ ყოფნისას გადაადგილება რისკთან არის დაკავშირებული. ”რუსები საზღვართან დგანან და სიტუაცია იგივეა, რაც აქამდე იყო. ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა”, - გვითხრა ქალბატონმა.

აფხაზეთის დევნილი მთავრობის კიდევ ერთი ინფორმაციით, სამხედრო ბანაკის ლეკუხონაში მშენებლობას, შესაძლოა, ქართული სკოლის გაუქმება მოჰყვეს, რადგან ბანაკი სასწავლო დაწესებულების სიახლოვეს შენდება. თორნიკე კილანავას ვარაუდით, ლეკუხონას სკოლა წინასწარი დაკავების იზოლატორად გადაკეთდება. სკოლის შენობის სატუსაღოდ შესაძლო გარდაქმნაზე კი რადიო თავისუფლება ჯერ კიდევ 2009 წლის ზაფხულში ადგილობრივებზე დაყრდნობით იტყობინებოდა. მაშინ რუსმა სამხედროებმა ამის შესახებ მასწავლებლები, მოსწავლეების მშობლები და სოფლის რწმუნებული სკოლაში საგანგებოდ გამართულ თათბირზე გააფრთხილეს.
XS
SM
MD
LG