Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე და მდივნის თანაშემწე თბილისში ოპოზიციის ლიდერებს შეხვდნენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჯეიმს სტაინბერგმა და მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა თბილისში ვიზიტისას პირველი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებთან ნინო ბურჯანაძესთან, გიორგი თარგამაძესთან, დავით გამყრელიძესა და ლევან გაჩეჩილაძესთან გამართეს. მათი განცხადებით, სტაინბერგსა და გორდონს საქართველოში დემოკრატიის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ადამიანის უფლებებისა და პოლიტპატიმრების მდგომარეობაზე, თავისუფალ არჩევნებსა და სასამართლოზე და ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებისა და უსაფრთხოების პრობლემებზე ესაუბრნენ. ”ჩვენ მივიღეთ სერიოზული დაპირება, რომ საქართველოსთან ურთიერთობისას პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პრიოროტეტი სწორედ დემოკრატიის განვითარება იქნება” - განაცხადა დავით გამყრელიძემ. ნინო ბურჯანაძის თქმით, ქართველი ხალხი ელოდება ხელისუფლებასთან კულუარული მუშაობის და ზეწოლის შედეგებს, რათა ადამიანებმა დემოკრატიული გარემო და ქვეყნის სტაბილურობის გაუმჯობესება რეალურად იგრძნონ. ამერიკელ დიპლომატებთან შეხვედრის მონაწილის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, მათ მიუთითეს, რომ ხშირი შეხვედრებისა და დიდი მეგობრობის მიუხედავად, ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მხრივ კონკრეტული შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. გიორგი თარგამაძის თქმით კი, იმ ფონზე, როდესაც აშშ გარკვეულ ხარჯებს თავად ქვეყნის შიგნით ამცირებს, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად დახმარების გაზრდას გეგმავს.
XS
SM
MD
LG