Accessibility links

logo-print
რამდენიმე დღის წინ პრაღას სტუმრობდა რელიგიათმცოდნე ვასილ კობახიძე - ყოფილი სასულიერო პირი, რომელსაც საქართველოში საპატრიარქოს ქმედებების მწვავე კრიტიკოსად იცნობენ. ვასილ კობახიძესთან ჩვენი საუბარი მისი ამჟამინდელი მოღვაწეობის შესახებ საუბრით დაიწყო.

ვასილ კობახიძე: უკვე სამი წელია, სასულიერი პირი აღარ გახლავართ. ახლა გახლავართ უბრალოდ ერის ადამიანი და მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, როგორც ერის კაცი. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ თუკი ადამიანი სასულიერო პირობას ტოვებს, ის ეკლესიიდანაც მიდის, მაგრამ ეს ასე არ არის უმრავლეს შემთხვევაში. თუმცა ასეთი შემთხვევებიც არის. ახლა მე ვმუშაობ, ასე თქვათ, თეორიული რელიგიათმცოდნეობის საკითხებზე, და გახლავართ რელიგიათმცოდნე.

რადიო თავისუფლება: ესე იგი, თქვენი ნებით დატოვეთ სასულიერო პირობა?

ვასილ კობახიძე: დიახ, სამი წლის წინ ჩავთვალე, რომ იმ მრავალწლიანი, საჯარო თუ ეკლესიის შიდა წიაღში გამოხატული პროტესტის შედეგად დარჩენილი მქონდა საბოლოო პროტესტის ფორმა და ეს გამოვიყენე - მივწერე კათოლიკოს-პატრიარქს ღია წერილი და დავტოვე სასულიერო პირობა. მიზეზები და პრობლემატიკა ჩამოყალიბებულია იმ ორ ღია წერილში, რომლებიც მივწერე 2006 წლის 26 დეკემბერს და 2007 წლის თებერვლის ბოლოს.

რადიო თავისუფლება: და მაინც, რომ დავაკონკრეტოთ - საუბარია ხოლმე ძალიან დიდ სპექტრზე საკითხების, რის გამოც თქვენ აკრიტიკებთ მართლმადიდებელ ეკლესიას. კიდევ ერთხელ რომ ჩამოვაყალიბოთ, რა არის ის თემები, რაზეც თქვენ ამახვილებთ ხოლმე ყურადღებას - რაც თქვენში პროტესტს იწვევს?

ვასილ კობახიძე: ჩვენ - მე და ჩემი მეგობრები - ასე ვთქვათ, ვაკრიტიკებთ არა მართლმადიდებელ ეკლესიას, არამედ საქართველოს საპატრიარქოს, როგორც მოცემული რელიგიური ორგანიზაციის, ქმედებას. ჩვენი პროტესტი ეხება პრობლემატიკის მთელ სპექტრს, დაწყებული თეოლოგიური საკითხებიდან, როლმებიც არც თუ ისე ბევრ ადამიანს აინტერესებს და ალბათ საზოგადოებისთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის...

ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ვაყენებთ საკითხს, რომ რწმენა ჩვენთან არის არა რწმენა, არამედ - იდეოლოგია, არის იდეოლოგიზირებული და ბუნებრივია, მას აქვს ტოტალიტარული ხასიათი, ტოტალიტარულად ზემოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე. ამ იდეოლოგიას შეიძლება ეწოდოს მართლმადიდებლური ეთნო-ნაციონალიზმი, რომელიც არის გაზიარებული - რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ეს აქ, ევროპაში - ვარდების რევოლუციით მოსული ხელისუფლების მიერ. და სწორედ მათი ასეთი, შეიძლება ითქვას, ცინიზმამდე მისული პრაგმატული დამოკიდებულება ასეთი საკითხების მიმართ ქმნის ამ კატასტროფულ მდგომარეობას.

რადიო თავისუფლება: რას გულისხმობთ, როდესაც ბრძანებთ, რომ ეს პრობლემები - თუკი ეს ასეა - ნეგატიურად აისახება მორწმუნეებზე და მათ ფსიქიკაზე?

ვასილ კობახიძე: მაგალითად, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეეხო იმ პერიოდში - და ეხება დღესაც - ჩვენი ეკლესიის "თეოლოგიური" დადგენილება უნათლავად გარდაცვლილი ჩვილი ბავშვების შესახებ.

რადიო თავისუფლება: შევახსენოთ მსმენელს, რაში იყო საქმე, თუ შეიძლება.

ვასილ კობახიძე:
2000 წლის 14 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო დადგენილება - რაც არის დოგმატური ჭეშმარიტება ქართველი მორწმუნეებისთვის - რომ მოუნათლავად გარდაცვლილი ჩვილები, დედის მუცელში ან დაბადების შემდეგ, ვისი მონათვლაც ვერ მოასწრეს და ისე გარდაიცვალნენ, მიდიან პირდაპირ ჯოჯოხეთში, სატანასთან. მაშინ მე მღვდელი ვიყავი და როდესაც ახალგაზრდა ქალბატონებს, ვისაც შეემთხვათ ასეთი უბედურება, ვეუბნებოდი, რომ ეს არ შეიძლება, რომ ეს არ არის ქრისტიანული, ისინი მპასუხობდნენ, ჩვენ გვჯერა სინოდის დადგენილებისო. და მართლაც, საეკლესიო სამართლის მიხედვით, საქართველოს ეკლესიის ყოველი წევრი ვალდებულია გაიზიაროს ეს ზემოთაღნიშნული, ჩემი აზრით, ბოდვითი დადგენილება, როგორც სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება.

რადიო თავისუფლება: სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს რა პოზიცია აქვთ უნათლავი ჩვილების საკითხთან მიმართებით? სხვაგან სადმე არსებობს მსგავსი დადგენილება?

ვასილ კობახიძე:
არა, რა თქმა უნდა. ასეთი დადგენილება მხოლოდ საქართველოს ეკლესიამ მიიღო. ჩვენი მდგომარეობა ძალიან მძიმეა თეოლოგიური თვალსაზრისით. შემდეგ ჩვენ ამას გამოვეხმაურეთ, დავწერეთ სტატიები - მაგრამ, ბუნებრივია, არანაირი შედეგი არ იყო. ეს მხოლოდ ერთი მარცვალია - ამ ვიწრო ფორმატში შეუძლებელია ყველაფრის ჩამოთვლა. აქ არის, ასე ვთქვათ, საკრალური თემების და საკრალური ნივთების გამოყენებით პოლიტიკური პრორუსული იდეოლოგიის გატარება, ეს ხდება თითქმის ყოველდღე. მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში საეკლესიო ელჩებიც კი გაცვალეს. გარდა ამისა, მენტალიტეტი მთლიანად ფეოდალურია - პატრიარქი და მისი ვიწრო წრე ეკლესიას აღმოსავლელი მონარქების მსგავსად მართავენ. სამღვდელოება, მრევლი არაფრის საქმის კურსში არ არის, ხანდახან პოსტ ფაქტუმ თუ გაიგებენ რამეს. ეს ეხება, მაგალითად, ამავე საეკლესიო ელჩების გაცვლა-გამოცვლას. ასევე უკვე ცნობილი ამბავია: ერთ-ერთმა უმაღლესმა პირმა თავისი ნებართვით, ეკლესიურად - ლოცვა-კურთხევით, გამოცემულ ჟურნალში როგორ დაბეჭდა, რომ აგვისტოს ომის დროს ნასროლი ბომბები ღმერთის მიერ არის ნაკურთხი და რუსული ბლოკ-პოსტები არის ზეციდან გარდამოსული მარწუხები, რათა დააბრკოლოს საქართველოს ინტეგრაცია ევროსტრუქტურებში.

რადიო თავისუფლება: რამდენად ტიპურია ასეთი ტექსტები? რამდენად სწორია ამის განზოგადება და მთლიანად ეკლესიაზე ლაპარაკი?

ვასილ კობახიძე: ჩვენ უბრალოდ ახლა საშუალება არ გვაქვს - მე მაზოხისტი ვარ, და ზეპირად შემიძლია ციტირება საათნახევრის განმავლობაში სხვადასხვა ოფიციალური საეკლესიო ჟურნალებიდან.

რადიო თავისუფლება: საგარეო ორიენტაციის საკითხს რომ დავუბრუნდეთ - მსმენელს მინდა შევახსენო მოკლე ისტორია - 1997 წელს ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ დატოვა ეკლესიათა მსოფლიო საბჭო - მაშინ, როდესაც 1980-იან წლებში პატრიარქი ილია მეორე ამ ორგანიზაციის თანათავმჯდომარე იყო. იქნებ მოკლედ გავიხსენოთ ეს როგორ მოხდა.

ვასილ კობახიძე: 1997 წელს პოლიტიკურად დატოვა თუ არ დატოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. რადგან როდესაც შევიდა საქართველოს ეკლესია ეკლესიათა მსოფლიო საბჭოში - რომელიც შეიძლება გაეროს ქრისტიანულ ეკვივალენტად ჩაითვალოს - მაშინაც იქ საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა და ამიტომაც შეიყვანეს.

რადიო თავისუფლება: „კაგებეს“ თემას ჩვენ კიდევ შევეხებით - მაგრამ ახლა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლაზე ვისაუბროთ.

ვასილ კობახიძე: დიახ, 1997 წელს ჩვენი ეკლესია ოფიციალურად გამოვიდა არა მარტო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, არამედ ევროსაბჭოს ქრისტიანული ეკვივალენტიდანაც, რომელსაც ევროპის ეკლესიათა კონფერენცია ეწოდება - ევროპის მასშტაბით უმსხვილესი ქრისტიანული საერთაშორისო ორგანიზაცია.

რადიო თავისუფლება: რუსეთის ეკლესია რჩება ამ ორგანიზაციებში?

ვასილ კობახიძე: რა თქმა უნდა. ერთი წლის შემდეგ, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ჩვენს გარდა კიდევ ერთი, ბულგარეთის ეკლესიაც გამოვიდა, თუმცა ახლა უკვე ბრუნდება უკან და ამისათვის დაწყებული აქვს ოფიციალური პროცესი. მე ვთქვი, რომ პოლიტიკურად ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა - თუმცა მნიშვნელობა აქვს საკუთრივ საქართველოს ეკლესიის წევრების, მღვდელმთავრების დამოკიდებულებას. საქართველოს ეკლესიას შეეძლო, რომ როგორც სამშობლოს, ასევე ეკლესიის საკეთილდღეოდ გამოეყენებინა ეს უდიდესი ტრიბუნა და მთლიანად ინტეგრირებულიყო მსოფლიო და ევროპულ ქრისტიანულ ოჯახში. ამის მაგივრად ის გამოვიდა და ამ გამოსვლამ იმოქმედა ყოველი ქრისტიანის ფსიქიკაზე. უფრო გამძაფრდა ფანატიკური განწყობა - ითქვა, რომ რადგან ჩვენ იქიდან გამოვედით, ესე იგი რა საშინელები არიან ეს არამართლმადიდებელი ქრისტიანები. ასევე დაიწყო მოთხოვნები, რომ გავწყვიტოთ ევქარისტიული - ამ შემთხვევაში, ლოცვით-ზიარებითი კავშირი - სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან. აქედან, ბუნებრივია, დაიწყო იზოლაციონისტური და აპოკალიპტური [განწყობები] - რომ მოვა მეორედ მოსვლა, ანტიქრისტე ყველას დაიპყრობს, ანტიქრისტეა ევროპა. რასაც ახლა ვიტყვი, თეოლოგიური ტერმინია - ქართულად არის "შემაკავებელი." ერთადერთი შემაკავებელი იყო ბიზანტიის მართლმადიდებელი იმპერატორი, შემდეგ რუსეთის მართლმადიდებელი იპერატორი და ახლა არის, კრებითად, რუსეთი - წმინდა რუსეთი, "Святая Русь".

რადიო თავისუფლება: ეს სად წერია?

ვასილ კობახიძე: ეს არის ოფიციალური სწავლება. წერია ყველგან. 60-მდე დასახელების მარტო საეკლესიო ჟურნალი და გაზეთი გამოდის. ამის შესახებ მე სტატიაც დავწერე.

რადიო თავისუფლება: კონკრეტულად რუსეთია მიჩნეული "შემაკავებლად" თუ ზოგადად მართლმადიდებელი სამყარო?

ვასილ კობახიძე: არა, სწორედ რუსეთი.

რადიო თავისუფლება: დავუბრუნდეთ საბჭოთა წარსულის და "კაგებეს" თემას. თქვენი მონაწილეობით ერთ-ერთი ბოლო რეზონანსული აქცია შეკითხვების აქცია იყო - როცა თქვენ და საზოგადოების ერთმა ჯგუფმა როგორც ხელისუფლებას, ისე საპატრიარქოს მიმართეთ შეკითხვების ჩამონათვალით. ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც როგორც პირადად ილია მეორეს, ისე ზოგადად ეკლესიას დაუსვით, ეხებოდა საბჭოთა წარსულს და "კაგებესთან" ურთიერთობას. მე გავეცანი ზოგიერთი კრიტიკოსის შეხედულებას - ისინი წერდნენ, რომ ასეთი ფორმით ამ აქციას აზრი ნაკლებად ჰქონდა. ითქვა ისიც, რომ საბჭოთა წარსულში ძალიან ბევრს - განსაკუთრებით საზოგადოებრივ ასპარეზზე აქტიურ ფიგურებს - უხდებოდა ამა თუ იმ ფორმით ურთიერთობა სპეცსამსახურებთან. პრობლემა სწორედ იმაშია, თუ რა ფორმით და როგორი ხარისხით იყო ეს შეხება და თანამშრომლობა. ბევრი მიიჩნევს, რომ სხვანაირად ეკლესია ვერ გადარჩებოდა. რას იტყოდით ამ კრიტიკაზე და რას ელოდით, როგორ უნდა ეპასუხა თქვენი შეკითხვებისთვის პატრიაქს ან საპატრიარქოს?

ვასილ კობახიძე: ჩვენი ამოცანა ამ შეკითხვების დასმისას იყო უპირველეს ყოვლისა საჯარო სივრცეში გარღვევის მოხდენა - ამ თემებისთვის გარკვეული ტაბუს ახსნა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კატასტროფული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი არის სწორედ საჯარო დისკუსიების, დებატების დაწყება ნებისმიერ თემაზე. ნორმალურ საზოგადოებაში არ უნდა იყოს არანაირი ტაბუირებული თემა და როგორც ე.წ. კონკორდატში წერია, "ხელშეუვალი" ადამიანი. ამასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პოლიტიკური ცხოვრება უფრო სხვა რამეა - საუბარი არ არის უფრო "ჭუჭყიან" ან "სუფთა" საქმეზე, უბრალოდ განსხვავებული სფეროა, სადაც შესაძლებელია დიპლომატია, კომპრომისი და ასე შემდეგ. რელიგიური ცხოვრება კი ასეთი არ არის. ამდენად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეკლესიის გადარჩენის გამო „კაგებესთან“ თანამშრომლობა დიამეტრალურად საწინააღმდეგო შედეგის მომტანია. ჩვენ გამოვაქვეყნეთ „კაგებეს“ ყოფილი ოფიცრის, სოკოლოვის მოგონებები. ერთი თავი ეხება იმას, რომ იგი იყო მოსკოვის სასულიერო აკადემიის ზედამხედველი „კაგებეს“ მხრიდან იმ დროს, როდესაც იქ სწავლობდა კათოლიკოს-პატრიარქი. იქ სიკვდილით და დახვრეტით სტუდენტებს არავინ ემუქრებოდა. ის წერს, რომ თანამშრომლობდა ყველა - თანამშრომლობდა იმიტომ, რომ სხვანაირად კარიერას ვერ გაიკეთებდნენ ეკლესიაში.

რადიო თავისუფლება: საუბრის ბოლოსკენ მინდა გკითხოთ მოქმედების სტილზე ან ფორმაზე, რომელსაც თქვენ ირჩევთ. გარკვეული რადიკალიზაცია და უკომპრომისო კრიტიკა ხომ არ იწვევს ერთგვარ უკურეაქციას და საბოლოო ანგარიშით რეფორმატორული იდეების ან სეკულარული პრინციპების დისკრედიტაციას? ჩვენს საზოგადოებაში, სადაც ეკლესია, როგორც ინსტიტუტი, ძალიან დიდი გავლენით სარგებლობს, რადიკალური ფორმის გამო საზოგადოება ამ კრიტიკას ავტომატურად ხომ არ ისხლეტს?

ვასილ კობახიძე: ეს საინტერესო შეკითხვაა. ამის შესახებ მრავალ ადამიანთან მაქვს ხოლმე საუბარი. მოკლედ რომ ვთქვათ, გამომდინარე საქართველოს სპეციფიკიდან - რომ ეს არის პოსტ-საბჭოთა და აღმოსავლური ქვეყანა - ჩემი აზრით, ჭიანჭველების მაგალითით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ახალგაზრდობაში ბიოლოგიის ერთ წიგნში წავიკითხე - როდესაც ჭიანჭველების ჯგუფი მიგრაციას ახდენს, ერთი ბუდიდან მეორეში გადადის, გზაზე თუ პატარა წყალი შეხვდათ, როგორც დაბრკოლება, ჭიანჭველების პირველი რიგები შედიან, თავს იხრჩობენ და ამ წყალს თავიანთი გვამებით აავსებენ, რათა უკანა რიგებმა გადაიარონ. ამდენად, აქ ეს ასპექტიც არის - ჩვენი ამოცანაა გარღვევა მოხდეს და საზოგადოებამ დაიწყოს საუბარი. პოსტ-საბჭოთა მდგომარეობიდან გამომდინარე - და ასევე, არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი ორიენტალურობა, აღმოსავლურობა - ზომიერი საუბარი ჩვენს საზოგადოებას მართლაც დააძინებს, ამას ის აისხლეტს. მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთი ადამიანი უნდა გამოექანოს და დაეჯახოს შუბლით, როგორც ამას საბჭოთა კავშირში დისიდენტები აკეთებდნენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG