Accessibility links

logo-print

მიუნხენის კონფერენციაზე გრიგოლ ვაშაძის მწვავე კრიტიკას სერგეი ლავროვმა დუმილი შეაგება


გერმანიის ქალაქ მიუნხენში გრძელდება უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია. მასზე საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. კონფერენციაში მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და "ალიანსის საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია. გთავაზობთ ჩვენი სპეციალური კორესპონდენტის, ბრაიან უიტმორის რეპორტაჟს.

საუბარს დავიწყებ იმით, თუ რას ვერ შევხვდებით წლევანდელ კონფერენციაზე მიუნხენში. აქ არ გაკეთებულა ისეთი მნიშვნელოვანი განცხადებები, როგორც წინა წლებში; ჯო ბაიდენს რუსეთთან "გადატვირთვის" პოლიტიკა არ გამოუცხადებია - არც ვლადიმირ პუტინი გამოსულა აგრესიული და მუქარის შემცველი სიტყვით შეერთებულ შტატებთან და დასავლეთთან კონფლიქტის შესახებ. შეერთებული შტატების დელეგაციის ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენელი ჯიმ ჯონსია, პრეზიდენტ ობამას მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. რუსეთის დელეგაციას კი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს. ამდენად, რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება არ გაკეთებულა.

თუმცა რამდენიმე საყურადღებო რამ მოხდა. ეს კონფერენცია, დიდწილად, ჩინეთის მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად გახდომის პლატფორმას წარმოადგენს. პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ცზიეჩი ძალიან ეფექტური სიტყვით გამოვიდა და შეეცადა ჩინეთი დაეცვა იმ კრიტიკისგან, რომელიც მისი მისამართით ისმის ხოლმე რამდენიმე თვალსაზრისით - იქნება ეს ადამიანის უფლებები, ცენზურა, ვალუტით მანიპულაცია, თუ გლობალური დათბობის საკითხებში არასაკმარისი თანამშრობლობა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო გუშინ გვიან საღამოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოტაკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქმის მიღწეულია შეთანხმება ირანის მიერ გამდიდრებული ურანის საწვავში გაცვლის თაობაზე. ამ განცხადებას როგორც ევროპელები, ისე ამერიკელები საკმაოდ სკეპტიკურად შეხვდნენ.

საქართველოს რაც შეეხება - პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კონფერენციაში არ მონაწილეობს. აქ იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. შაბათს დილით საკმაოდ საინტერესო სიტუაცია შეიქმნა - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გამოსვლა ჰქონდა და მან ბევრი ილაპარაკა საქართველოს ე.წ. აგრესიის შესახებ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ. გთავაზობთ ციტატას მისი განცხადებიდან:

„როცა გვეუბნებიან, რომ ნატოს გაფართოება ჩვენს უსაფრთხოებას გაზრდის - ღრმა პატივისცემით უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ არ გვესმის, ეს როგორ მოხდება. როგორ გაზრდის ჩვენს უსაფრთხოებას რუმინეთსა და ბულგარეთში სამხედრო ბაზების არსებობა? ან ნატოს ყოფნა შავ ზღვაზე? როგორ გაზარდა ჩვენი უსაფრთხოება საქართველომ - რომელმაც ბუქარესტის სამიტზე შეიტყო, რომ საქართველოს ნატოში მიიღებენ - რამდენიმე თვეში კი პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო პირებსა და რუს მშვიდობის დამცველებზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა.“

ბატონი ვაშაძე აუდიტორიაში იჯდა და ლავროვის გამოსვლის შემდეგ ის შეკითხვის ფორმით ძალიან მწვავე განცხადებით გამოვიდა - ძალიან გააკრიტიკა რუსეთი, ილაპარაკა რუსეთის მხრიდან მისი მეზობლების და საქართველოს მიმართ აგრესიული ქმედებების ისტორიაზე. სხვებთან ერთად მეც ველოდი, რომ ბატონი ლავროვი ამ კრიტიკას ასეთივე მწვავე განცხადებით უპასუხებდა. თუმცა ლავროვს არ გაუკეთებია საპასუხო განცხადება, არავინ იცის რატომ.

რაც შეეხება გაეროში ყოფილ ელჩს და ახლა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ალასანიას - ხუთშაბათს საღამოს მას გამოსვლა ჰქონდა ახალგაზრდა ევროპელი ლიდერების წინაშე. ახლა ის შეხვედრებს მართავს ამერიკელ და სხვა ოფიციალურ პირებთან. აქ იმყოფება აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე. თუმცა უნდა ითქვას, რომ საქართველოსთან მიმართებით აქ ახალი და მნიშვნელოვანი არაფერი თქმულა.

აქ იმყოფება აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევიც. პარასკევს ის სიტყვით გამოვიდა და ძირითადად ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე ისაუბრა - ნაბუკოსა და მილსადენების სხვა პროექტებზე.
XS
SM
MD
LG