Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხედრო ბაზა აფხაზეთში რეალურად ცვლის ძალთა თანაფარდობას რეგიონში


სერგეი ბაღაფში და დმიტრი მედვედევი

სერგეი ბაღაფში და დმიტრი მედვედევი

რუსეთმა და თვითაღიარებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში რუსული სამხედრო ბაზის 49 წლის ვადით განთავსებას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების პასუხად საქართველოში განაცხადეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით მიღებული დოკუმენტი და მოსკოვის მორიგი კლოუნადა. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ საქმე სერიოზულადაა და რუსეთი სამხედრო პლაცდარმს ქმნის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.

რუსეთის ფედერაციასა და თვითაღიარებულ აფხაზეთს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ მოაწერეს. შეთანხმება დაიდო 49 წლით და, როგორც დოკუმენტშია, მისი მოქმედება შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს. რუსეთის ძირითადი სამხედრო ბაზა და შტაბი განლაგდება გუდაუთაში, ყოფილი საბჭოთა არმიის საპარაშუტო-სადესანტო პოლკის ტერიტორიაზე. დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ შეთანხმება რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება:

„ეს დოკუმენტი სავსებით შეესაბამება აფხაზეთთან თანამშრომლობის განვითარების თაობაზე ჩვენს წარმოდგენას, შეესაბამება ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს და, რაც მთავარია, ეს შეთანხმება საფუძველს ქმნის აფხაზეთის მშვიდობიანი განვითარებისათვის, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში.“

კრემლში მედვედევის გვერდით იდგა თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, რომელმაც თავისი მადლიერება ასეთი სიტყვებით გამოხატა:

„მსურს აფხაზეთის ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა. გითხრათ მადლობა იმისათვის, რომ ვართ აქ, რუსეთის გულში, კრემლში, ვიმყოფებით მეგობრების გვერდით, როგორც აღიარებული ქვეყანა. ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც მშვენივრად გვესმის, რა ხდება.“

რუსეთის სამხედრო ბაზა გუდაუთაში
ხდება ის, რომ თვითგამოცხადებულმა აფხაზეთმა 49 წლის ვადით დაუკანონა სამხედრო ბაზის არსებობა რუსეთს, რომელსაც, ოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთში, კერძოდ, გუდაუთაში 1700 ჯარისკაცი ჰყავს. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთი სამხედრო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, რუსული ქვედანაყოფის რაოდენობა 3000 ჯარისკაცამდე გაიზრდება. სხვათა შორის, ანალოგიურ შეთანხმებას რუსეთმა სექტემბერში ხელი მოაწერა თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთთანაც. ამიტომ სამხედრო ბაზის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმება მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოში, სადაც ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერას საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა უწოდეს. აი, რა განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა:
„ეს არის პირდაპირი დარღვევა ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიერ იქნა შემუშავებული და რომელსაც ხელი რუსეთის პრეზიდენტმა მოაწერა. ეს არის მცდელობა რამენაირად შეინარჩუნოს საოკუპაციო ჯარები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ნების საწინააღმდეგოდ.“
მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას „კლოუნადა“ უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთს მოუწევს პასუხი აგოს მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო:

„ზუსტად ისევე, როგორც რუსეთს უწევს დღეს პასუხის გაცემა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტზე; ზუსტად ისე, როგორც რუსეთს უწევს დღეს პასუხის გაცემა კატინში პოლონელი ოფიცრების დახვრეტაზე, - ზუსტად ასევე მოუწევს რუსეთს პასუხის გაცემა იმ დანაშაულობებზე, რაც ჩადენილია საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე.“

ჯერ კიდევ სექტემბერში, როდესაც რუსეთმა თვითაღიარებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო ბაზის განლაგების შესახებ პირველი გადაწყვეტილება მიიღო, ევროკავშირის ქვეყნებმა და ეუთომ მოუწოდეს რუსეთს არ გადაედგა ეს ნაბიჯი, რაც შეუსაბამობაშია ეუთოს სტამბულის სამიტის 1999 წლის გადაწყვეტილებებთან. 11 წლის წინანდელი ხელშეკრულებით, რუსეთმა დახურა ზემოხსენებული სამხედრო ბაზა გუდაუთაში, შემდეგ ვაზიანში, თბილისში და სულ ბოლოს, 2007 წელს, საქართველოდან გაიყვანა ბათუმისა და ახალქალაქის სამხედრო ნაწილებიც. ცხინვალსა და სოხუმთან ხელმოწერილი შეთანხმებით კი, მოსკოვი, სერიოზულად ცვლის ძალთა თანაფარდობას სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში, ამბობს ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი:

„თვით ნატო, რომელიც აღმოსავლეთით ფართოვდებოდა... მისი პოზიციები ამ მიმართულებით საკმაოდ შესუსტდება, რადგან აფხაზეთში ამ სამხედრო ბაზის დამკვიდრების შემდეგ რუსეთი უკეთესად გააკონტროლებს შავი ზღვის აკვატორიას არა მხოლოდ ნოვოროსიისკიდან, არამედ ოჩამჩირიდან და სოხუმიდანაც. გარდა ამისა, გუდაუთის ბომბორის აეროდრომზე რუსეთი შეძლებს მიიღოს შორეული მოქმედების საბრძოლო თვითმფრინავები, ხოლო მოდერნიზების შემდეგ - სტრატეგიული ბომბდამშენებიც კი.“

თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ხელმოწერილი შეთანხმებებით, როგორც რუსული მედია წერს, კრემლს საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე ეყოლება დაახლოებით 5000 ჯარისკაცი, რამდენიმე ათეული მძიმე ტექნიკა, საარტილერიო და საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ავიაცია და შავი ზღვის დამხმარე ფლოტი ოჩამჩირეში. სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ ტერიტორიაზე მოსკოვი, გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 17 მილიარდი რუბლის დახარჯვას აპირებს.
XS
SM
MD
LG