Accessibility links

logo-print

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი შესწორებულია


საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის პროცედურით დასრულდა მსჯელობა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის ცვლილებებისა და დამატებების ” კანონპროექტზე, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიქმნა. კანონის ცვლილება რამდენიმე ძირითად საკითხს ეხება, მათ შორის - ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებას, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, ეკონომიკურ საქმიანობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებას და სხვ.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, ძირითადად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს აწესებს. კანონის შესწორებების მიხედვით კი, კიდევ უფრო მეტად კონკრეტდება ამ შეზღუდვების მექანიზმები. მაგალითად, თუ, კანონის ძველი რედაქციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა აფხაზეთში ზუგდიდიდან, ცხინვალის რეგიონში კი გორიდან იყო ნებადართული, შესწორებებით განისაზღვრა, რომ ზემოაღნიშნული აკრძალვა და შესაბამისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გავრცელდება საქართველოში გადმოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თავშესაფარს სთხოვს ხელისუფლებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა არ გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც ჰუმანიტარულ საქმიანობას ეწევიან და მოსახლეობას საკვებით, მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით ამარაგებენ.

“შემოტანილია გადაუდებელი აუცილებლობის ცნება და გამონაკლისია დაწესებული, თუკი ადგილი ექნება გადაუდებელ აუცილებლობას, რომელიც საჭიროებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უმოკლეს ვადებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას. ამ შემთხვევაში ის პროცედურა, რომელიც გაწერილია კანონმდებლობით და ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის წინასწარ თანხმობას, არის სახეშეცვლილი. მხოლოდ ამ ჰუმანიტარული დახმარების შემდგომ მოხდება საქართველოს მთავრობისთვის ინფორმაციის მიწოდება ამ ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელების თაობაზე.”

სეპარატისტული რეგიონების იზოლირება ვერ დაეხმარება კონფლიქტის მოგვარებას - დაახლოებით ასე შეიძლება გადმოიცეს ის სულისკვეთება, რომელსაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ითვალისწინებდნენ. ამ რეკომენდაციების საფუძველზე შექმნილი ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის” შესწორებების ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი, ამბობს, რომ რეკომენდაციები შინაარსობრივი კუთხით მთლიანად გათვალისწინებულია, რაც ასევე მთლიანად არ ვრცელდება ტექნიკურ მხარეზე. კანონის ცვლილებების თანახმად, განივრცო და დაიხვეწა, რა იგულისხმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებაში და როგორ უნდა მოხდეს ამავე ტერიტორიებზე საკუთრების უფლების რეგულაცია. კანონის ცვლილებების თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედებს საკუთრების უფლების გადაცემის იგივე სამართლებრივი რეჟიმი, რაც დანარჩენ საქართველოში. რაც შეეხება კანონის შესწორების პროცესში რეკომენდაციების გათვალისწინების საკითხს, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიაჩნდათ და რომელიც შესწორებების პროექტში არ შევიდა, არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები იმ მოქალაქეების უფლებები, რომელთაც რუსეთის პასპორტები აქვთ.

”ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობიდან იმათ, ვისაც მიღებული აქვს რუსეთის პასპორტი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ეს არის ავტომატური საფუძველი მოქალაქეობის დაკარგვის. ეს ნიშნავს, რომ თუკი ისინი დატოვებენ საქართველოს ტერიტორიას, მაგალითად, გადავლენ რუსეთში ან გადავლენ სადმე სხვა ტერიტორიაზე და შემდეგ ისევ დაბრუნდებიან საკუთარ სახლებში, ისინი საქართველოსთვის აღიქმებიან როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები.”

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ კანონი ამ თვალსაზრისით ხელს ვერ უწყობს რიგითი ადამიანების დაახლოებისა და ურთიერთობების რეინტეგრაციის პროცესს, რაც, თავის მხრივ, მისი შეფასებით, ერთ-ერთი სუსტი მხარეა ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონისა”.
XS
SM
MD
LG