Accessibility links

მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ რამდენიმე საინტერესო სტატია გამოქვეყნდა.
1 მარტს ჟურნალმა „ფორინ პოლისიმ“ გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილთან. ინტერვიუ რამდენიმე საკითხს ეხება - მათ შორის, რუსეთის აგრესიას, საფრანგეთისა და რუსეთის ბოლოდროინდელ დაახლოებას და საქართველოს როლს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიაში.

„[რუსეთს] მხოლოდ აფხაზეთიდან რამდენიმე კილომეტრის გამოვლა დასჭირდება იმისათვის, რომ საკომუნიკაციო ხაზები გადაჭრას, სამხრეთ ოსეთი კი დედაქალაქიდან მხოლოდ 40 მილის მოშორებით მდებარეობს. ამდენად, მათი ჯარის ყოფნა არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით წარმოადგენს პრობლემას, არამედ უსაფრთხოების თვალსაზრისითაც დიდი საფრთხეა“, - ამბობს ეკა ტყეშელაშვილი და დასძენს: „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოში შემოჭრისას რუსეთის მიზანს არ წარმოადგენდა ოკუპაციის გზით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსირება. მათ ბევრად ფართო მიზნები ამოძრავებდათ, რომლებიც საქართველოს ფარგლებსაც სცილდება. და ეს მიზნები ჯერჯერობით მიღწეული არ არის.“

რამდენიმე გამოცემა - მაგალითად, თურქეთში გამომავალი „ჰურიეთი“ და ბრიტანეთის „დეილი ტელეგრაფი“ გამოეხმაურა ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 1 მარტის ნომერში გამოქვეყნდა რეპორტაჟი საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრის მოშორებით, ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე სოფელ ჩმიდან. „როცა საქართველო და რუსეთი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ, ჩმი დიდ ხეირს ნახულობდა სამანქანო მოძრაობისგან“, - წერს ჟურნალისტი და დასძენს: „მაგრამ როცა ეს ორი ქვეყანა ერთმანეთის მტერი გახდა, გზა დაიკეტა და ჩმიში შიმშილი დაიწყო.“ ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამჟამინდელ ვითარებაში გზის გახსნა ჩმის და სხვა ადგილობრივ სოფლებს ბევრს არაფერს არგებს - საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს ახლა ერთმანეთის ქვეყნებში ჩასასვლელად ვიზები ესაჭიროებათ და, შესაბამისად, ამ გზით ადვილად ვეღარ ისარგებლებენო, - ვკითხულობთ სტატიაში, რომელიც „ნიუ-იორკ ტაიმსში“ 1 მარტს გამოქვეყნდა.

4 მარტს გავლენიანმა გამოცემა ”სტრატფორ კომენტარიმ” გამოაქვეყნა პუბლიკაცია საქართველოს ახალი სამხედრო სტრატეგიის შესახებ. „საქართველოს მთავრობა ქვეყნის სამხედრო სფეროს საფუძვლიანი გადახედვის პროცესშია და ითვალისწინებს იმ გამოცდილებას და ვითარებას, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა მოიტანა. საქართველო კონცენტრაციას მოახდენს საკუთარი სამხედრო ძალის გაუმჯობესებაზე და, ამავე დროს, ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებას ეცდება“, - ვკითხულობთ სტატიაში, სადაც ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო სფეროს გადახედვის პროცესი ახლა მიმდინარეობს, მაგრამ ქართულმა მხარემ უკვე გამოკვეთა თავისი მთავარი პრიორიტეტები. ესენია ტერიტორიების დამოუკიდებლად დაცვის შესაძლებლობა და ნატოსთან დაახლოების გზით პოლიტიკური თავდაცვის უზრუნველყოფა. თავდაცვის უნარის გასაზრდელად საქართველოს შეიარაღების გაუმჯობესება ესაჭიროება - ამისათვის კი ის იარაღის ახალ მიმწოდებლებს ეძებს, ვინაიდან რუსეთის ზეწოლის გამო სამი მთავარი მიმწოდებელი - ყაზახეთი, უკრაინა და ისრაელი - საქართველოსთან თავდაცვით კავშირს წყვეტენო, ვკითხულობთ გამოცემაში. „სტრატფორ კომენტარის“ თანახმად, ასეთი ახალი მიმწოდებელი შესაძლოა შეერთებული შტატები აღმოჩნდეს, რომელსაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ნათქვამი აქვს, რომ თბილისს ემბარგოს არ დაუწესებს. მაგრამ თბილისმა არ იცის, რაოდენ ფართომასშტაბიანი იქნება მისი ეს დახმარებაო, - ნათქვამია სტატიაში. იქვე აღნიშნულია, რომ საქართველო დახმარებისთვის ნატოს სხვა წევრებსაც მიმართავს, მაგალითად, პოლონეთს. თუმცა ალიანსის მძიმეწონიან წევრებს - გერმანიასა და თურქეთს - ის არ ენდობა, რადგან მათ მოსკოვთან მეტისმეტად დაახლოებულად მიიჩნევსო. „ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა საქართველო მოიპოვოს ის, რაც ესაჭიროება, თუმცა ამისათვის ყველაფერს გააკეთებს. აღზევებული და აგრესიული რუსეთის პირისპირ მყოფი ქართველებისთვის ეს გადარჩენის გზას წარმოადგენსო“, - ვკითხულობთ ”სტრატფორ კომენტარის” 4 მარტის ნომერში.
XS
SM
MD
LG