Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხვმა ნალექმა დასავლეთი საქართველო დააზარალა


დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმა შეწყვეტილია. გუშინ კი უხვმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რაიონი დააზარალა.

ცაგერის რაიონში სამი დღეა გადაუღებლად წვიმს, რამაც მდინარეების ადიდება და მეწყერი გამოიწვია. დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ ლაჯანაში ადიდებულმა მდინარე ლაჯანურმა 14 საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორა.

ცაგერის რაიონის სოფელ ორბელიდან კი მეწყერსაშიში ზონიდან ხუთი ოჯახის გასახლება იგეგმება, რადგან მეწყერის შედეგად ჩაწყვეტილია ალპანა-ცაგერის გზის მონაკვეთი და ეს ოჯახები მეწყერსაშიშ ზონაში იმყოფებიან.

სტიქია ხონის რაიონშიც მძვინვარებს. მდინარე ცხენისწყალმა სოფელ ლეხაინდრაოს დამაკავშირებელ ხიდთან 60 მეტრი გზა წაიღო. მდინარემ, დატბორა წყალსაცავი, საიდანაც ხონის რაიონის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება.

სანაპირო ზოლში, კოლხეთის დაბლობზე და ზემო იმერეთში საღამოს და მთელი ღამის განმავლობაში ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ძლიერ ქარს პროგნოზირებენ ფოთში, ქუთაისში, სამეგრელოს რეგიონში.

სინოპტიკოსთა ცნობით, არამდგრადი ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 17 მარტამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG