Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 16 მარტი 2010


”იმედის” 13 მარტის ტელეეთერით გასული სიუჟეტი და მისი შემდგომი ისტორიები დღევანდელ პრესაში განხილვის მთავარ საგნად რჩება: ”სკანდალური ”ქრონიკის” სკანდალური გაგრძელების დეტალები”, ”ამოკრეფილი” არველაძე”, ”ვინ და რატომ თხრის თავის დასაკლავ დანას?!”, ”პრეზიდენტი იმიტირებული ომიდანაც გაიქცა”, ”ფაბრიკაცია თუ რეალობა?”, ”ხელისუფლება პანიკაში ბურჯანაძემ ჩააგდო” - ასეთია დღევანდელი პუბლიკაციების სათაურები.
”24 საათი”, სხვა არაერთი გაზეთის მსგავსად, მკითხველს 15 მარტს გავრცელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ნაწყვეტებს ტექსტის სახით სთავაზობს მკითხველს. სტატიაში წაიკითხავთ კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომის შედეგზეც: ”კომისია ”იმედისთვის” ისეთი ღონისძიების გატარების დაკისრებით შემოიფარგლა, რასაც ტელეკომპანია ”მოდელირებული ქრონიკის” ეთერში გასვლის დღიდან თვითონაც აკეთებს. კომისიის გადაწყვეტილებით, ”ტელეიმედი” არ დაჯარიმებულა და მის წინააღმდეგ არც რამე სხვა სახის სანქცია დაწესებულა”, - წერს ”24 საათი”.

”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს: ”მთავარი ის მგონია, რომ ხელისუფლებამ (ურომლისოდაც გადაცემა არამც და არამც არ მომზადდებოდა და სადაც არის საძიებელი მითიური სცენარისტი თუ სცენარისტები) კიდევ ერთხელ ჩასცხო კომბალი ”იმედი” თავში საზოგადოებას, მაგრამ ისიც გაცხადდა, რომ ის (ხელისუფლება) ასეთივე წარმატებით თხრის თავის დასაკლავ დანას.”
”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს: ”ფაქტია, რომ ასეთი ზღვარს გადასული რეაქცია გამოიწვია ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ვიზიტმა რუსეთში და რატომღაც ხუთი-ექვსი ვიზიტი ნოღაიდელის ასეთი მწვავე რეაქციის საფუძველს არ იძლეოდა ხელისუფლებისთვის. ისიც გასაკვირია, რომ კრემლის ასეთი სტაჟიანი ვიზიტორი, როგორიც ნოღაიდელია, გადაცემის ავტორთა ავადმყოფურ გონებაში ვერ გახდა ღირსი აჯანყების შედეგად შექმნილი ე.წ. სახალხო მთავრობის ლიდერობის და ეს თანამდებობა მათ დაუთმეს ნინო ბურჯანაძეს.”

ბურჯანაძის საკითხს ეხება ”რეზონანსსა” და ”ალიაში” გამოქვეყნებული ტექსტებიც. ”ალიას” ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას ”დაპატიმრებული ჰყავს ქუთაისელი კაცი - ჯემალ კაკუშაძე, რომელსაც ქუთაისში ცეცხლსასროლი იარაღის მაღაზია ჰქონდა” და რომელზეც ხორციელდება ზეწოლა, რომ ”მან ”აღიაროს”, რომ კონტრაბანდული იარაღის ზემოხსენებული პარტია და კიდევ სხვა პარტიები მას უნდა შემოეტანა ნინო ბურჯანაძის, მისი მეუღლის - ბადრი ბიწაძისა და ახლო ნათესავების დავალებით!”. ხაჭაპურიძე იმასაც ამბობს, რომ მისი ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ კაკუშაძე შეიძლება ტელევიზიითაც გამოიყვანონ და ათქმევინონ - ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონიაო.

”რეზონანსთან” საუბრისას ნინო ბურჯანაძეს უთქვამს, რომ არაფერი იცოდა ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ და დასძენს: ”იმედი მაქვს, რომ ეყოფათ სინდისი და ამ ადამიანს არაფერს დაუშავებენ. ეს ადამიანი ვერ აღიარებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ეს არაა ერთეული შემთხვევა.”
”რეზონანსშივე” ქვეყნდება 15 მარტს გავრცელებული ჩანაწერის ტექსტური ვერსია. ამავე გაზეთში წაიკითხავთ სტატიას, სათაურით: ” ‘ეფ-ბი-აი’ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მექრთამეობაში ამხელს”. ავტორი წერს: ”საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დონის კორუფციულ გარიგებებს აშშ-ის სამართალდამცველები იძიებენ. „ეფ-ბი-აის“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკები 2008 წელს ისრაელიდან იარაღის შესყიდვას კორუფციული გარიგებებით ახორციელებდნენ. ეს სკანდალური ფაქტი ფედერალური სასამართლოს მიერ საერთაშორისო კორუფციულ გარიგებებში ბრალდებული 22 ამერიკელი ჩინოვნიკის საქმის გამოძიების პროცესში ამოტივტივდა. კორუმპირებული ქართველი ჩინოვნიკების გვარები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდება”, - წერს ”რეზონანსი”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG