Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად მთავრდება ”მთავრობა მუშაობს” და სად იწყება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაციაზე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავა აღმაშენებლის გამზირის რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაციაზე
მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური და სადავო ხდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხი. განსაკუთრებულ ყურადღებას, ამ მხრივ, დედაქალაქის მერის პოსტი იქცევს. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ კანონმა ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების შესაძლებლობები მკვეთრად შეზღუდა, თუმცა, არასამთავრობო სექტორის მტკიცებით, კანონში ამგვარი შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილია ასახული. რა პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება აქვს დედაქალაქის მერობის სახელისუფლო კანდიდატს და რამდენად ადვილია მისი მხილება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაში?

ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების ერთი-ერთი ხერხის აკრძალვას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით შეეცდება. 19 მარტს ამ არასამთავრობო ორგანიზაციამ სასარჩელო განცხადება ახალი მემარჯვენეებისა და კონსერვატიული პარტიის სახელით შეიტანა. ”ახალგაზრდა იურისტები” საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ და აცხადებენ, რომ კანონის ეს მოთხოვნები პოლიტიკურ სუბიექტებს თანაბარი კონკურენციის პირობებს უზღუდავს. კანონის მიხედვით, ამა თუ იმ კანდიდატს არ შეუძლია ისარგებლოს სხვა კანდიდატისთვის ხელმიუწვდომელი გარკვეული ადმინისტრაციული რესურსით. მეტი სიცხადისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს თამარ ხიდაშელს ერთი ასეთი მაგალითი მოჰყავს:

თამარ ხიდაშელი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერი
”წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: თბილისის მერი ან საკრებულოს წევრი, რომელსაც უნდა არჩევნებში მონაწილეობა, იბრძვის ამ არჩევნების გზით თავისი თანამდებობის შესანარჩუნებლად. მას რეალურად კანონი აძლევს საშუალებას, რომ გამოიყენოს მასზე განპირობებული კომპიუტერი, სამსახურებრივი ავტომანქანა, ინტერნეტსივრცე და ასე შემდეგ. როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენად ექნება შესაძლებლობა სხვა პოლიტიკურ პარტიას გამოიყენოს, მაგალითად, გიგი უგულავას კომპიუტერი ან ავტომანქანა თავისი სააგიტაციო მიზნებისთვის?! მაშინ, როცა გიგი უგულავას რეალურად ექნება საშუალება...”

კომპიუტერისა და ავტომანქანის გარდა, სადავო 76-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ რესურსად ასევე განმარტებულია, მაგალითად, ადმინისტრაციული ორგანოების შენობები, საკომუნიკაციო თუ სხვა ტექნიკური საშუალებები. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ შეტანილი სარჩელის განხილვისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა აქვს და ეს ვადა ისედაც რამდენჯერმე აღემატება არჩევნებამდე დარჩენილ დროს, თუმცა თამარ ხიდაშელი იხსენებს იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ დაუწყია ორგანიზაციის მიერ 2008 წლის მაისში შეტანილი ერთ-ერთი სხვა სარჩელის განხილვა.

ამასთან, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები მხოლოდ საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლით არ ამოიწურება. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ რესურსის არამიზნობრივად გამოყენებასთან კავშირში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს სოციალური პროექტების დაფინანსების ზრდა. აქვე ვთქვათ, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტით სოციალური პროგრამების დაფინანსება 2010 წელს, წინა წელთან შედარებით, რამდენიმე ათეული მილიონი ლარით გაიზარდა.

თუმცა, მხოლოდ ამ ფაქტით ვერაფერს დაამტკიცებ. როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ხატისკაცი ამბობს, მერიიდან გამოთხოვილი წინა წლების მონაცემების შედარების გზით მხოლოდ ტენდენციის გამოვლენა იქნება შესაძლებელი:

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ბათუმი
”ჩვენ ახლა გამოვითხოვეთ 2007, 2008, 2009 და 2010 წლების ინფორმაცია. აქედან 2 წელი არის საარჩევნო და 2 წელი არის არასაარჩევნო წელი. ჩვენ გვინდა, რომ ვნახოთ ტენდენციები სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ დაირღვა კანონი, მაგრამ ერთადერთი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ ამომრჩეველს შევახსენოთ და ვანახოთ ის ტენდენციები, რომლებიც ვლინდება არჩევნების წინა პერიოდში...”

კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, სოციალური სფეროს ბიუჯეტის გაზრდა კანონდარღვევად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ასეთი რამ არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ მოხდება. სწორედ ამ ფაქტს ასახელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები ყველაზე დიდ შეზღუდვად, რომელიც კანონში ცვლილების სახით შევიდა. დანარჩენი ცვლილებები კი, მათი განმარტებით, პრაქტიკულად უმნიშვნელოა და ბევრს ვერაფერს ცვლის, მაშინ როცა პრეზიდენტ სააკაშვილის მტკიცებით, და ეს მან 26 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდანაც აღნიშნა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კანონმა მნიშვნელოვნად გაამკაცრა. სხვა საკითხია, სად გადის ზღვარი ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და ხელისუფლების აქტიურობას შორის:

”...იმას ვერ დაგპირდებით, რომ გზები არ დაიგება... იმას ვერ დაგპირდებით, რომ ელექტროენერგიის ხაზები არ გაუმჯობესდება და იმას ვერ დაგპირდებით, რომ ახალი სკოლები არ აშენდება... ნამდვილად ვერ დაგპირდებით, რომ საავადმყოფოები არ აშენდება... ნამდვილად ვერ დაგპირდებით, რომ არ გაგრძელდება ხელფასებისა და პენსიების მატება... ეს არ არის, ძმებო, ადმინისტრაციული რესურსი, ეს არის - ”მთავრობა მუშაობს”.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისის ოფიციალურად გამოსაცხადებლად პრეზიდენტ სააკაშვილს ვადა თვის ბოლომდე აქვს. შემდეგ კი, ოფიციალურად უნდა დასახელდნენ კანდიდატები. 30 მარტს კანდიდატები ყველა მსურველ პოლიტიკურ ძალას უნდა ჰყავდეს დასახელებული და მათ შორის - მმართველ პარტიასაც. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, კვლავ გიგი უგულავა იქნება და ეს აშკარად ჩანს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 18 მარტს გაკეთებული კომენტარიდანაც.

ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, რომ რაც შეიძლება მალე დასახელდეს სახელისუფლო კანდიდატი იმისთვის, რომ მას ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობები შეეზღუდოს. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, არც ისე იოლი იქნება გარჩევა იმისა, სად მთავრდება ხელისუფლების აქტიურობა და სად იწყება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG