Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი მოსკოვური ოპოზიციის ლიდერს ალბერტ ჯუსოევს აკრიტიკებს


დე ფაქტო სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
დე ფაქტო სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი
ცხინვალში მთავარ თემად კვლავ ოპოზიციის საქმიანობა და მისი კრიტიკა რჩება. დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას შანსი ხელიდან არ გაუშვა და მოსკოვური ოპოზიციის ლიდერი ალბერტ ჯუსოევი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც ცნობილია, ზარამაგთან ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, ძაურიყაუ–ცხინვალის გაზსადენი დაზიანდა და დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქს ბუნებრივი აირის მიწოდება გარკვეული ხნით შეუწყდა. მილსადენი რუსულმა კომპანია „სტროიპროგრესმა“ ააშენა, რომლის ხელმძღვანელი სწორედ ალბერტ ჯუსოევია, ამიტომ კოკოითიმ მილსადენის დაზიანებაც ჯუსოევს დააბრალა, მისი თქმით, სამშენებლო კომპანიამ უსაფრთხოების წესები უგულებელყო და მილსადენი უხარისხოდ ააშენა.

22 მარტს დაზიანებული მილსადენი ვლადიკავკაზელმა სპეციალისტებმა სწრაფად აღადგინეს. როგორც ინტერფაქსს ჩრდილო ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს წარმომადგენლებმა აცნობეს, მილსადენის დაზიანება დიდი რაოდენობით ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია, რომელმაც გაზგამანაწილებელი სადგურის დამცავი კედელი გაარღვია. ჯუსოევის მიმართ კოკოითის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევი. მისი თქმით, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ოპოზიციაში მტრებს ეძებს, რათა საკუთარი უმოქმედობა მათ დააბრალოს.

20 მარტს ცხინვალში ოპოზიციის დაგეგმილი მიტინგი არ შედგა. მიტინგის გადადების მიზეზად კოკოითის ხელისუფლების მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაცია დასახელდა. კოკოითიმ კი მიტინგის უსაფრთხო ჩატარებაზე პასუხისმგებლობა ორგანიზატორებს დააკისრა და ნებართვა არ გასცა. ოპოზიცია დანებებას არ აპირებს და ახალი აქციებისთვის ემზადება. წინასწარი ინფორმაციით, ერთ–ერთი ასეთი აქცია, შესაძლოა, 25 მარტს ფატიმა მარგიევას სასამართლო პროცესზე მოეწყოს. მარგიევა იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით არის დაკავებული. მისი სასამართლო რამდენჯერმე გადაიდო. თავად მარგიევა თავს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს, რადგან კოკოითის ხელისუფლებას კორუფციასა და რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა.
XS
SM
MD
LG