Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და მისი სამეზობლოს სიახლეები


ბავშვებს სახეზე დახატული აქვთ კოსოვოს რუკა
ბავშვებს სახეზე დახატული აქვთ კოსოვოს რუკა
დღევანდელი „ახალი ევროპის“ პირველი თემაა კოსოვო - ძირითადად, ეთნიკური ალბანელებით დასახლებული პროვინცია, რომელმაც სერბიისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მას შემდეგ კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 65-მა ქვეყანამ აღიარა - მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ.

თუმცა რჩება ევროკავშირის 5 წევრი ქვეყანა, რომელთაც ეს ნაბიჯი ჯერ არ გადაუდგამთ - ძირითადად, ეთნიკურ უმცირესობებთან თავიანთი უთანხმოების გამო. ესენია: კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკია და ესპანეთი. მაგრამ მიმდინარე კვირაში,19 მარტს, კოსოვოს პრეზიდენტმა, ფატმირ სეიდუმ, განაცხადა, რომ ეს ქვეყნები სულ უფრო უახლოვდებიან კოსოვოს აღიარების პერსპექტივას.

ევროკავშირთან მოქმედ საინფორმაციო ცენტრ „euobserver”-ს სეიდუ საბერძნეთის შესახებ ესაუბრა, რომელსაც კოსოვო არ უღიარებია, თუმცა იქ მოქმედ ევროკავშირის საპოლიციო მისიაში მონაწილეობას იღებს და კოსოვოს პასპორტებსაც ცნობს. სეიდუს თქმით, ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის აღიარებს საბერძნეთი კოსოვოს, შეუძლებელია, მაგრამ პოზიტიური სიგნალები გამოკვეთილია. „მჯერა, რომ საბერძნეთი დადებითად მოიქცევა. არსებობს ნიშნები, რომ დანარჩენი ქვეყნებიც ამ მიმართულებით წავლენ. ამაზე ვიმუშავებთო“, - განაცხადა კოსოვოს პრეზიდენტმა.

კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თებერვალში - მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ახალი, მემარცხენე-ცენტრისტული მთავრობა მოვიდა - უკვე განაცხადა, რომ ათენი კოსოვოს აღიარებდა, მაგრამ სერბიაში საბერძნეთის ელჩმა მაშინ ეს ცნობა მყისიერად უარყო.

პრეზიდენტ სეიდუს ძალიან უნდა ამ ხუთმა ქვეყანამ პოზიცია შეცვალოს და ეს დაემთხვეს ევროკავშირის გადაწყვეტილებას კოსოვოელებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდეს. ამ ეტაპზე ევროკავშირი და კოსოვო ვიზების საკითხის შესახებ მოლაპარაკების საწყის ეტაპზე არიან - პროცესს კი, სულ მცირე, 2 წელიწადი სჭირდება დასრულებისთვის.

ამასთან, საიდუ ევროკავშირს არწმუნებს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამოიწვევს ევროკავშირში კოსოვოელი ეკონომიკური მიგრანტების მოზღვავებას, როგორც ეს მაკედონიის და სერბიის შემთხვევაში მოხდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა გასული წლის ბოლოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაიწყეს.

„კოსოვოელები ასე არ მოიქცევიან. შეიძლება ხალხი ერთი ან რამდენიმე თვით წავიდეს და შემდეგ უკან დაბრუნდეს. ჩემი ხალხის მენტალობას ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, რაოდენ მჭიდროდ არიან ისინი დაკავშირებული თავიანთ ქვეყანასთან“, - თქვა სეიდუმ.

თუმცა ახლახან ჩატარებული გამოკვლევები ამას არ ადასტურებს. კოსოვოს მთავარ ყოველდღიურ გაზეთ „კოჰა დიტორეში“ გასული წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი 73 პროცენტს უტოლდება და ახალგაზრდა კოსოვოელების ერთ მესამედს ქვეყნის დატოვება სურს.

* * * * *

საერთაშორისო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კეთრინ ეშტონი დათანხმდა საფრანგეთის სალაღობო წინადადებას მისთვის „დიპლომატიის ენის“, ანუ ფრანგულის, სწავლების თაობაზე - ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ ირჟი ბუზეკმა კი ეს შეთავაზება უარყო.

ორშაბათს, 22 მარტს, ეშტონმა ბრიტანეთში გამომავალ ყოველდღიურ გაზეთ „ტაიმსს“ უთხრა, რომ, მოუცლელობის მიუხედავად, ზაფხულის დადგომამდე აპირებს ფრანგული ენის კურსის გავლას სამხრეთ საფრანგეთში, ავინიონთან ახლოს მდებარე ენის სკოლაში.

ინიციატივა ევროკავშირის საკითხებში საფრანგეთის მინისტრ პიერ ლელუშს ეკუთვნის - ეშტონს და ბუზეკს ფრანგულ ენაში უფასო კურსის გავლა სწორედ მან შესთავაზა, პარიზში განთავსებული ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსების მეორმოცე წლისთავთან დაკავშირებით. ეს ორგანიზაცია ფრანგული ენის გავრცელებას უწყობს ხელს.

კეთრინ ეშტონი ბრიტანელია და, როგორც თავადაც აღიარებს, ფრანგულს ცუდად ფლობს. პრესკონფერენციებზე ჟურნალისტების შეკითხვებს ის მხოლოდ ინგლისურ ენაზე იღებს, რაც ფრანგული მედიის დიდ გაღიზიანებას იწვევს.

პიერ ლელუშის წერილს იუმორის ელფერი დაჰკრავდა, ვინაიდან მისი ავტორი ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე გამოვიდა ეშტონის კრიტიკით და განაცხადა, რომ მას ევროკავშირის წამყვანი პოსტისთვის კვალიფიკაცია აკლია.

„ის ფრანგულად საუბრობს - მისი ფრანგული გადასარევი არ არის, მაგრამ ამ ენაზე ლაპარაკობსო“, - უთხრა ევროკავშირთან მოქმედ საინფორმაციო ცენტრ „euobserver”-ს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა. ლელუშის წინადადება კუშნერმა ასე შეაფასა: „ეს ღიმილისმომგვრელია, თუმცა დადებით მიზნებს ემსახურებოდაო.“

ევროპის პარლამენტის პოლონელმა პრეზიდენტმა ირჟი ბუზეკმა კი შეთავაზებაზე უარი თქვა. ახლა ძალიან დაკავებულია, თუმცა საპრეზიდენტო ვადის ბოლოსკენ შეიძლება კურსის გავლა შეძლოსო, განაცხადა მისმა პრესმდივანმა.

ევროპარლამენტის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რომელსაც „euobserver“-ი არ ასახელებს, ბუზეკი მშობლიურ პოლონურთან ერთად ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებზე საუბრობს, თუმცა, ფრანგულის გარდა, სხვა ენაზე მოსაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი არავის გაუგონიაო, უთქვამს ევროპარლამენტის ამ ანონიმურად დატოვებულ წარმომადგენელს.

ოფიციალურად ევროკავშირს 23 ენა აქვს, თუმცა „სამუშაო ენებად“ 3 - ინგლისური, ფრანგული და გერმანული - მიიჩნევა. ევროკავშირის ყველა წარმომადგენელმა ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც აუცილებლად უნდა იცოდეს. პრაქტიკაში კი ევროკავშირის ინსტიტუტების კომუნიკაციაში ინგლისური და ფრანგული ენები ჭარბობს.

* * * * *

ევროკავშირის კლიმატის საკითხების კომისარმა კონი ჰედეგაარდმა გასული კვირის ბოლოს თავის ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრები პესიმისტური განწყობით დაასრულა. კვლავ გაურკვეველი რჩება შეძლებს თუ არა ვაშინგტონი კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღებას მექსიკაში დანიშნულ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამიტამდე.

„საქმე ძალიან, ძალიან დაძაბულ პერიოდთან გვაქვს. არავინ იცის, გამოვა ეს თუ არაო“, - უთხრა ჰედეგაარდმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში 18 მარტს. ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მას შეხვედრები ჰქონდა კლიმატის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელ ტოდ შტერნთან, კლიმატის ცვლილებების და ენერგეტიკის საკითხებში თეთრი სახლის ოფისის ხელმძღვანელ კეროლ ბრაუნერთან, გარემოს დაცვის სააგენტოს ადმინისტრატორ ლისა ჯეკსონთან და სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფთან.

შეერთებულ შტატებში კლიმატის საკითხებთან მიმართებით კანონმდებლობის საკითხი დროებით შეჩერებულია - ობამას ადმინისტრაციის ყურადღება კონცენტრირებულია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმასა და მიმდინარე წლის საშუალო ვადის არჩევნებზე.

ბარაკ ობამას მიერ სათბური გაზების ემისიის შემცირების შესახებ გამოთქმული დაპირებების შესაბამისი კანონების მიღება თუ ვერ მოხერხდა, წლის ბოლოს, დეკემბერში, მექსიკის ქალაქ კანკუნში დანიშნულ გაეროს სამიტზე სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო ხელშეკრულებას ვერ მიიღებენ.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG