Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ახალ ენერგეტიკულ პროექტებში


”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია”
”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია”
ტრადიციისამებრ, თბილისში უკვე მეცხრედ, ”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის საერთაშორისო კონფერენცია” გაიხსნა. მიუხედავად 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის სამხედრო შეჭრით გამოწვეული ახალი რეალობისა, საქართველოს ენერგეტიკულ თუ სატრანზიტო პოტენციალს აქტუალობა არ დაუკარგავს. ეს დადასტურდა მეცხრე კონფერენციაზეც, რომელმაც, საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარდა, ახალ ნავთობსადენებსა და სხვა სატრანზიტო პროექტებზეც იმსჯელა.

”საქართველოს ნავთობის, გაზის, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე” ნაბუკოს პროექტის განხორციელების რეალურობა დისკუსიის თემას აღარ წარმოადგენდა. თბილისში შეკრებილმა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა მხოლოდ ინფორმაცია მოისმინეს ნაბუკოს პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რადგან მისი მშენებლობა უკვე რეალობად იქცა.

მეცხრე კონფერენციის დისკუსიის თემას, ძირითადად, საქართველოს გავლით ახალი მილსადენებისა და სატრანზიტო მარშრუტების პროექტები წარმოადგენდა. მათ შორის ზოგიერთს - მაგალითად, ”თეთრ ნაკადს” - ძნელია ახალი ეწოდოს, თუმცა მისი აქტუალიზება ევროკავშირის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის გაცხადების შედეგ მოხერხდა.

რობერტო პირანი, ”თეთრი ნაკადის” ხელმძღვანელი
”თეთრი ნაკადის” პროექტის ხელმძღვანელის რობერტო პირანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარმა გიუნტერ ეტინგერმა გასულ კვირაში აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის დახმარება გაუწიოს სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის შემადგენელ პროექტებს.

”ბატონმა ეტინგერმა ცალსახად გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს სამხრეთის დერეფანს, რომელშიც შედის ”თეთრი ნაკადი”, ასევე ნაბუკო და სხვა სატრანზიტო პროექტები. ”თეთრი ნაკადის” პროექტი განვითარების სტადიაზეა და ის აზერბაიჯანს, საქართველოსა და შავი ზღვის ფსკერის გავლით, რუმინეთთან დააკავშირებს. ”

პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და, თავდაპირველად, 2015 წლისთვის, ნავარაუდევია ევროპაში 8 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება. საბოლოო მოცულობა კი 32 მილიარდი კუბმეტრი იქნება.

საქართველო, დაახლოებით, 5-8 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი და შეკუმშული გაზის ევროპაში მილსადენის გარეშე ტრანსპორტირების ინიციატივით გამოდის.

ასეთი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მიმზიდველი საკანონმდებლო თუ საინვესტიციო გარემო უკვე შექმნილია და, ევროპის მზარდი მოთხოვნების ფონზე, ოფიციალურ თბილისს იმედი აქვს, რომ ინვესტორებიც გამოჩნდებიან. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს დაინტერესებული ქვეყნების მთავრობებთან.

”რუმინეთი, ბულგარეთი - ეს არის პირველი ბაზარი, რომელსაც ვუმიზნებთ. ეს არის მილსადენის ალტერნატიული ტრანსპორტირების გზა. ეს პროექტები დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და მის როლსა და პარტნიორის სტატუსს აამაღლებს.”

ამ სატრანზიტო პროექტის გარდა, საქართველომ მეცხრე კონფერეციის მონაწილეებს ჰიდროენერგეტიკული პროექტებიც შესთავაზა. ესაა როგორც ელექტროგადამცემი ხაზების, ასევე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. თბილისში შეკრებილმა სტუმრებმა სხვა უამრავ პროექტებზეც იმსჯელეს. ამ ტრადიციული კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრობს ენერგეტიკის ექსპერტი თემურ გოჩიტაშვილი:

თემურ გოჩიტაშვილი, ენერგეტიკის ექსპერტი
”კონფერენცია, ტრადიციულად, ძალიან დიდ როლს თამაშობს ინიცირებული პროექტების გახმაურებასა და ინვესტორების მოზიდვაში - მათ შორის, სახელმწიფო ორგანოების მიე გადაწყვეტილების მიღების ხელშემწყობი ხდება ეს კონფერენცია, აქ მიღებული ინფორმაცია. ამან საქართველო გაიყვანა მოწინავე ტრანზიტის ქვეყნების რიგში. მეორე ასპექტი ამ კონფერენციისა არის საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება.”

საქართველოში საერთაშორისო ენერგეტიკული კონფერენციის მოწყობა იმ დროს დაიწყო, როდესაც თბილისშიც კი ელექტროენერგიის გრაფიკი მოქმედებდა და ბუნებრივი აირი რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის იარაღს წარმოადგენდა. ახლა კი, 9 წლის შემდეგ, საქართველო თავად გახდა ჭარბი ენერგიის მწარმოებელი, ექსპორტიორი და ტრანზიტორი ქვეყანა.
XS
SM
MD
LG