Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში რუსეთის ნაბიჯები აშშ-ის საჰაერო ბაზის ირგვლივ კითხვებს აჩენს


აშშ-ის სამხედრო საჰაერო ბაზა ყირგიზეთში
აშშ-ის სამხედრო საჰაერო ბაზა ყირგიზეთში
ოთხშაბათის სისხლიანი შეტაკებების შემდეგ ყირგიზეთში თვითგამოცხადებული დროებითი მთავრობა როცა მოვიდა, პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს ახალი მთავრობა აღიარა, რუსეთი იყო. მოსკოვის საქციელი მკვეთრად განსხვავდება იმ რეაქციისგან, რომელიც მას ყირგიზეთში 5 წლის წინ პრეზიდენტის ჩამოგდებაზე ჰქონდა. ამის გამო გაჩნდა ვარაუდები ყირგიზეთში მიმდინარე პროცესებში კრემლის როლის თაობაზე და წამოიჭრა შეკითხვები ქვეყანაში მოქმედი აშშ-ის საჰაერო ბაზის ბედთან დაკავშირებით.

როცა გასულ სამშაბათს ყირგიზეთის ოპოზიციის ლიდერი ტემირ სარიევი ბიშკეკში მოსკოვიდან დაბრუნდა, მან თან მოულოდნელი მესიჯი ჩაიტანა: მომხრეებს განუცხადა, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს შევხვდი, რომელმაც მხარდაჭერა აღგვითქვაო.

მეორე დღეს ყირგიზეთში სისხლიანი ამბოხება მოხდა, რომელსაც 70-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი იძულებული გახდა დედაქალაქი დაეტოვებინა. ხელისუფლებაში ოპოზიციონერები მოვიდნენ და დროებითი მთავრობა ჩამოაყალიბეს.

საყოველთაო მღელვარება ბიშკეკში
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მომხდარ სახალხო ამბოხებებს უწინ მოსკოვი საფრთხედ აღიქვამდა ხოლმე. ამჯერად კი კრემლის მხრიდან მხარდაჭერის გამოხატვამ საფუძველი დაუდო ვარაუდებს მიმდინარე მოვლენებში მისი როლის შესახებ და წამოჭრა შეკითხვები ყირგიზეთში ვაშინგტონის მთავარი ინტერესის - მანასის საჰაერო ბაზის - ირგვლივ. ეს ბაზა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში.

ოთხშაბათს, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, ვლადიმირ პუტინმა უარყო ყირგიზეთის მოვლენებთან კავშირი:

„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ რუსეთს, თქვენს მონა-მორჩილს, ან რუსეთის ოფიციალურ პირებს ამ მოვლენებთან არაფერი აკავშირებთ. პირადად ჩემთვის ეს ამბები დიდი მოულოდნელობა იყო“, - განაცხადა მან.

თუმცა პუტინმა ირიბი მხარდაჭერა მაინც გამოხატა - გააკრიტიკა ჩამოგდებული ლიდერი, რომელიც ხელისუფლებაში 5 წლის წინ მოვიდა სახალხო პროტესტის ტალღით მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი, ასკარ აყაევი, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა:

„მახსოვს, როცა პრეზიდენტი ბაკიევი ხელისუფლებაში მოვიდა [2005 წელს], ის ძალიან მწვავედ აკრიტიკებდა ჩამოგდებულ პრეზიდენტ აყაევს ნეპოტიზმისა და ქვეყნის ეკონომიკის თუ პოლიტიკის სფეროების ყველა კუთხეში თავისი ნათესავ-ახლობლების დასაქმების გამო. ახლა მექმნება შთაბეჭდილება, რომ ბატონი ბაკიევი თავად გაება იმავე მახეში.“

ეს განცხადება მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის 5 წლის წინანდელ გამოსვლასთან - მაშინ პუტინმა ე.წ. ტიტების რევოლუციის შედეგად აყაევის ჩამოგდებას “უკანონო” უწოდა. მანამდე კრემლმა თავისი გავლენის შემცირების საფრთხედ მიიჩნია და უარყოფითად შეხვდა უკრაინასა და საქართველოში მომხდარ „ფერად“ რევოლუციებს.

დღეს კი, როცა ახლახან უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ნარინჯისფერი რევოლუციის ლიდერები დამარცხდნენ, კრემლი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მთავრობების შეცვლას ახლებურად აღიქვამს.

ეს არ არის გასაკვირი. გასულ წელს ბაკიევმა მოსკოვის მოსაწონი ნაბიჯი გადადგა და განაცხადა, რომ ვაშინგტონს აიძულებდა დაეხურა მანასის საჰაერო ბაზა, საიდანაც შეერთებული შტატები ავღანეთში მყოფ სამხედრო ძალებს ამარაგებს და საიდანაც იქ დამატებით 30,000 ამერიკელი სამხედრო უნდა გაგზავნონ.

იმავე დღეს ბაკიევმა 150 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება მიიღო, რაც დაემატა უკვე გამოყოფილ ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს. ეს აღქმულ იქნა როგორც კრემლის მიერ გაღებული საფასური ამერიკული სამხედრო ბაზის დახურვის სანაცვლოდ.

მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ყირგიზეთის პრეზიდენტმა მოსკოვის გულისწყრომა გამოიწვია: მან გადაწყვეტილება შეცვალა და მანასის საჰაერო ბაზა დატოვა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ქირა გაასამმაგა და დამატებით 150 მილიონი დოლარი გამოყო.

ახლა, წელიწადზე ნაკლები დროის გასვლის შემდეგ, მანასის ბედი კვლავ გაურკვეველია. დროებითი მთავრობის წევრმა ომურბეკ ტეკებაევმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, შეერთებულ შტატებს მანასის საჰაერო ბაზის ქირაობის ვადას, „დიდი ალბათობით“, შევუმცირებთო.

ამასთან, მიმდინარე მოვლენების კომენტირებისას, ტეკებაევმა თქვა, ბაკიევის ჩამოგდებაში გარკვეული როლი რუსეთმა შეასრულაო.

ეს კიდევ ერთი ნიშანი იყო იმისა, რომ ყირგიზეთის ახალი მთავრობა, რომელმაც უკვე მიავლინა დროებითი მთავრობის ლიდერის მოადგილის ხელმძღვანელობით მოქმედი დელეგაცია მოსკოვში, რუსეთის მოკავშირეა, რაც რეგიონში შეერთებული შტატების ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

როზა ოტუმბაევა
ეს ვარაუდი კიდევ უფრო გაძლიერდა დროებითი მთავრობის ლიდერის, როზა ოტუნბაევას, პირველი საჯარო გამოსვლის შემდეგ. ოტუნბაევამ, რომელიც უწინ ბაკიევის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი და შეერთებულ შტატებში ელჩი იყო, ხალხს უთხრა, რომ ცოტა ხნის წინ ესაუბრა პუტინს. ეს მისი პირველი საუბარი იყო, საერთოდ, სახელმწიფოს მეთაურთან. მის სიტყვებს ხალხი დადებითად შეხვდა - ისმოდა შეძახილები, „ჩვენ რუსეთთან ვართო.“

მოგვიანებით გამართულ პრესკონფერენციაზე ოტუნბაევამ თქვა, რომ დროებით მთავრობას „გარკვეული შეკითხვები“ ჰქონდა მანასის საჰაერო ბაზის თაობაზე. თუმცა შემდეგ, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, განაცხადა, რომ ბაზის დახურვას არ აპირებს და რომ მთავრობა უკვე დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს უერთგულებს.

მიმდინარე მოვლენებს ვაშინტგონი სიფრთხილით ადევნებს თვალს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ ხუთშაბათს ჟურნალისტებს უთხრა, არ არის ცნობილი, ვინ დარჩება გამარჯვებულიო:

„რომელიმე მხარეს დადგომა ჩვენი ფუნქცია არ არის. ჩვენს ინტერესს აქ ყირგიზეთის ხალხი წარმოადგენს, ისევე როგორც შექმნილი სიტუაციის მშვიდობიანი განმუხტვა.“

ყირგიზეთში განვითარებულმა მოვლენებმა ერთგვარად დაჩრდილა ხუთშაბათს პრაღაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ისტორიული ხელშეკრულების გაფორმების ფაქტი.

ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, რუსეთის საკითხებში ბარაკ ობამას მთავარმა მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა თქვა, ვაშინგტონს ყირგიზეთის პოლიტიკოსებთან დიდი ხანია კავშირები აქვს და მათ არაფერი ემუქრებაო:

„საქმე რაიმე ანტიამერიკულ გადატრიალებასთან არ გვაქვს. ეს დანამდვილებით ვიცით. და ეს არც რუსეთის მიერ დაფინანსებული გადატრიალებაა“, - თქვა მან.

ამასთან, მაკფოლის განცხადებით, რუსეთის ოფიციალურ პირებთან საუბრისას გამოჩნდა, რომ მოსკოვმა შეარბილა თავისი პოზიცია ყირგიზეთში შეერთებული შტატების ყოფნასთან დაკავშირებით:

„ხელისუფლებაში ამ ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, პირველ ხანებში, აქ მართლაც იყო ერთგვარი დაპირისპირების განწყობა - მანასის საჰაერო ბაზა, ის, თუ ვინ შეძლებდა ამ ტერიტორიის მოსაპოვებლად მეტი ფულის გაღებას. ახლა კი თვალშისაცემი ის არის, რომ ჩვენ საერთო ინტერესებსა და ყირგიზეთში უსაფრთხოებაზე ვლაპარაკობთ და ეს საუბარი უნაშთო თამაშის პრინციპს არ ეფუძნება. ჩვენ აქ არსებულ საერთო ინტერესებზე ვმსჯელობთ.“

ვლადიმირ პუტინი და ყურმანბეკ ბაკიევი
შუა აზიის ექსპერტებს არ აოცებთ ის ფაქტი, რომ ყირგიზეთის ახალი ლიდერები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ესწრაფვიან. მანასის საჰაერო ბაზის შესახებ წიგნის ავტორის, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ალექსანდერ კულის აზრით, ბაკიევსა და კრემლს შორის ურთიერთობა იმდენად გაფუჭებული იყო, რომ ოტუნბაევამ, უწინარესად, სწორედ ამის გამოსწორება ითავა:

„გასაკვირი არ არის, რომ პირველი საჯარო სატელეფონო ზარი მან პუტინთან გააკეთა - CNN-ზე არ გამოსულა და არც ობამასთვის დაურეკავს“, - ამბობს პროფესორი.

ამასთან, მისი თქმით, არც ის არის გასაკვირი, რომ ყირგიზეთის ახალი ლიდერები ყურადღების კონცენტრაციას მანასის საჰაერო ბაზაზე ახდენენ, რაც, მისი თქმით, ვაშინტგონის მხრიდან ბაკიევის მხარდაჭერის და, ამავე დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის უგულებელყოფის სიმბოლო გახდა. ყირგიზეთში ბევრი თვლის, რომ ბაკიევმა ამ ბაზისგან მიღებული დიდძალი თანხები თავის ნათესავებს მოახმარა და, კულის აზრით, ოტუნბაევამ ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ ის სხვაგვარად იქცევა:

„მან თქვა, რომ ბაზას არსებითად არაფერი ემუქრება, თუმცა გარკვეული იურიდიული ასპექტების გადახედვა გვინდაო. ვფიქრობ, აშშ-ისთვის ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს.“

ყირგიზეთის ახალი ლიდერები, როგორც ჩანს, ამჟამად მოსკოვისკენ იხრებიან ვაშიგტონთან ურთიერთობის ხარჯზე. თუმცა ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პოლიტიკოსები შეინარჩუნებენ რუსეთის და დასავლეთის ინტერესების ერთმანეთთან დაპირისპირების ძველ პოლიტიკას. კულის თქმით, მრავალვექტორული პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა - განსაკუთრებით ყირგიზეთის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის.
XS
SM
MD
LG