Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთი ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტს გლოვობს


პოლონელები რუსეთის დასავლეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაღუპულ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და სხვა ოფიციალურ პირებს გლოვობენ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კატასტროფის ადგილას, სმოლენსკში ჩავიდა. დღევანდელ ფაქტს მან „პოლონეთის ომისშემდგომ ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ამბავი“ უწოდა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა სატელევიზიო გამოსვლაში პოლონელი ხალხის მიმართ ღრმა თანაგრძნობა გამოხატა: „ძვირფასო მეგობრებო, პოლონეთის რესპუბლიკის პატივცემულო მოქალაქეებო - მე და რუსეთის ყველა მოქალაქე შეძრულები ვართ საშინელი ტრაგედიით, პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლე მარიას და პოლონეთის იმ მოქალაქეების სიკვდილით, რომლებიც დაღუპულ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ" - განაცხადა მან. მედვედევის ბრძანებით ორშაბათი, 12 აპრილი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სამძიმარი გამოხატა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმაც, რომელიც სწრაფად ჩავიდა კატასტროფის ადგილას. თვითმფრინავში მყოფი 96 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა. ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, როცა ტუ-154, რომელშიც კაჩინსკი იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. კაჩინსკისთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაბის უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები. კაჩინსკის მონაწილეობა უნდა მიეღო სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში.
XS
SM
MD
LG