Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტის ცხედარი ვარშავაში გადაასვენეს


პოლონეთის სამხედრო თვითმფრინავით ვარშავაში პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ცხედარი გადაასვენეს. კაჩინსკი შაბათს დასავლეთ რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. კაჩინსკის ცხედარს სამხედრო აეროპორტში დახვდნენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბრონისლავ კომოროვსკი, პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და სხვა ოფიციალური პირები. მანამდე, ადგილობრივი დროით დღის 12 საათზე პოლონეთში ორწუთიანი დუმილი დაიცვეს პრეზიდენტ კაჩინსკის და იმ სხვა პოლიტიკოსების თუ ოფიციალური პირების ხსოვნის პატივსაცემად, რომლებიც ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. ავარია მოხდა ძლიერი ნისლის პირობებში, როცა ტუ-154, რომელშიც კაჩინსკი იმყოფებოდა, სმოლენსკის აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა. კაჩინსკისთან ერთად იყვნენ მისი მეუღლე, პოლონეთის არმიის შტაბის უფროსი, პოლონეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური თუ საეკლესიო პირები. მათ მონაწილეობა უნდა მიეღოთ სმოლენსკის მახლობლად, კატინის ტყეში, საბჭოთა უშიშროების სამსახურების მიერ დახოცილი ათასობით პოლონელის ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიაში. პოლონეთში ერთკვირიანი გლოვაა გამოცხადებული. დაკრძალვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ბრონისლავ კომოროვსკის განცხადებით, ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ორი კვირის განმავლობაში დადგინდება. რუსეთმა ორშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა. ავარიის მიზეზების გამოძიებას პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი ხელმძღვანელობს. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ავარიის მიზეზად გამორიცხეს ტექნიკური პრობლემა. მათი ვარაუდით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა ძლიერი ნისლი ან პოლონელი პილოტის მიერ დაშვებული შეცდომა ყოფილიყო.
XS
SM
MD
LG