Accessibility links

logo-print

ადგილობრივი არჩევნები და საერთაშორისო ტრაგედიები

  • ნიკო ნერგაძე

რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის დელეგაციის ახლობლები ტრაგედიის ადგილზე

რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის დელეგაციის ახლობლები ტრაგედიის ადგილზე

კვირა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადებით დაიწყო. ”ეროვნული საბჭო” პრაიმერს ატარებდა, ”ალიანსი საქართველოსათვის“ თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი კი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან ატარებდა მოლაპარაკებებს თანხმობის რაღაც ფორმის მისაღწევად.”ეროვნულმა საბჭომ” დედაქალაქის მასშტაბით სოციოლოგიური გამოკითხვის 3-დღიანი პროცესი, კარდაკარ ჩამოვლის პრინციპით, 6 აპრილს წამოიწყო. სულ დაგეგმილი იყო 15 ათასი ამომრჩევლის გამოკითხვა და, ამ გამოკითხვის შედეგად, არჩევნებში მონაწილე რეიტინგული ოპოზიციური პარტიების, დედაქალაქის მერობის კანდიდატის და, საარჩევნო ოლქების მიხედვით, მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობა დადგენა.

სოციოლოგიურ გამოკითხვას დედაქალაქის მერობის კანდიდატი მხოლოდ 2-კაციანი სიიდან უნდა გამოევლინა. ერთმანეთს კონსერვატორების ლიდერი ზვიად ძიძიგური და „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი ეჯიბრებოდნენ. „ეროვნულ საბჭოში“ ირწმუნებოდნენ, რომ პრაიმერი წარმატებით ჩატარდა, რის დასტურადაც წინასწარი არჩევნების მთავარ კომისიაში უბნებიდან შესულ ათასობით ბიულეტენზე მიუთითებდნენ. თუმცა პრაიმერს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. 8 აპრილს საპატრულო პოლიცია და ოპოზიციის აქტივისტები ერთმანეთს ბელიაშვილის ქუჩაზე, სტამბა „თბილისელებთან“, დაუპირისპირდნენ. ადგილზე იყვნენ ზურაბ ნოღაიდელი, ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი, რომლებმაც ახსნეს, რომ სტამბაში საკუთარი სააგიტაციო მასალის წასაღებად მივიდნენ.

წინააღმდეგობის გაწევის დროს საპატრულო პოლიციამ ოპოზიციის ექვსი აქტივისტი დააკავა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლა.

თბილისის მერის პოსტზე პრაიმერის ინიციატორთა ერთიანი კანდიდატი კი ”ეროვნულმა საბჭომ” 9 აპრილს ყრილობაზე დაასახელა. ეს კანდიდატი კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური გახდა, რომელმაც გამოკითხულთა 51,9%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. „ხალხის პარტიის“ ლიდერი კობა დავითაშვილი კი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება. ყრილობაზე ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელიც გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, “ეროვნული საბჭო” მძლავრ და აგრესიულ საარჩევნო კამპანიას იწყებსო.

პრაიმერის პარალელურად მიმდინარეობდა კონსულტაციების პროცესი, რომლის ინიციატორიც ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი იყო. კონსულტაციები ჯერ კიდევ წინა კვირას, 1 აპრილს, დაიწყო და ის ოპოზიციურ ძალებს შორის ”დიდი შეთანხმების” მიღწევასა და ”გამარჯვების ფორმულის” გამოყვანას ისახავდა მიზნად. მასში აქტიურად იყო ჩართული მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე. მოლაპარაკებები, დიდწილად, უშედეგოდ დასრულდა. ამის შესახებ განცხადება ”ალიანსის” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 8 აპრილს გააკეთა.

თუმცა გარკვეული შედეგი მოლაპარაკებებს მაინც მოჰყვა. 9 აპრილს „ალიანსს საქართველოსთვის“ კიდევ ერთი პარტია შეემატა, სალომე ზურაბიშვილის პარტიის სახით.

საქართველოსთვის ამ კვირას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადგილობრივი ამბები. 6 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რათა მადლობა გადაეხადა მისთვის ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო სამხედრო ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილისთვის. საქართველოს შეიარაღებული ძალების ბატალიონი მიმდინარე თვეში შეუერთდება აშშ-ის საზღვაო ქვეითებს, რომლებიც ჰელმანდის პროვინციაში არიან განთავსებული.

ოთხშაბათს კი საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა სისხლიან შეტაკებებს ყირგიზეთში, რომლის შემდეგაც იქ თვითგამოცხადებული დროებითი მთავრობა მოვიდა სათავეში. სააკაშვილმა საგარეო უწყებას დაავალა, ყირგიზ კოლეგებს დაკავშირებოდნენ და გაერკვიათ, თუ რით შეეძლო საქართველოს მხარი დაეჭირა მათთვის.

თუმცა საერთაშორისო ამბებიდან ყველაზე მეტად საქართველომ რუსეთის ქალაქ სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის დაღუპვა განიცადა. თვითმფრინავში, ბოლო მონაცემებით, 97 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა დაიღუპა. ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთაგან ლეხ კაჩინსკი საქართველოს ყველაზე დიდი მეგობარი იყო. ის აქტიურად უჭერდა მხარს თბილისის დასავლურ მისწრაფებებს და საქართველოს აგვისტოს ომის დროსაც მხურვალედ ქომაგობდა, მიუხედავად რუსეთის მუქარისა. დავით ბაქრაძემ საქართველოს პარლამენტის სახელით სამძიმარი გამოუცხადა პოლონელ ხალხს.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის, მისი მეუღლისა და პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების ტრაგიკულად დაღუპვის გამო 11 აპრილი გლოვის დღედ გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG