Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქაშეთში დევნილები ელექტროენერგიას მოითხოვენ


დევნილების დასახლება სოფელ საქაშეთში
დევნილების დასახლება სოფელ საქაშეთში
გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ჩასახლებული დევნილები ელექტროენერგიის მიწოდებას მოითხოვენ. ცოტა ხნის წინ „ენერგოპროჯორჯიამ“ დასახლებას დენის მიწოდება დავალიანების გამო შეუწყვიტა. დევნილების თქმით, ისინი სახელმწიფოს დახმარების გარეშე დავალიანებას ვერ დაფარავენ. გარდა ამისა, იძულებით გადაადგილებული პირები აცხადებენ, რომ მათთვის აქამდე ცნობილი იყო, რომ კომუნალური გადასახადები ბიუჯეტიდან უნდა დაფარულიყო.

დევნილთა არაინფორმირებულობამ პრობლემა ყველა დასახლებაში შექმნა, სადაც საპროტესტო აქციები პერიოდულად იმართება ხოლმე.

სოფელ საქაშეთში, დევნილები გასული წლის ნოემბერში ჩაასახლეს. 5 თვის განმავლობაში მათთვის ელექტროენერგიის გადასახადი არავის მოუთხოვია, აპრილში კი, ერთბაშად, დიდი რაოდენობით დავალიანების დაფარვა მოსთხოვეს. ისიც აღსანიშნავია, რომ ვალის გადახდა ერთი კომუნალური მრიცხველის ჩვენების მიხედვით უნდა მოხდეს. დევნილები კი ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას მოითხოვენ.

ამჟამად დევნილები სახელმწიფოსგან დახმარების სახით სულზე 24 ლარს იღებენ. მათი თქმით, ეს თანხა კომუნალურ გადასახადებშიც არ ეყოფათ. დევნილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი მანანა ჭამპურიძე აცხადებს, რომ კერძო ენერგოკომპანია დავალიანების დაფარვას ითხოვს და ამ შემთხვევაში სამმართველო დევნილთა დასახმარებლად უძლურია. მისი თქმით, ერთადერთი შეღავათი, რაც დევნილებს შეიძლება გაეწიოთ, ეს დავალიანების რამდენიმე თვეზე გადანაწილებაა.

გასული წლის განმავლობაში დევნილების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიის გადასახადს სახელმწიფო სრულად ფარავდა, მაგრამ მოგვიანებით, როგორც დენის, ისე ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაწესდა.

ამჟამად, იძულებით გადაადგილებულ პირებს მხოლოდ 100 კოლოვატსაათი ელექტროენერგიის მოხმარება შეუძლიათ უფასოდ. მათი თქმით, ინფორმაციის არარსებობის გამო ვერ შეიტყვეს თუ როდის მოიხსნა შეღავათი, რამაც 100-ობით ლარის დავალიანების დაგროვება გამოიწვია.

დევნილები აცხადებენ, რომ დავალიანებას დამოუკიდებლად ვერ დაფარავენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების მოწყობით იმუქრებიან.
XS
SM
MD
LG