Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკიევი ყირგიზეთშია და აცხადებს, რომ არ გადადგება


დაუმორჩილებელმა ყირგიზეთის პრეზიდენტმა ყურმანბეკ ბაკიევმა თავის მომხრეებს დღეს ყირგიზეთის ჩრდილოეთიდან მიმართა და განაცხადა, რომ უარს ამბობს გადადგომაზე. თავის პირველ საჯარო გამოსვლაში დევნილმა პრეზიდენტმა „ბანდიტები“ უწოდა ოპონენტებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ძალაუფლება ყირგიზეთში მათ ხელშია.

ყირგიზეთის განდევნილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევს მშობლიურ სოფელ თეითში, რომელიც ჯალალ-აბადის რაიონში მდებარეობს, 1500 კაცი მიესალმა გამამხნევებელი შეძახილებით. აი, როგორ აღწერს ამ შეხვედრას ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ბრუს პანიერი, რომელიც იმყოფებოდა ბაკიევის მხარდამჭერთა მიტინგზე:

„ხალხი ადიოდა სცენაზე და წარმოთქვამდა სიტყვებს, რისი მოსმენაც მას, ბაკიევს, ძალიან სიამოვნებდა. იგი იღიმოდა, იცინოდა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მომიტინგეთა რაოდენობა, შესაძლოა, ცოტა იყო იმის გამო, რომ განუწყვეტლივ წვიმდა, მაგრამ ჩანს, რომ ბაკიევს ჰყავს მხარდამჭერები. და მის ირგვლივ ასევე იმყოფებოდა შეიარაღებული დაცვა, უსაფრთხოების რაზმი.“

ბაკიევმა „ბანდიტები“ უწოდა თავის ოპონენტებს, რომლებმაც ძალაუფლება ხელში ძალით ჩაიგდეს. ამასთან, განდევნილმა პრეზიდენტმა უარყო თავისი დანაშაული ადამიანების დაღუპვაში და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება მოითხოვა. ბაკიევის თქმით, თუკი ოპოზიცია შეეცდება შეიპყროს ან დაიჭროს იგი, სისხლი დაიღვრება.

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 2005 წლის სახალხო რევოლუციის შედარება ხელისუფლების ამ ბანდიტური გზით ხელში ჩაგდებასთან. ეს არის ღრმა გაუგებრობა. ერთი სცადონ და დამიჭირონ, ანდა სცადონ გამანადგურონ! ეს გამოიწვევს ისეთ სისხლისღვრას, რომელსაც ვერავინ გაამართლებს.“

ბაკიევმა ასევე მოუწოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გაგზავნოს სამშვიდობო კონტინგენტი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში წესრიგის აღსადგენად.

„ისინი, ვინც ბიშკეკში მაროდიორობენ, ისინი, ვინც იქ უწესრიგობას სჩადიან, ცდილობენ ქვეყანა ორ ნაწილად - ჩრდილოეთად და სამხრეთად - გახლიჩონ. ამის დაშვება კი არაფრით არ შეიძლება.“

დღის პირველ ნახევარში ჯალალ-აბადის რეგიონის ახლად დანიშნულმა თავკაცმა, ალმაზ ატანბაევმა, განაცხადა, რომ დაგეგმილია „სპეციალური ოპერაცია“ ბაკიევის წინააღმდეგ. ჟურნალისტებთან საუბარში ატანბაევმა დაადანაშაულა ბაკიევი, რომელიც, მისით თქმით, მშობლიურ რეგიონში ხალხის ზურგს ეფარება.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში ყირგიზეთის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარემ როზა ოტუმბაევამ არ გამორიცხა, რომ ბაკიევი ჯერ კიდევ სარგებლობდეს უშიშროების გარკვეული წარმომადგენლების მხარდაჭერით:

„ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სამხედრო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე პოლიციას და შიდა უსაფრთხოების ძალებს. მაგრამ ზოგიერთ მათგანს, დიახ, შესაძლოა, ჰქონდეს სიმპათიები ბაკიევის მიმართ - უსაფრთხოების იმ სტრუქტურებიდან, რომლებიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ბაკიევმა, მისმა ძმამ და სხვა მისმა მოკავშირეებმა შექმნეს.“

შეერთებული შტატების საელჩომ ბიშკეკში განაცხადა, რომ იგი არ გეგმავს მისცეს თავშესაფარი ბაკიევს ან დაეხმაროს მას ქვეყნიდან გასვლაში. ეს განცხადება მოჰყვა სპეკულაციებს ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებებში. ქვეყნის დროებითი მთავრობის თავმჯდომარე როზა ოტუმბაევასთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების ელჩმა ყირგიზეთში ტატიანა გფოელერმა თქვა, რომ „შეერთებული შტატები განაგრძობს ჰუმანიტარულ დახმარებას და მხარდაჭერას ყირგიზეთის დემოკრატიული განვითარებისათვის.“ შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, ნორმალური ფუნქციონირება განაახლა სამხედრო ბაზამ მანასში, საიდანაც ავღანეთში განლაგებული ამერიკული სამხედრო ქვედანაყოფების უზრუნველყოფა ხდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG