Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური უმცირესობები - ინტეგრაცია, მრავალფეროვნების შენარჩუნება


„2009 წელს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ,,შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა”, რომლის ფარგლებშიც, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებმა მრავალი მნიშვნელოვანი ინიციატივა და პროგრამა განახორციელეს განათლებისა და კულტურის სფეროში”, - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება.

გამოდის, რომ მოხსენებაში, რომელიც ომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა, ასე თუ ისე მოწონებულია ხელისუფლების ძალისხმევა, ერთი მხრივ, მოხდეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში და, მეორე მხრივ, არაფერი დაემუქროს ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას. თუმცა ომბუდსმენის მოხსენებაში ისიც აღნიშნულია, რომ კვლავაც სერიოზული პრობლემებია არაქართულ სკოლებში ქართული ენის სწავლების თვალსაზრისით, სახელმძღვანელოების თვალსაზრისით, რომ კვლავ პრობლემატურ საკითხად დარჩა ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობისათვის საინფორმაციო არხების საშუალებებით ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება მათთვის გასაგებ ენაზე.

არსებითად ინფორმაციის მიწოდების პრობლემაც კულტურას უკავშირდება; ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია ვერ მოხერხდება, თუკი ის, ასე ვთქვათ, ”მიკროკულტურები”, რომელსაც ეს ხალხი ქმნის, საკუთარ საზღვრებში იქნება ჩაკეტილი. ამისათვის კი ინფორმაციის მიღებაა აუცილებელი. ინფორმაციის მიღების და, რაც მთავარია, მათი გადამუშავების შესაძლებლობა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე არჩევნების წინ, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ჯგუფები ეთნიკური უმცირესობების თემით სპეკულირებენ. ორგანიზაცია ”მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი აგით მირზოევი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ არასამთავრობო სექტორში ჩართული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უკვე კარგა ხანია აკონტროლებენ სიტუაციას და არ აძლევენ საშუალებას პოლიტიკოსებს დაიწყონ უმცირესობებით მანიპულაცია.

სახალხო დამცველის მოხსენების ტექსტში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილ აღნიშნულ ცვლილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მიმართულია უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის შესწავლისა და, შესაბამისად, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისაკენ. ამ სისტემამ დიდი ინტერესი გამოიწვია ეროვნულ უმცირესობებში, - აღნიშნულია მოხსენებაში. - სავარაუდოდ, 2010 წელს გაიზრდება რიცხვი ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისა, რომლებიც შეძლებენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას. ამავე დროს, მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2009 წლის მეორე ნახევარში სახალხო დამცველის აპარატში არ შემოსულა არც ერთი განცხადება ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის გამო. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წლებშიც მეტად მცირე იყო ამგვარი განცხადებების რაოდენობა. მაგრამ ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გამოსწორდა მდგომარეობა ეთნიკური უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით. არ არის გამორიცხული, რომ პასიურობენ თავად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რომელთაც მრავალი წელია ესმით ხელისუფლებისგან, რომ ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა მეტისმეტად დელიკატური და საშიში თემაა.

”რა თქმა უნდა, ეს სახიფათო თემაა, მაგრამ ხიფათს თუ გავექეცით, კიდევ უფრო იზოლირებულები აღმოვჩნდებით და პრობლემას ვერ გადავწყვეტთ”, - ამბობს ჩვენთან საუბარში აგიტ მირზოევი.

პრობლემა კი ისაა, რომ ქართულ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ყოფაში და ზოგჯერ მედიაშიც (მედიაში დამკვიდრებულ ეგრეთ წოდებულ ”ზიზღის ენას” თუ გავიხსენებთ) კვლავაც გრძელდება ეთნიკურ უმცირესობათა დისკრიმინაცია.. არცთუ ისე დიდი ხნის წინ მაია ცაბოშვილმა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებს საქართველოში, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ, პრობლემების მიუხედავად, მდგომარეობა, ამ მხრივ, ნელ-ნელა უკეთესი ხდება - ყოველ შემთხვევაში, არ ჰგავს იმას, როგორიც გვქონდა 90-იანი წლების დასაწყისში:

”ჩვენ ყველანი ვგავდით მაშინ დამწყებ მოთამაშეს, რომელსაც აძლევენ პაიკს, სწირავენ მხედარს და რომელმაც არ იცის, რა ხდება”, - გვითხრა მაია ცაბოშვილმა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როცა ქვეყანაში თითქმის არ არსებობდა სამოქალაქო საზოგადოება, სწორედ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ”შესწირეს” დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას... უამრავი ადამიანი წავიდა ქვეყნიდან და ერთ დროს, მართლაც რომ, მულტიკულტურულ საქართველოს კულტურული ერთფეროვნების საშიშროება დაემუქრა.

”საქართველოს საზოგადოება, თავისი ეთნიკური ჯგუფებით, ასევე მრავალტანჯული იყო... 70-წლიანი მმართველობა არ დაგვავიწყდეს... ამან ხომ თავისი კვალი დადო... როცა 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენში მოვიდა თავისუფლება, საზოგადოება ყოველგვარ უნარ-ჩვევას იყო მოკლებული, რათა თავისი თავი გადაერჩინა”, - აღნიშნა მაია ცაბოშვილმა.

მაგრამ უნარ-ჩვევების პრობლემა, შესაძლებელია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად გადაუწყვეტელია. ომბუდსმენის მოხსენებაში აღნიშნულია:

”2009 წელს აქტიურად ამოქმედდა სახალხო დამცველის რეგიონალური ოფისები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. რეგიონალურ ოფისებში შემოსული განცხადებების ანალიზის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ისინი არ უკავშირდება ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემას და თემატურად საქართველოს სხვა რეგიონებიდან შემოსული განცხადებების მსგავსია.”

ეს ყველაფერი ქმნის სრული გამარჯვების ილუზიას, თითქოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია წარმატებით გრძელდება და ქვემო ქართლსა და ჯავახეთში მოსახლეობა ეთნიკურად ქართველების სრულ თანასწორად გრძნობს თავს. როგორც ჩანს, ამ რეგიონში ახალი გამოკითხვის ჩატარებაა აუცილებელი... მეტი ნდობაა საჭირო იმისთვის, რომ აქაურმა არაქართულმა მოსახლეობამ გულწრფელად ისაუბროს პრობლემებზე... და, რაც მთავარია, იმის გააზრებაც აუცილებელია, რომ ეთნიკური უმცირესობები, მართალია, გარკვეულ ჯგუფებს გულისხმობს, მაგრამ ეს ჯგუფები სრულიად განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს:

”არ შეიძლება სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებს ყველას ჰქონდეს ერთი ხედვა. მე, პირველ ყოვლისა, ვარ მაია ცაბოშვილი და მერე ვარ იმ ეთნოსის წარმომადგენელი, რომლითაც ამაყი ვარ”, - გვითხრა მაია ცაბოშვილმა.

მისი ეს სიტყვები ყველასთვის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა დამცველებისთვისაც დასაფიქრებელია... ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, კულტურული მრავალფეროვნების მისაღწევად საზოგადოება, პირველ რიგში, იმ სტერეოტიპებისგან უნდა განთავისუფლდეს, რომელიც ახლა უკვე 70-ზე მეტი წლის განმავლობაში დამკვიდრდა საქართველოში.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG