Accessibility links

logo-print

მერიის წინასაარჩევნო კამპანიის ღია თუ დახურული ინფორმაცია


გიგი უგულავა, თბილისის მერი

გიგი უგულავა, თბილისის მერი

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიში წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე რამდენიმე დღის წინ, წერილობითი ფორმით, ინგლისურ ენაზე გააკრიტიკა, თუმცა კრიტიკამდე მადლობაც გადაიხადა იმ ინიციატივისათვის, რომელიც სხვადასხვა ჯგუფების მიერ მერიის საქმიანობის დეტალურ შესწავლას გულისხმობს, და იქვე დაამატა, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების განხილვა ზუსტ ფაქტებს დაეფუძნოს, სამწუხაროდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიში ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავსო. ანგარიშში, რომელიც მარტის ბოლოს გამოქვეყნდა, საუბარია იმაზე, რომ ადგილობრივი არჩევნების წინ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის გამოყოფილი თანხები ”უპრეცედენტოდ გაიზარდა”.

უნდა შევწყვიტოთ პენსიების გაცემა, შევაჩეროთ ავტობუსების მომსახურება, ნაგვის გატანა და დავხუროთ საბავშვო ბაღები იმის გამო, რომ არჩევნები ახლოვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები პოპულარულია?
„ფაქტობრივ შეცდომებში“ თბილისის მერი გიგი უგულავა რამდენიმე პუნქტს გულისხმობდა. კონკრეტულად კი, ანგარიშში, რომელიც 29 მარტს გამოქვეყნდა, ავტორები წერენ, რომ მერიას ასეთი მოცულობის ბიუჯეტი არასდროს ჰქონია. მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 410-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მხარეების რწმუნებულთა აპარატებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. თბილისის მერმა უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ 10 ლარით მხოლოდ თბილისელი პენსიონერებისათვის პენსიების გაზრდა კანონის დარღვევა იყო. რაც შეეხება ახალი თანამშრომლების მატებას, მან აღნიშნა, რომ ეს 410 ადამიანი ახალი თანამშრომელი არ არის, რადგანაც ისინი სხვადასხვა მუნიციპალურ სამსახურებში ადრეც მუშაობდნენ ან დროებით საკონტრაქტო საფუძველზე იყვნენ დაქირავებულები, რესტრუქტურიზაციის პროცესის შედეგად კი, ისინი შტატში ჩასვეს.

”უნდა შევწყვიტოთ პენსიების გაცემა, შევაჩეროთ ავტობუსების მომსახურება, ნაგვის გატანა და დავხუროთ საბავშვო ბაღები იმის გამო, რომ არჩევნები ახლოვდება, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ღონისძიებები პოპულარულია? ეს დემოკრატიის ძალიან უცნაური გაგება იქნებოდა”, - აცხადებს უგულავა ინგლისურენოვან წერილობით განცხადებაში.

ის რომ აქტივობებისა და პროექტების ინტენსივობა არავითარ შემთხვევაში არ შეჩერდება, ამაზე საუბრობდა რამდენიმე ხნის წინ თბილისის მერიის აპარატის თანამშრომელი კოკი იონათამიშვილი რადიო თავისუფლებასთან, ამაზე საუბრობს ის ამჯერადაც:

”ის, რომ მერიამ წინასაარჩევნო პერიოდში მუშაობა უნდა შეწყვიტოს, მგონი, არაბუნებრივია და დემოკრატიის არასწორი გაგებაა. ჩვენ მზად ვართ ყველა ორგანიზაციას მივაწოდოთ სასურველი ინფორმაცია.”

თბილისის მერი გიგი უგულავა ინგლისურენოვან განცხადებაში, რომლის სახელწოდებაცაა ”გზა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისაკენ” და რომლის ქართული ვარიანტიც, მერიის აპარატის განცხადებით, რამდენიმე ხანში გამოქვეყნდება, პირობას დებს, რომ მზად არის ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ კამპანიამ და არჩევნებმა გახსნილობისა და გამჭვირვალობის ახალი სტანდარტები დააწესოს. კოკი იონათამიშვილი სტანდარტების მნიშვნელობას განმარტავს:

”გვინდა, რომ მოსახლეობისთვის ყველა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია არჩევნებთან, იყოს ღია და საჯარო, მით უმეტეს, რომ საიდუმლო არაფერია. ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, ყველა პროექტი დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით ფინანსდება.”

როდესაც გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, კარგი იქნებოდა, რომ გამჭვირვალობა რეალურად განხორციელებულიყო, ჩვენთან ურთიერთობით
მისი პირობა გახსნილობისა და გამჭვირვალობის შესახებ ცოტა უცნაურად ეჩვენება ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების დირექტორს ნინა ხატისკაცს. ის რადიო თავისუფლებასთან იმ დახურულ სივრცეზე საუბრობს, რომელსაც ორგანიზაცია მერიასთან ურთიერთობისას წააწყდა, როდესაც მათგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გადაწყვიტა:

”თუ ახალ სტანდარტებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებით, მაგრამ გვინდა შევახსენოთ ბატონ მერს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ პასუხი იმ წერილებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ გავგზავნეთ მერიაში. როდესაც გამჭვირვალობაზე ვსაუბრობთ, კარგი იქნებოდა, რომ გამჭვირვალობა რეალურად განხორციელებულიყო, ჩვენთან ურთიერთობით.”

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” თბილისის მერის განცხადების საპასუხო წერილში, რომელიც 15 აპრილს გამოქვეყნდა, წერს, რომ, ანალიზის შედეგად, გაადვილდა რესურსების გამოყენების ცვლილებების დანახვა სხვადასხვა წლების მიხედვით და, შესაბამისად, მიიღეს ობიექტური სურათი, რომელიც ადასტურებს საარჩევნო წლებში საჯარო დანახარჯების ზრდას:

”ექსკლუზიურად, მხოლოდ თბილისის პენსიონერებს 2006 და 2010 წლებში გაეზარდათ პენსია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. საუბარი იყო სატრანსპორტი ბარათებთან დაკავშირებით, სხვა წლებშიც არის ასეთი დახმარებები განხორციელებული, მაგრამ, 2009 წელთან შედარებით, 7 მილიონი ლარით მეტი გამოიყო. ჩვენ ვთხოვთ თბილისის მერს კომენტარს სამედიცინო ვაუჩერების შესახებაც. ამ მიმართულებით 2010 წლისთვის დანახარჯების მკვეთრი ზრდა შეინიშნება”, - ამბობს ნინა ხატისკაცი.

წინასაარჩევნო პერიოდში სოციალური თუ რეკრეაციული პროგრამების გააქტიურების შესახებ საუბრობს რადიო თავისუფლებასთან კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დავით ნარმანიაც.

როლების გაცვლის პრინციპით, მადლობას თბილისის მერს გახსნილობისათვის მზადყოფნის გამო ამჯერად”საერთაშორისო გამჭვირვალობა” უხდის და იმედოვნებს, რომ მერია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, მათ მიაწვდის იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც მერიისგან რამდენიმე თვის წინ გამოითხოვეს.

გარდა ამისა, ნინა ხატისკაცის განცხადებით, აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება ახალი ანგარიში, სადაც კიდევ უფრო დეტალურად იქნება წარმოჩენილი ინფორმაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში არსებული რესურსების ხარჯვისა და წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ.
XS
SM
MD
LG