Accessibility links

logo-print
მიმდინარე კვირის დასავლეთის პრესის მიმოხილვას ორ ნაწილად დავყოფთ. თავდაპირველად გაგაცნობთ რამდენიმე წერილს, რომლებიც საქართველოს ეხებოდა, შემდეგ კი მოკლედ მიმოვიხილავთ როგორ გამოეხმაურა დასავლეთის პრესა რუსეთთან მომხდარ ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვას.
15 აპრილს ჟურნალმა „ფორინ პოლისიმ“ გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილი, სახელწოდებით „არშემდგარი აღარ გვეთქმის - როგორ დაუბრუნდა ნორმალურ მდგომარეობას უფსკრულის პირას მყოფი საქართველო“. სტატიაში საუბარია რეფორმებზე, რომლებიც „ვარდების რევოლუციის შემდგომ“ საქართველოში გატარდა. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ, ამ ცვლილებების შედეგად, საქართველოს ახლა შეუძლია მსოფლიო ასპარეზზე კონსტრუქციული როლის შესრულება და, მაგალითად, ბირთვული გაუვრცელებლობის გლობალური მნიშვნელობის პროცესში ჩართვა.

მიხეილ სააკაშვილი განიხილავს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც, მისი თქმით, საქართველო სულ რაღაც ერთი ათწლეულის წინ იმყოფებოდა - კორუფციას, მძიმე კრიმინალურ მდგომარეობას, განუვითარებელ ეკონომიკას, სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვას და აცხადებს, რომ საქართველო მაშინ „არშემდგარი სახელმწიფო“ იყო. ასეთ ფონზე, წერს სააკაშვილი, ვარდების რევოლუცია იყო გადაწყვეტილება, ამ არშემდგარ სახელმწიფოს ფუნქციონირება დაეწყოო. „შვიდი წლის შემდეგ, გამარჯვებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. ჩვენს ხალხს კვლავაც უჭირს, ქვეყანაში მაღალია უმუშევრობისა და სიღარიბის დონე. ვითარება საშინლად დაამძიმა 2008 წლის აგვისტოში რუსეთის შემოჭრამ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციამ, რაც დღემდე გრძელდება. მართალია, ჩვენ დიდი ცვლილებები მოვახდინეთ, მაგრამ, ამასთან ერთად, დიდი შეცდომებიც დავუშვით - მაგალითად, მეტისმეტად მკაცრად ვუპასუხეთ 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის მიერ ქუჩაში მოწყობილ საპროტესტო აქციას. ჩვენი დემოკრატიული რეფორმა ჯერ არ დასრულებულა, ის კვლავ გრძელდება“, - ამბობს სააკაშვილი და დასძენს: „და მაინც, ის ცვლილებები, რომელთა მოხდენაც ქართველებმა 2004 წლის შემდეგ გაბედეს, გადამჭრელი ხასიათისაა. ჩვენ მეთოდურად ვატარებთ რეფორმებს, რათა დამყარდეს არა მხოლოდ დემოკრატია, არამედ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც ინდივიდუალურ უფლებებს და სამოქალაქო საზოგადოებას დაიცავსო“. ცოტა ქვემოთ საქართველოს პრეზიდენტი წერს, რომ რუსეთის საქართველოში შეჭრის რეალური მიზეზი თბილისის მიერ არჩეული პროდასავლური კურსი იყო როგორც შიდაპოლოტიკური კულტურის, ისე საგარეო მიზნების მხრივ. „ჩვენი პატარა სახელმწიფო მეზობლებს არ დამუქრებია, მაგრამ ჩვენი ღირებულებები წარმოადგენდა მუქარასო“, - წერს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს, რომ, ყველაფრის მიუხედავად, საქართველო გლობალური უსაფრთხოებისთვის ბრძოლის სფეროში სანდო პარტნიორად რჩება. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სტატია15 აპრილს დაიბეჭდა ჟურნალ „ფორინ პოლისიში“.

14 აპრილს ბრიტანულმა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა წერილი, სათაურით „ბირთვულ სამიტს მოახსენეს, როგორ აღკვეთა საქართველომ იარაღისთვის ვარგისი ურანის გაყიდვა“. სტატიაში ვკითხულობთ: „საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერების სამიტს უთხრა, რომ მისი ქვეყნის უშიშროების ძალებმა იარაღისთვის ვარგისი ურანის შავ ბაზარზე გაყიდვის კრიმინალური მცდელობა აღკვეთეს. ამ განცხადებამ სიმწვავე შესძინა ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონში მიმდინარე სამიტს, სადაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, დანარჩენ მსოფლიოს მოუწოდა, „ლაპარაკთან ერთად, იმოქმედონ“ სახიფათო ბირთვული მასალების გასანადგურებლად ან უზრუნველყონ, რომ ეს მასალები ტერორისტებს არ ჩაუვარდეთ ხელში.“ წერილში ნათქვამია, რომ, ქართული წყაროების თანახმად, თბილისმა, საერთაშორისო ძალების დახმარების გარეშე, მარტში მაღალგამდიდრებული - უფრო ზუსტად კი, 70 პროცენტით გამდიდრებული - ურანი ამოიღო. ურანის რაოდენობა მცირე იყო, გრამებში იზომებოდა, რაც ძალიან შორს არის ბომბისათვის საჭირო მინიმუმ 25 კილოგრამისგან. მაგრამ, ვკითხულობთ სტატიაში, ქართული მხარე აცხადებს, კრიმინალები ამ მცირე რაოდენობას მყიდველს სინჯის სახით სთავაზობდნენ და ურანის უფრო დიდი რაოდენობა მოეპოვებოდათო. იქვე ნათქვამია, რომ ქართული მხარე არ აკონკრეტებს კრიმინალური ჯგუფის წევრების მოქალაქეობას. შეგახსენებთ, ამ საკითხებზე სტატია ბრიტანულ „გარდიანში“ 14 აპრილს გამოქვეყნდა.

ეს, რაც შეეხებოდა მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მნიშვნელოვან წერილებს. ახლა კი მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე სტატიას, რომლებიც გასულ შაბათს რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფაში პოლონეთის პრეზიდენტის და სხვა ოფიციალური პირების დაღუპვას გამოეხმაურნენ.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ 10 აპრილის ნომერში ვკითხულობთ: „პოლონეთისთვის ძლიერი დარტყმაა ავიაკატასტროფა, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაღუპვა მოჰყვა. დამზაფრავი დამთხვევით, კატასტროფა მაშინ მოხდა, როცა რუსეთი და პოლონეთი 70 წლის წინ იმავე ადგილას პოლონეთის ელიტური ოფიცერთა კორპუსის 20,000-ზე მეტი წევრის დახოცვის ფაქტისთვის თვალის გასწორებას იწყებდნენ.“ ცოტა ქვემოთ წერილში ვკითხულობთ, კატასტროფა, სავარაუდოდ, არ შეცვლის პოლონეთის ურთიერთობას სხვა ქვეყნებთან - მათ შორის, არც ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის ნაწილის განთავსების გეგმას, თუმცა პოლონეთის დამოკიდებულება რუსეთთან შეიძლება დაიძაბოსო. სტატიის ბოლოს მოკლედ განხილულია პოლონეთის დაღუპული პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მიერ გატარებული პოლიტიკა - სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ მან „საქართველოსა და უკრაინასთან ახლო ურთიერთობა დაამყარა, და მათ ნატოში გაწევრიანებას უჭერდა მხარს. კაჩინსკის მტკიცედ სწამდა, რომ ძლიერი ნატო რუსეთს არ მისცემდა აღმოსავლეთ ევროპაზე გავლენის აღდგენის საშუალებას“, - ვკითხულობთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ 10 აპრილის ნომერში.

პრეზიდენტ კაჩინსკის დაღუპვა და პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესები დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში კვირის ბოლომდე დარჩა.

პოლონეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პარლამენტის სპიკერმა ბრონისლავ კომოროვსკიმ დაიწყო. ევროპის გაზეთები წერდნენ, რომ ეს კომოროვსკის მმართველ პარტიას ძალიან დიდ ძალაუფლებას აძლევს, ხოლო კაჩინსკების ოპოზიციურ პარტიას სიძნელეებს უქმნის.

ფინეთში გამომავალი ყოველდღიური „ეტელა-სუომენ სანომატი“ 13 აპრილის ნომერში წერდა: „აშკარაა, რომ ეს მოულოდნელი მოვლენები მმართველ პარტიას ხელსაყრელ გარემოს უქმნის. გავრცელებული მოსაზრებით, ლეხ კაჩინსკი საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა აპირებდა კანდიდატურის წამოყენებას, ოპოზიციური კანონისა და სამართლის პარტიიდან. ის აღარ იყო ძალიან პოპულარული, მაგრამ მთავრობის გეგმების დამუხრუჭებას წლის ბოლომდე შეძლებდა“, - წერს გაზეთი და დასძენს: „ახლა კომოროვსკი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას იწყებს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კი იგი ფავორიტს წარმოადგენს. ერთადერთი ასპექტი, რაც ამ პოლიტიკურ სცენარში უცნობი რჩება, ის არის, მიიზიდავს თუ არა კაჩინსკის პარტია თანაგრძნობაზე დაფუძნებულ ხმებს და, საერთოდ, წამოაყენებს თუ არა კანდიდატს“, - წერს ფინეთში გამომავალი ყოველდღიური „ეტელა-სუომენ სანომატი“.

მოგვიანებით ევროპული პრესა იმ საკითხითაც დაინტერესდა, უნდა დაიკრძალოს თუ არა ლეხ კაჩინსკი კრაკოვის ვაველის ტაძარში, მეფეებსა და ეროვნულ გმირებს შორის. გაზეთების უმრავლესობა ამ ინიციატივას უარყოფითად შეხვდა.

ავსტრიაში გამომავალი „პრესე“ 16 აპრილის ნომერში წერს, ბევრი პოლონელის აზრით, ლეხ კაჩინსკი ვაველში არ უნდა დაკრძალონო. სტატიაში ნათქვამია, რომ კაჩინსკის ვაველის ტაძარში დაკრძალვის ინიციატივას კრაკოვის არქიეპისკოპოსმა, სტანისლავ ძივიშმა დაუჭირა მხარი - როგორც სჩანს მხოლოდ გარდაცვლილების ოჯახებთან შეთანხმების შემდეგ. „არქიეპისკოპოსმა არ იცის, რომ სიცოცხლეში ლეც კაჩინსკი საკმაოდ საკამათო სახელის პოლიტიკოსი იყო, და სიკვდილის წინ მისი რეიტინგი უკვე 20 პროცენტამდე იყო დაცემული?“ - კითხულობს გაზეთი და იქვე კიდევ ერთ შეკითხვას სვამს - „

ის მართლაც იმსახურებს დაკრძალვას იმ ადგილას, სადაც [ეროვნული გმირი] ტადეუშ კოსციუშკო [პოლონეთის განდევნილი მთავრობის პრემიერ-მინისტრი] ვლადისლავ შიკორსკი, [ცნობილი პოეტი] ადამ მიცკევიჩი და [1918 წლის შემდეგ დამოუკიდებელი პოლონეთის პირველი ლიდერი] იუზეფ პილსუდსკი განისვენებენ?“ - ვკითხულობთ ავსტრიული „პრესეს“ 16 აპრილის ნომერში.
XS
SM
MD
LG