Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 23 აპრილი 2010


”რეზონანსი” დღეს წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის ბათუ ქუთელიას ვლადიმერ ჩაჩიბაიათი შესაძლო შეცვლის შესახებ. გაზეთი მკითხველს შეახსენებს: ”ჩაჩიბაია ჯერ გაერთიანებული შტაბის უფროსი იყო, თუმცა თანამდებობა მან ბაჩო ახალაიასთან დაპირისპირების გამო დატოვა. ჩაჩიბაიამ გააპროტესტა ის, რომ გენშტაბის საქმიანობაში უხეშად ერეოდა კუდ-ის ყოფილი შეფი, დათა ახალაია. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ ის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მაგრამ თანამდებობა მალევე დატოვა.”

”ვერსიის” ავტორი წერს, რომ გაზეთს ხელში ჩაუვარდა ”ნაციონალური მოძრაობის ”ფრიად საინტერესო დოკუმენტი ”, რომელსაც მანვე პირობითად ”ნაციონალების კოორდინატორების წამახალისებელი დოკუმენტი” დაარქვა და რომელშიც ჩამოთვლილია წახალისების მეთოდები - დაწყებული 50-70 ლარიანი პრემიებით, ოჯახის წევრის დასაქმებით დამთავრებული. ”ხელისუფლება არჩევნებში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩვენი ჯიბის ფულს, ქვეყნის ბიუჯეტს არ იშურებს. ოპოზიცია არჩევნებს აშარჟებს. ამ ყველაფერს ერთად კი სუპერთანამედროვე ქართულ ენაზე ერთი სიტყვა ჰქვია - ”გვეკაიფებიან”! ”

”ვერსიაშივე” დეპუტატ გია თორთლაძესთან ინტერვიუ ქვეყნდება: ”რა შეიცვალა კობა დავითაშვილისა და ზვიად ძიძიგურის პარტიებისთვის? თუ მაშინ არ შეიძლებოდა პარლამენტში შემოსვლა, დღეს რატომ შეიძლება საკრებულოში შესვლა? ისინი ემზადებიან იმისთვის, რომ ან არჩევნები ტოტალურად მოიგონ და თვითონ შევიდნენ იქ უმრავლესობით, ან წავიდნენ დესტაბილიზაციაზე”, - ამბობს თორთლაძე.

”რეზონანსის” შეკითხვაზე, ”ამ გადმოსახედიდან, აქვთ თუ არა ოპოზიციონერ კანდიდატებს შანსი გაიმარჯვონ”, რამაზ საყვარელიძე პასუხობს: ”საერთოდ, გამორიცხული არაფერია და არის გარკვეული შანსები იმის მიხედვით, თუ როგორ იმოქმედებენ კანდიდატები ბოლო თვეში. მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებას არ უნდა უგულავა და ცდილობს, რომ მისი რეიტინგის ზრდას შეუწყოს ხელი, ასეთ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება, ოპოზიციონერი მერი ვიხილოთ თბილისის სათავეში.”

”ახალი თაობის” კორესპონდენტი ესაუბრა უფლებადამცველ გელა ნიკოლაიშვილს, რომელიც ამბობს: ”ეს წინასაარჩევნო პერიოდი სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ არის მთავარი. რა თქმა უნდა, სააკაშვილს პირადი, შორსმიმავალი გეგმები აქვს. ის სულაც არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. ის განიხილავს ვარიანტებს, რა ფორმით უნდა დარჩეს საქართველოს პოლიტიკაში ხელმძღვანელად და არა რიგით პოლიტიკოსად.”

დღევანდელ პრესაში წაიკითხავთ ”საქართველოს ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობასა” და ”რუსეთის ქრისტიან-დემოკრატების საინიციატივო ჯგუფს” შორის მემორანდუმის გაფორმების შესახებ. ”საქართველოს რესპუბლიკის” სტატიის სათაური: ”გაყოფილი ხედვები და გაყოფილი გზები ქართველებსა და ქართველებს, რუსებსა და რუსებს შორის. ვინ არის მოღალატე?” - ავტორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ”რუსეთის ოფიციოზი მსგავს ვიზიტებს შედარებით კონსტრუქციულად უყურებს, განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომელსაც რუსეთში ქართველების ჩასვლა ამა თუ იმ მოტივით ძალიან აშფოთებს”.

”24 საათში” კი წაიკითხავთ, რომ ”რუსეთის ქრისტიან-დემოკრატების საინიციატივო ჯგუფი” ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის: ”რუსული კანონმდებლობის თანახმად, პოლიტიკური პარტიის სახელწოდებაში არ უნდა იყოს რელიგიის აღმნიშვნელი სიტყვა. შესაბამისად, საინიციატივო ჯგუფი, როგორც პოლიტიკური პარტია, რეგისტრირებული არ არის. საინციატივო ჯგუფი ნაწილია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა, რომელიც 1989 წელს დაფუძნდა.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG