Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოვლენებით სავსე კვირა თბილისსა და სტრასბურგში


გთავაზობთ განვლილი კვირის მიმოხილვას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოდან შორს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განვითარებულ მოვლენებს შეეხება, თუმცა უყურადღებოდ არც უშუალოდ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს დავტოვებთ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა რუსეთ-საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუციის მიღებას. დელეგაციის წევრები აღაშფოთა ბრიტანელი კოლეგის დევიდ უილშირის საქციელმა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებელი დევიდ უილშირი სტრასბურგში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელს მოსკოვში გახსნილ საელჩოში შეხვდა.ოფიციალურმა თბილისმა პროტესტი გამოხატა არა უშუალოდ შეხვედრის ფაქტთან, არამედ შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა პეტრე ცისკარიშვილმა ეჭვი შეიტანა უილშირის რეპუტაციაში და რეზოლუციის მიღებაზე უარის თქმა ასე ახსნა:

„რეზოლუციების მიღების ბიზნესში კი არ ვართ! სამი მკაფიო და მკაცრი რეზოლუცია უკვე მიღებული აქვს ევროსაბჭოს. ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო კიდევ ერთი, მაგრამ ვიფიქრეთ უფრო გრძელვადიან გათვლაზე, რომ ასეთი პრეცედენტების დაშვება იქნებოდა ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. უარს ვამბობთ რეზოლუციის მიღებაზე მანამ, ვიდრე მკაცრად არ დაიგმობა თანამომხსენებლის ეს საქციელი ან ეს კაცი საერთოდ არ მოიხსნება რეზოლუციებზე მომუშავე ჯგუფიდან.“

პეტრე ცისკარიშვილმა ეს განცხადება რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ასამბლეის სხდომების გასაშუქებლად გასულ კვირას სტრასბურგში იმყოფებოდა რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტი კობა ლიკლიკაძე, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა ბრიტანელ დეპუტატს. უილშირმა განაცხადა, რომ მოსკოვში შეხვედრა არა საელჩოში, არამედ ჩვეულებრივ ოფისში გაიმართა, რათა ანგარიშისათვის საჭირო ინფორმაცია მიეღო:

„სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელს რაღაც ოფისში შევხვდი. ეს არ იყო საელჩო, რადგან ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ნებისმიერი განცხადება, რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელთან ჩემი საუბარი რაიმე ისეთის აღიარებას ნიშნავს, რასაც ევროსაბჭო არ აღიარებს, აბსოლუტური ნონსენსია.რაც შეეხება იმას, ვთამაშობ თუ არა მოსკოვის თამაშს, არა, არავის თამაშს არ ვთამაშობ. თუ ვინმეს თამაშს ვთამაშობ, ეს ევროპის საბჭოს თამაშია. იმისთვის, რათა ამ ტრაგედიას ბოლო მოეღოს, ერთადერთი რამის გაკეთება შეგვიძლია: ხალხი ერთმანეთს დავალაპარაკოთ.“

როგორც უკვე ითქვა, საქართველო-რუსეთის ომის შედეგების განხილვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე ახალი რეზოლუციის მიღების გარეშე დასრულდა, თუმცა მანამდე მოხსენებით გამოვიდა ჰაიდე ტალიავინი, ევროკავშირის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების გამო საქართველოც დაადანაშაულა და რუსეთიც.

გასულ კვირაშივე ასევე სტრასბურგისკენ იყო მიპყრობილი ქართველი უფლებადამცველების ყურადღება. 27 აპრილს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაასრულა მხარეების ზეპირი მოსმენა საქმეზე, სახელწოდებით „ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი - საქართველოს წინააღმდეგ“. აი, რა განაცხადა მოსარჩელე მხარის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში:

„სასარჩელო განცხადება იმდენად მყარ არგუმენტებსა და მტკიცებულებებს ეყრდნობა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სერიოზული პრეცედენტი იქნება საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც ყველანაირად ცდილობდა დაემალა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ფაქტი, აეცილებინა მკაცრი სასჯელი მკვლელებისათვის, ხოლო 2009 წლის ნოემბერში ციხიდან გაეთავისუფლებინა ისინი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტის საფუძველზე.“

გასულ კვირაში ადვოკატები თბილისშიც აქტიურობდნენ. ეკა ბესელიას მიერ დაარსებულმა მოძრაობამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ პარლამენტის წინ ჯერ აქცია გამართა, შემდეგ კი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად რუსთაველის გამზირი გადაკეტა.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები, საპროტესტო აქციების პარალელურად, განაგრძობდნენ ამომრჩევლებთან შეხვედრასაც. 30 აპრილს ამოიწურა რეგისტრირებული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ თბილისის მერობის კანდიდატების, პარტიული სიებისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის ვადა. უკვე ცნობილია, რომ დედაქალაქის მერობისათვის 9 კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის - თბილისის დღევანდელი მერი გიგი უგულავაც. ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა სოზარ სუბარის, „ალიანსი საქართველოსათვის“ თანათავმჯდომარის, საარჩევნო სიის მიღმა დარჩენა. თავად სოზარ სუბარმა ეს ფაქტი ასე ახსნა:

„მე მგონი, საკრებულოს წევრობა და უდიდესი ფრაქციის თავმჯდომარეობა მაინც გარანტირებული მექნებოდა, ხომ? სწორედ იმის ჩვენება მინდა, რომ არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი არც რამე თანამდებობა და არც რამე პოზიცია. მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილს რამენაირად წავართვათ ძალაუფლება, იმიტომ რომ ეს არის ამ ქვეყნის ძალაუფლება. 30 მაისამდე დარჩენილი დროის განმავლობაში მნახავთ ყველგან, სადაც კი ბრძოლაა. არა მხოლოდ თბილისში, არამედ ბათუმში, ქობულეთში, ზუგდიდში, კახეთში და, რა ვიცი, ყველგან ვიქნები, სადაც კი საჭიროა. ”

გასულ კვირაში ასევე აქტიურობდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციები. 29 აპრილს ავტორიტეტიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ”ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა მორიგი ყოველწლიური ანგარიში, სახელწოდებით ”პრესის თავისუფლება 2010”, რომლის მიხედვითაც, საქართველო, წინა წელთან შედარებით, ერთი ქულით დაწინაურდა, თუმცა, „ფრიდომ ჰაუსის" კვლევის ხელმძღვანელის ქრისტოფერ უოკერის თქმით, საქართველო მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ ”ნაწილობრივაა” თავისუფალი.

კვირის მიწურულს კი თბილისს ეწვია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი თომას ჰამარბერგი, რომლის განცხადებითაც, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები: ადამიანებს კვლავ აკავებენ, ზოგიერთი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, მათი ოჯახები კი საკითხის გადაწყვეტას ელოდებიან. უნდა ითქვას, რომ ჰამარბერგის იმედი აქვთ როგორც ცხინვალის ციხეში მყოფი ქართველი პატიმრების ნათესავებს, ასევე თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცხინვალში ამტკიცებენ, რომ საქართველოს სპეცსამსახურებს თვითაღიარებული რესპუბლიკის შვიდი მოქალაქე ჰყავთ გატაცებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჰამარბერგი რეგულარულად სტუმრობს საქართველოს - როგორც თბილისს, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG