Accessibility links

logo-print

ობამა „გამომაფხიზლებელ შეხსენებად“ მიიჩნევს ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობას


აშში-ს გენერალურმა პროკურორმა, ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ ნიუ იორკში, ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილს, ამერიკის პაკისტანური წარმოშობის მოქალაქეს ტერორიზმის და მასობრივი განადგურების იარაღის მუხლით წაუყენეს ბრალი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უსაფრთხოების მხრივ არსებული პრობლემების „გამომაფხიზლებელი შეხსენება“ უწოდა ნიუ-იორკში აფეთქების მოწყობის მცდელობას. ობამას ეს განცხადება მოჰყვა ამერიკის მოქალაქის, პაკისტანში დაბადებული ფაიზალ შაჰზადის დაპატიმრებას ტაიმს სკვერზე აფეთქების მოწყობის მცდელობაში ბრალდების საფუძველზე. გენერალური პროკურორის თანახმად, შაჰზადმა გამოძიებას ფასეული ინფორმაცია მიაწოდა და მან აღიარა თავდასხმაში თავისი როლი. მედიამ გაავრცელა ცნობა პაკისტანის უშიშროების სამსახურის უცნობი თანამშრომლის ნათქვამზე დაყრდნობით, რომ კარაჩიში, სულ მცირე ერთი დაპატიმრება მოხდა ნიუ იორკის ინციდენტთან დაკავშირებით. ვაშინგტონში პაკისტანის საელჩომ განაცხადა, რომ არ აქვს ამის თაობაზე ინფორმაცია. შაჰზადი ნიუ იორკის ერთ-ერთ აეროპორტში დააკავეს, როცა ის დუბაიში გამგზავრებას აპირებდა. როგორც ობამამ დღეს ვაშინგტონში განაცხადა, გამოძიების ფედერალური ბიურო და სხვა უწყებები იძიებენ ეჭვმიტანილის შესაძლო კავშირს ტერორისტულ ჯგუფებთან. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არ შეუშინდება თავდასხმის ამ მცდელობას და მართლმსაჯულება იზეიმებს.
XS
SM
MD
LG