Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კულტურული მიმოხილვა, 9 მაისი


ადოლფ ჰიტლერის ”ჩემი ბრძოლა” თბილისში, ქუჩაში წიგნით მოვაჭრეთა დახლზე
ადოლფ ჰიტლერის ”ჩემი ბრძოლა” თბილისში, ქუჩაში წიგნით მოვაჭრეთა დახლზე
მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს საქართველოშიც ზეიმობენ, თუმცა, ტრადიციულად, 9 მაისი მხოლოდ ომის ვეტერანთა გახსენებით და მათი დაჯილდოებით აღინიშნება ხოლმე. დრო გადის. ამ ადამიანების რიცხვი სულ უფრო და უფრო მცირდება... არ არის გამორიცხული, მომავალში მეორე მსოფლიო ომის დასასრულის აღნიშვნა საერთოდ აღარ იყოს აქტუალური.. მით უმეტეს, რომ ფაშიზმისა და ნაციზმის ფენომენის გააზრება ქართულ კულტურაში, ფაქტობრივად, არ მომხდარა. ადამიანების, მათ შორის კულტურის მუშაკების ერთი ნაწილი კვლავაც ამტკიცებს, რომ ფაშიზმი ისტორიული მოვლენაა და, როგორც ისტორიული მოვლენა, ფაშიზმი დასრულდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე. ახალგაზრდულ გადაცემაში ”კედელი”, რომელიც საზოგადოებრივი არხის ეთერში გადიოდა, ერთმა ახალგაზრდამ, მაგალითად, განაცხადა:

” საზოგადოების 85 პროცენტი არის მართლმადიდებელი, ეროვნული, ტრადიციული და ზნეობრივი... ასე უნდა ირჩეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის უფროსიც და წამყვანებიც - ზნეობრივები და მართლმადიდებლები უნდა იყვნენ.”

ესაა ნაწყვეტი ახალგაზრდული პროგრამიდან ”კედელი”, რომელიც საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში გადიოდა. არსებითად, ამ ახალგაზრდა კაცის გამოსვლაში განსაკუთრებული არაფერია. ტექსტი ნაცნობია და უკვე ძალიან ბანალური. ერთი შეხედვით, ფაშიზმსაც არ უნდა უკავშირდებოდეს. მაგრამ სწორედ ეს რიტორიკა ხდება საფუძველი აგრესიული ნაციონალიზმისა, რომელსაც თანამედროვე საქართველოში, თანამედროვე ქართულ კულტურაში ბევრი არაფერი უპირისპირდება. უფრო პირიქით, ასეთი რიტორიკის მასობრივი ტირაჟირება გრძელდება და სწორედ ეს რიტორიკა განსაზღვრავს თანამედროვე ქართულ მასკულტურას, საერთოდ.

ჯერჯერობით, თითქმის არავინ უხსნის ადამიანებს, რომ უცხოს შიშს, ქსენოფობიას ამ უცხოს ”არცოდნა” განაპირობებს და რომ მრავალფეროვან საზოგადოებაში ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ერთფეროვნება. ქართული კულტურა, თავისი მრავალფეროვნებით რომ ამაყობდა, ამ თემას გვერდს უვლის. არასამთავრობო ორგანიზაციებს კი არ ჰყოფნით გამბედაობა, რესურსები და, შეიძლება, ნიჭიც, მრავალფეროვნების უპირატესობა დაანახვონ საზოგადოებას. ამასობაში თბილისში, წიგნის დახლებზე, სულ სხვა წიგნები იყიდება - მაგალითად, ადოლფ ჰიტლერის ”ჩემი ბრძოლა”... გამომცემლობა, მთარგმნელი მითითებული არ არის. გამყიდველს ვკითხეთ, რამდენად კარგად იყიდება ჰიტლერის წიგნი და უფრო მეტად ვინ ყიდულობს ამ ერთლარიან გამოცემას. ძირითადად, სტუდენტებიო, გვითხრა.

მაგრამ მხოლოდ ერთლარიანი ჰიტლერი როდი იყიდება. იყიდება ნაციზმის ხარისხიანად დაბეჭდილი პანეგირიკებიც - მაგალითად, გრიგოლ რობაქიძის ”ჰიტლერი” და ”მუსოლინი”. ”მუსოლინი” ნანა გოგოლაშვილმა თარგმნა, ”ჰიტლერი” - დალი ფანჯიკიძემ. ორივე ტექსტის ორიგინალი აქამდე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ფონდში ინახებოდა.

"არტანუჯის" გამოცემულ წიგნს "მუსოლინი" ყდაზე აწერია: "ომის პირველ წლებში ორი პატარა წიგნი გამოვეცი: «ჰიტლერი» და «მუსოლინი». აქვე დავძენ: არც პირველია ნაცისტური და არც მეორეა ფაშისტური, ამ თემებს მე განსაკუთრებული სულიერი თვალთახედვით ვუყურებდი" - ამას სწერს გრიგოლ რობაქიძე ბერძენ მწერალს, ნიკოს კაზანძაკისისს... და ამით გამომცემლობა თითქოს თავს იმართლებს, ამტკიცებს, რომ გრიგოლ რობაქიძის ”განსაკუთრებული სულიერი თვალთახედვა” შემოქმედებაა და არა იდეოლოგია და, მით უმეტეს, არაა ნაციზმის თუ ფაშიზმის პროპაგანდა.

მიუხედავად ამისა, ”მუსოლინისა” და ”ჰიტლერის” გამოცემებს უკვე მოჰყვა ზოგიერთი ქართველი ინტელექტუალის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია. ფილოსოფოსი გიგა ზედანია, მაგალითად, მიიჩნევს, რომ ასეთი ხასიათის წიგნების გამოცემა კრიტიკული კომენტარის გარეშე დაუშვებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომელიც დასავლეთთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის.

გემოვნებასა და წიგნის მხატვრულ ღირსებებზე კამათი, რა თქმა უნდა, შეიძლებაო, ამბობს გიგა ზედანია და შეგვახსენებს ზოგიერთ ციტატას წიგნიდან, მაგალითად, ”ქართული ბუნების” რობაქიძისეულ კვლევას: ”ჩვენში, საქართველოში, ეს იდეა ენაშიც კი ცნაურდება. ქართველს ვინმეს შეურაცხყოფა თუ უნდა, შე უჯიშოო, ეტყვის, რაიც რასის არმქონეს ნიშნავს, ხოლო უძლიერესი ქართული წყევლა ასეთია: შენი ჯიში ამოვარდაო”.

მაგრამ საქართველოში საზოგადოების ცალკეულ ჯგუფებს პროტესტი არ გამოუხატავთ არც ”ჰიტლერ-მუსოლინის” პანეგირიკების და არც ადოლფ ჰიტლერის ”ჩემი ბრძოლის” გამოცემის მიმართ... საქართველოში ჯერჯერობით სხვა წიგნები განიხილება ქართული მენტალობისთვის საშიშ და შეურაცხმყოფელ ტექსტებად... მაგალითად, ირაკლი დეისაძის ”საიდუმლო სირობა”...

ამიტომ არაა შემთხვევითი ის, რომ ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფებმა 2010 წლის გაზაფხულზე ფაშიზმის აღორძინებაზე დაიწყეს ლაპარაკი. სხვათა შორის, ის ახალგაზრდული პროგრამა ”კედელი”, რომლითაც ჩვენი სიუჟეტი დაიწყო, აღარ არსებობს.. ”კედელი” დაიხურა და ის პატარა სივრცეც გაქრა, სადაც ახალგაზრდებს საჯაროდ შეეძლოთ ემსჯელათ ფაშიზმის, ნაციონალური და რელიგიური ექსტრემიზმის საფრთხეზე.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG