Accessibility links

დასაქმება და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება პოლიტიკური პარტიების მთავარი საარჩევნო დაპირებებია. განსხვავება ის არის, რომ პარტიები პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზას სთავაზობენ ამომრჩეველს.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ქუთაისელებს 1500-დან 2000-მდე სამუშაო ადგილს წელსვე ჰპირდება. „ალიანსის“ სიის პირველი ნომრის, მამუკა მღვდელაძის, თქმით, ისინი, გამარჯვების შემთხვევაში, მცირე ბიზნესს კრედიტებით წაახალისებენ.

„ალიანსი“ ბავშვებსა და პენსიონერებს უფასო მედიკამენტებს ჰპირდება. „ალიანსის“ საარჩევნო პროგრამის მესამე პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

„ეროვნული საბჭო“ ქუთაისელ ამომრჩეველს მუნიციპალური საავადმყოფოს აშენებას ჰპირდება. საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერი, შოთა ბურჯანაძე, აცხადებს, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მიაღწევენ ჯანდაცვის პროექტების ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებას.

„ეროვნული საბჭო“ ქუთაისელებს დასაქმებასაც ჰპირდება. საბჭოს წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ მათ მიერ ხელშეწყობილი ბიზნესი გასაღების ბაზარს მოიპოვებს და დაპირება დასაქმების თაობაზე დაპირებად არ დარჩება.

ქრისტიან-დემოკრატების საარჩევნო პროგრამა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, უფრო ვრცელია და სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, ქრისტიან-დემოკრატი გოგი შავგულიძე ამომრჩეველს თვითმმართველობაში ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას ჰპირდება, კერძოდ - მერიაში ევროპული მოდელის მოქალაქეთა მისაღების გახსნას.

დასაქმება და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება მმართველი პარტიის პრიორიტეტებია, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა დაპირებებსაც იძლევა, რომლებიც იმის მიხედვით იცვლება, რომელ დასახლებას რა პრობლემა აქვს. ნაციონალები აცხადებენ, რომ ქალაქში დაწყებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება და ქუთაისი ნამდვილად მეორე დედაქალაქი გახდება.
XS
SM
MD
LG