Accessibility links

logo-print
დღეს მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. მეგობრის, ფრიდონ ხალვაშის საიუბილეო საღამოზე მისულ პოეტს გულის შეტევა დაემართა.
მუხრან მაჭავარიანი 81 წლის იყო.
15 წლის წინ მან ასეთი ეპიტაფია დაწერა,

წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე:
(ქვედაზეც, ზედაზეც, —
მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც)

შენი არ იყოს, — ჩემო ირაკლი! —
ვერ ვიდევგმირე! — ვერ ვიწინაპრე! —
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! —
მამულმა შენებრ შემიწირა მე.

იგი მუდამ “მამულზე” ფიქრობდა, ხოლო მისი უმთავრესი პოეტური კონცეპტი ყოველთვის სისხლი იყო, სისხლი და თავგანწირვა, ქვეყნისთვის თავდადება.
უკვე ფორმულად იქცა მისი სტრიქონები:

და დღეს -
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს -
სულხანის ნაქონი სისხლით -
თბილისის ფართო ქუჩებში დადის....

დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ სახელებს მუხრან მაჭავარიანის სახელიც შეუერთდა და თანამედროვე ქართული პოეზიის სისხლმა უკანასკნელად სწორედ მის გულში გაიარა. გაიარა სულ რამდენიმე საათის წინ.
მუხრან მაჭავარიანი XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა იყო. მისი ლექსი ყოველთვის ჭრიდა სიმართლით, სიმწვავით, ოსტატობით. ბოლო წლებში იგი სოფელს დაუბრუნდა, დაუბრუნდა ლექსებს, რომლებიც მანამდე სხვანაირად ჟღერდა, მარტოობაში კი უცებ ასეთი სტრიქონებიც მოვისმინეთ მისგან:

ერწყმის მდუმარებას ბინდი ზებუნებრივს.
და დუმს ბროწეული.
და დუმს ალუბალი.
სხედან აივანზე მოხუცებულები, -
სინანულისანი
მესმის
გალობანი.

მართალია, მუხრან მაჭავარიანმა მოხუცებულობამდე მიაღწია, მაგრამ მისი გარდაცვალება ძალიან მოულოდნელი იყო. ასეთი აღსასრული ქართული პოეზიის ისტორიას არც ახსოვს, ყოველ შემთხვევაში, უკანასკნელი 50 წლის მანძილზე, 1959 წლიდან მოყოლებული, ასეთ ტრაგედიას, ასე თვალსაჩინოს და ცხადს, ვერავინ გაიხსენებს.

დღეს მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. პოეტი, ვინაც ხმამაღალ სიტყვასაც ამბობდა და სევდიანსაც, მწარე სიმართლითაც გვაფხიზლებდა და ოცნებობდა კიდეც. აი მისი ერთ-ერთი ოცნება:

ოცნება ვრცელდება სინათლის სისწრაფით,
მინდა არხებივით მკლავების გაშლა,
ავრბივარ მთაზე და იქიდან ვიძახი:
- ვაშა, სიცოცხლეო, ვაშა!
XS
SM
MD
LG