Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალკოჰოლიზმისგან დამცველი გენი


ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ალკოჰოლზე. როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა ნათელყვეს, აღმგზნებად მოქმედებს ის თუ დამამშვიდებლად - ეს გენეტიკური მიზეზებით არის განპირობებული. მაგალითად, გარკვეული ტიპის გენების მქონე ადამიანებს ალკოჰოლი უფრო მეტად ღლის და, შესაბამისად, მათ შემთხვევაში ნაკლებია ალკოჰოლზე დამოკიდებულების, ალკოჰოლიზმის საფრთხე. გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურალში "Alcoholism: Clinical & Experimental Research".

როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი, მისურის უნივერსიტეტის თანამშრომელი, დენის მაკკართი ამბობს, გენების იმ ვარიანტების შესწავლას, რომლებიც ალკოჰოლის გადამუშავებისთვის პასუხისმგებელი ფერმენტის შესახებ ინფორმაციას შეიცავს, შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს იმის დასადგენად, თუ რატომ სვამს ადამიანი ალკოჰოლიან სასმელს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ ადამიანებს, რომლებსაც ალკოჰოლიზმისკენ აქვთ მიდრეკილება. მან და მისმა კოლეგებმა 91 აფროამეიკელის გენეტიკურ მემკვიდრეობაში გააანალიზეს ალკოჰოლის დეჰიდროგენაზის ფერმენტის გენები.

ძველი გამოკვლევებიდან ცნობილი იყო, რომ მოსახლეობის ამ ნაწილში ხშირია გენების იმ ვარიანტების შემთხვევები, რომლებიც ალკოჰოლიზმის რისკს ამცირებს. ახალმა გამოკვლევებმა კი ცხადყო, რომ ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებისას ამ ადამიანებს უფრო სწრაფად უჩქარდებათ პულსი და ორნახევარი საათის განმავლობაში ბევრად უფრო მეტად იღლებიან, ვიდრე ცდაში მონაწილე სხვა პირები. „სწორედ ამით შეიძლება იხსნებოდეს ის, რომ ისინი ცოტას სვამენ, ვინაიდან ძლიერი ალკოჰოლიზმი მათ დისკომფორტს უქმნის და არ აღაგზნებს ან არ უხსნის მათ შებოჭილობას,“ ამბობს მაკკართი.

შესალოა, ამ გენის დამცველი ფუნქციის სიმულირება მოხერხდეს მედიკამენტით, რომელიც დააჩქარებდა ალკოჰოლის დეჰიდროგენაზის აქტიურობას. მსგავსი პრინციპით მოქმედებს ალკოჰოლიზმის სამკურნალო საშუალება დისულფირამი (ეს წამალი აფთიაქებში ანტაბუსის სახელით არის ცნობილი). ის ალკოჰოლიანი სასმელების მიმართ ამტანობას ამცირებს და ალკოჰოლის დეჰიდროგენაზის მეშვეობით ალჰოკოლიდან წარმოქმნილი აცეტალდეჰიდის გადამუშავებას აფერხებს. ამით ის ბაძავს ალდეჰიდ-დეჰიდროგენაზის გენის იმ ვარიანტს, რომელიც აზიატებს შორისაა გავრცელებული: ალკოჰოლის მოხმარებისას მათ სხეულში მკვეთრად იზრდება აცეტალდეჰიდის დონე და თავის ტკივილსა და გულის რევას იწვევს.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლიზმის კომპლექსური მიზეზების ახსნა არ შეიძლება მხოლოდ ცალკეული გენების ვარიანტებით. გენეტიკური კომპონენტების გარდა, ალკოჰოლიზმის განვითარებაზე გავლენას ახდენენ გარემოსთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG