Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკა ჩახუნაშვილი - მედიაექსპერტი


კვირა, 2 მაისი
დღევანდელი დღე იშვიათი გამონაკლისია – არსად ვარ ადრიანად წასასვლელი და შემიძლია თავს უფლება მივცე, დილა კითხვაში გავატარო. ის, რის წაკითხვასაც ამ კვირის განმავლობაში ვაპირებ, ლოგინის გვერდით მიწყვია – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2009 წლის ანგარიში, ჟურნალი “ცხელი შოკოლადი” და ლორი ქვილეტის წიგნი Viewers like you? How Public TV Failed The People. ნიუიორკელი პროფესორის ეს წიგნი ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიას აღწერს და ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ტელევიზიის დამცველთა ტრადიციულ არგუმენტებს და თავისუფალი ბაზრის კრიტიკოსთა მოსაზრებებს. წიგნის კითხვას ორი დღის წინ შევუდექი, თუმცა უდროობის გამო პირველ თავს ვერ გავცდი. ის ბარბარა ჰაინსმა გამომიგზავნა, წიგნებით სავსე ოთხ ყუთთან ერთად. ბარბარა ჟურნალისტიკის პედაგოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტია და ვაშინგტონში, ჰოვარდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ხელმძღვანელობს.

საერთოდ, ძალიან გამიმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩემი პროფესიის წყალობით ბევრ ძალიან კარგ ადამიანს ვხვდები. ბარბარას ამ ადამიანთა შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს...
თავისუფლების დღიურები - ლიკა ჩახუნაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:11:23 0:00

საჩუქრად წიგნების მიღება ძალიან მახარებს. ყველა ნაცნობს წიგნებს ვთხოვ, ორგანიზაციებს კი – ფულს წიგნების სათარგმნელად. ეს ერთადერთი რამაა, რისი თხოვნისაც არ მრცხვენია. ბარბარას გამოგზავნილ წიგნებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში აღვრიცხავთ და ისინი ყველა სტუდენტისა და ლექტორისათვის ხელმისაწვდომი გახდება.

“ცხელი შოკოლადის” ფურცვლას ვიწყებ. მიყვარს თვის ბოლო იმის გამო, რომ ამ დროს “ცხელი შოკოლადი” გამოდის. ჟურნალს “ვიზოგავ” და ისე ვკითხულობ. ამის მიუხედავად, საკითხავი ერთ კვირაზე მეტ ხანს არ მყოფნის. თუმცა, საფიქრალს მთელი თვის და უფრო მეტი ხნისას მიტოვებს და ჩემთვის ეს არის ამ ჟურნალის მთავარი ხიბლი.
საუზმის მერე საზოგადობრივი მაუწყებლის წლიური ანგარიშის კითხვას ვაგრძელებ. ძნელია, ანგარიში უწოდო ამ საჭირო და არასაჭირო, დაუმუშავებელი მონაცემების კრებულს. ანგარიშის ამ ფორმით წარდგენას წინა სხდომაზე ვუყარეთ კენჭი. მის არსებითად გაუმჯობესებას ვერც ერთ კვირაში შევძლებდით, და ვერც ერთ თვეში და ამიტომ გადავწყვიტეთ, რა ფორმითაც იყო მომზადებული, ამჯერად იმ ფორმით გაგვეგზავნა, და მისთვის დაგვერთო საბჭოს თავმჯდომარის შემაჯამებელი წერილი.
გაჩერებული ვარ ანგარიშის ბოლო ნაწილზე, სადაც შიდა აუდიტის დასკვნები და რეკომენდაციებია მოცემული. ვინიშნავ კითხვებს შემდეგი სხდომისათვის.
საღამოს კაფე “პურპურში” ვხვდები ია მამალაძეს, რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარეს, და არეკ გრუშოტს, პოლონელ გამომცემელს. ია უაღრესად საიმედო, გაბედული და საერთო საქმეზე გადაგებული ადამიანია. არეკი კვირის განმავლობაში რეგიონული მედიის ასოციაციასთან იმუშავებს. რეგიონული გაზეთების გამომცემელთა ასოციაციის გაძლიერება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ პროექტის ნაწილია, რომელსაც გაზეთების მსოფლიო ასოციაციასთან ერთად ახორციელებს „აირექს ევროპა“. ყველა საკითხი წინასწარ გვაქვს შეთანხმებული ელექტრონული ფოსტით, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ გავდივართ დეტალებს, მერე პოლონეთსა და საქართველოზე ვსაუბრობთ. არეკი ჩვენზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანური თვისებებით.
„პურპურიდან” დაბრუნებულს, სახლში მშობლები მხვდებიან, რაც ძალიან მახარებს. თუმცა, აღარც მათთან საუბრის თავი მაქვს და აღარც კითხვის. მალე ვიძინებ.

3 მაისი, ორშაბათი
ორშაბათობით საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს წევრები ვიკრიბებით და ბევრს და ცხარედ ვკამათობთ.

ტელევიზიისკენ გზად “ლიბერალს” ვყიდულობ და სხდომის დაწყებამდე ვფურცლავ. ძალიან ვგულშემატკივრობ “ლიბერალის” ახალგაზრდა გუნდს. ეს ჟურნალი თავისი სამოქალაქო გაბედულებით და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებისადმი ერთგულებით უპრეცედენტოა ქართულ მედიასივრცეში. მასში რეკლამას ისევ ვერ ვპოულობ. ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ბიზნესორგანიზაციები ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებასთან თანამშრომლობას ერიდებიან, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს ამ მედიასაშუალების აუდიტორია მათთვის.

დღეს სხდომაზე გვესწრება ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის მედიაანალიტიკოსი, რასტო კუზელი. სხდომები საჯაროა და ყველა მსურველს შეუძლია მასზე დასწრება. თუმცა, ამ უფლებით მოქალაქეები იშვიათად სარგებლობენ. დღეს ვხვდებით არქივის ხელმძღვანელს, ვისგანაც ვიგებთ, რომ შენობაში, სადაც უნიკალური ფირები ინახება, რა ხანია, დაზიანებული სახურავიდან წყალი ჩადის. წვიმების დროს ფირის კოლოფები სულ დასველებულა. ფირები კი გადარჩა, მაგრამ ამ პრობლემის უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ტექნიკური პრობლემის გამო შეფერხებით მიმდინარეობს ფირების ციფრულ ფორმატში გადაყვანა.

ყველანი აღშფოთებას გამოვთქვამთ, მათ შორის საბჭოს ის წევრები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოში არიან და, წესით, ამ საკითხით ბევრად უფრო ადრე უნდა დაინტერესებულიყვნენ, და მის მოგვარებაზეც უნდა ეზრუნათ.

სამოქმედო გეგმას ვსახავთ. გიორგი მელაძე გვთავაზობს, დახმარება საზოგადოებას ვთხოვოთ – შევაგროვოთ ფული არქივის გადასარჩენად და ეს ინიციატივა საერთო-სახალხო პროექტად ვაქციოთ. იდეა შესანიშნავი იქნებოდა, ამ გზას ისეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი რომ მიმართავდეს, რომელიც ხალხისაგან მინდობილ თანხებს მომჭირნედ და მხოლოდ საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ პროექტებზე ხარჯავს. მაგრამ რა უფლებით უნდა მიმართოს ხალხს დამატებითი სახსრების თხოვნით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც ბიუჯეტის დაგეგმვას ვერ ახერხებს იმის გამო, რომ არ აქვს შემოსავლებისა და ხარჯების პროგნოზირების უნარი? რომელიც მის ხელთ არსებულ რესურსებს უყაირათოდ და უპასუხისმგებლოდ განკარგავს? რომელსაც შეუძლია, ორ მილიონ ლარზე მეტი „ევროვიზიას“ დაახარჯოს და, თანაც, იმ დროს, როცა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მისი სიგნალის მიღებას ვერ ახერხებს გადამცემების გაუმართაობის გამო; რომელიც, არაკომპეტენტური მენეჯმენტის პირობებში წარმოქმნილი დავალიანებებით დამძიმებული, თავს უფლებას აძლევს ახალი არხი დააფუძნოს და „პირველი კავკასიურით“ სახიფათო პოლიტიკურ თამაშებში ჩაებას?

სხდომის შემდეგ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მივდივარ ცოტა ხნით. კიბეზე კამილა მამედოვა მხვდება. კამა ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია და “რადიო ჯიპაში” მუშაობს. რადიოს ნიუსრუმი საპროფესროს გვერდითაა და კამას ყოველთვის ვხვდები, როცა კი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მივდივარ. ამ სასწავლებელში ჩაბარებამდე კამა სათემო რადიოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, იმ რადიოსი, ევროკავშირის დაფინანსებით რომ დააფუძნა ბი-ბი-სის მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის ფონდმა. მაშინ მე სათემო რადიოს განვითარების პროექტის დირექტორი ვიყავი. კამას ყოველ დანახვაზე სინდისის ქენჯნა მიახლდება – იმ იმედების გამო, რომელიც ადამიანებში გავაჩინეთ მარნეულსა და ნინოწმინდაში და რომლებიც რეალობად ვერ ვაქციეთ. ამ ორი პატარა სათემო რადიოსთვის სამაუწყებლო ლიცენზიის მიღება ვერ შევძელით, ჩემთვის დღემდე უცნობი მიზეზებით.

სახლში დაბრუნებული, ია მამალაძესა და ია ბობოხიძეს, ქუთაისის “ახალი გაზეთის” გამომცემელს ვუყურებ “მაესტროზე”. ისინი იმ სიძნელეებზე საუბრობენ, რასაც რეგიონული მედია აწყდება. 3 მაისი – მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე - საქართველოს რეგიონულმა გაზეთებმა იმით აღნიშნეს, რომ 16 გაზეთის პირველი გვერდები ცარიელი დატოვეს. ამ აქციით მათ გააპროტესტეს წინააღმდეგობა, რასაც, საჯარო ინფორმაციის მოპოვებისას, ჟურნალისტები ჩინოვნიკებისგან აწყდებიან.

4 მაისი, სამშაბათი
დღეს სასტუმრო “პრიმავერას” საკონფერენციო დარბაზში ვატარებ, სადაც არეკი რეგიონული მედიის ასოციაციის წევრებთან მუშაობს. ტრენინგზე ასოციაციას ბევრ სასარგებლო მასალას ვაწვდით, მათ შორის პრესის გამომცემელთა კეთილსინდისიერი საქმიანობის კოდექსს.

ამგვარი სწავლების ორგანიზება უკვე რვა წელია ჩემი საქმიანობის ნაწილია. Media developer ითარგმნება, ალბათ, როგორც მედიის ხელშემწყობი. მგონი, სწორედ ეს არის ის, რაც ჩემს პროფესიას შემიძლია ვუწოდო.

ძალიან მახარებს ის გარემოება, რომ საქართველოში მალე კიდევ უფრო გააქტიურდება საქმიანობა, რომელიც მედიის პროფესიონალიზმის ამაღლებისა და მედიაბიზნესის დამოუკიდებლობის გამყარებისკენ იქნება მიმართული.

5 მაისი, ოთხშაბათი
დღესაც „პრიმავერაში“ ვარ, ტრენინგზე...
3 მაისს დასრულდა პროექტების მიღება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონკურსზე მედიის ხელშემწყობი პროგრამისათვის. აპრილში ქართულ მედიასივრცეში განსაკუთრებული გამოცოცხლება შეინიშნებოდა. ორგანიზაციები ერთიანდებოდნენ კოალიციებში, ახარისხებდნენ პრობლემებს და ათანხმებდნენ მათი გადაჭრის გზებს. ახლა ყველანი მოლოდინის რეჟიმში ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის მთავრობის მიერ ქართული მედიისათვის გამოყოფილი 13 მილიონი თვისებრივად შეცვლის სიტუაციას. გაუმჯობესდება როგორც მედიის საარსებო გარემო, ისე მაღალხარისხიან მედიაპროდუქტზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობა.

ხუთშაბათი, 6 მაისი
დილით არეკთან ერთად სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტში მივდივარ. ია ანთაძეს და ამ ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს ვხვდებით. არეკი პოლონური მედიის შესახებ მათ შეკითხვებს უპასუხებს. საუბრის დროს ვიგებთ, რომ პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა და რომ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ტელევიზორს ვრთავთ და ინტერნეტში ახალი ამბების მოძიებას ვცდილობთ. საუბრის გაგრძელების ხალისს ვკარგავთ. არეკი სასტუმროში მიგვყავს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს შეხვედრაზე მივდივარ. ცოტას ვაგვიანებ. პაატა საბელაშვილმა საბჭოს მოგვმართა საჩივრით ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერია. პაატას მიაჩნია, რომ ალეკომ დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს, “ყველაფერი იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული და სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით” - იმით, რომ უკომენტაროდ დატოვა მალხაზ გულაშვილის მიერ მის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში გაკეთებული ჰომოფობიური ხასიათის განცხადებები.

თავიდან კითხვებს ვუსვამთ პაატას, რომელსაც ეჩქარება და კითხვების ამოწურვისთანავე ტოვებს შეხვედრას. მერე ალეკოს ჯერია. სხდომისთვის დარბაზი დაგვითმო ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველომ”. კითხვა-პასუხის სესიას რამდენიმე ჟურნალისტი ესწრება. ამის შემდეგ სხდომას ვხურავთ. გადაწყვეტილება, შვიდი მომხრითა და ერთი მოწინააღმდეგით, ასეთია: ალეკომ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. მე მომხრეთა შორის ვარ. სამოტივაციო ნაწილის მომზადებამდე უფლება არ მაქვს, ჩვენი არგუმენტები საჯარო გავხადო, ამიტომ მათ შესახებ დღიურშიც ვერაფერს ვწერ.

7 მაისი, პარასკევი
დღეს მივდივარ შეხვედრაზე, სადაც უნდა ვიმსჯელოთ ხელისუფლების ინიციატივაზე ტელემაუწყებლებისთვის ვალების ჩამოწერის შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების თხოვნით შეხვედრას მასპინძლობს ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.

შეხვედრაზე წასვლამდე ვიგებ: ალეკო ელისაშვილს უთქვამს, მომავალ გადაცემებში მედიასაბჭოს გადაწყვეტილებას გავითვალისწინებ და მეტი სიფრთხილით მოვეკიდები უმცირესობების თემასო. თავის რესპონდენტებსაც მოუწოდა, ამ საკითხებზე საუბრისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. ალეკოს რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის ღირსეული და მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობის მქონე ადამიანია. მთელი გულით ვუსურვებ მას წარმატებებს!

შეხვედრაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსგან“ და ჟურნალ “ლიბერალისაგან” ინფორმაციას ვიღებთ ცალკეულ მაუწყებელთა ვალებზე, პრობლემის მოგვარების ალტერნატიულ გზებზე, შემოთავაზებული ამნისტიის სამართლებრივ და მორალურ ასპექტებზე.

ყველაფერი დაიწყო „25-ე არხით“, ბათუმის პატარა კერძო ტელევიზიით, რომელსაც ბიუჯეტის მიმართ დავალიანება იმ დროს წარმოექმნა, როცა მისი ამჟამინდელი მფლობელები ორგანიზაციას ვერ აკონტროლებდნენ; და გაგრძელდა ამნისტიის მსხვილი ნაციონალური ტელემაუწყებლებისთვის შეთავაზებით. თუ გავიხსენებთ, რომ რეგიონული მედიის წილი ჩამოსაწერ 36 მილიონ ლარში 2 მილიონ ლარს არ აღემატება, და რომ ორ წამყვან ოპოზიციურ ტელეკომპანიას დავალიანება საერთოდ არ აქვს, ნათელი გახდება, რატომ გვიჭირს აღვიქვათ ეს ინიციატივა ხელისუფლების მიერ გამოჩენილ კეთილ ნებად, ხელი შეუწყოს მედიის განვითარებას. იმის წარმოსადგენად, რაოდენ დიდი თანხაა 36 მილიონი ლარი, საკმარისია გავიხსენოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წლევანდელი ბიუჯეტი 22 მილიონ ლარს შეადგენს.

8 მაისი, შაბათი
12 საათი შესრულდა – შაბათი დღე დაიწყო. თან დღიურს ვწერ და თან დროდადრო “ფეისბუკში” ვიხედები. ვკითხულობ, რომ “კავკასიის” ეთერში გადაცემა ჩხუბში გადაზრდილა.

ტელევიზორს ვრთავ. ამ დროს სტუდიაში უკვე სტუმრები შედიან და ვითარებას აფასებენ. აღელვებული ნინო ჯანგირაშვილი და სხვა თვითმხილველები ჰყვებიან, თუ რა მოხდა. ტელევიზორს გაოგნებული ვუყურებ. ვბრაზდები იმ ადამიანებზე, რომლებიც ახალგაზრდებს რადიკალიზმისკენ უბიძგებენ და თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველა მიუღებელ ხერხს იყენებენ. ჯოხი კიდევ ერთხელ ტყდება ჟურნალისტებზე, რომლებიც თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. იმაზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში ყოფილა ჩვენი საზოგადოება, ვიდრე აქამდე მეგონა. არ ვიცი, რა გაგრძელება ექნება ყოველივე ამას. შეუწყნარებლობა და განსხვავებული აზრის მიუღებლობა სახიფათო მასშტაბებს იძენს.
XS
SM
MD
LG