Accessibility links

რუსეთი საქართველოსა და ნატოს შორის?


მედლინ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი

მედლინ ოლბრაიტი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი

ნატოს ახალი სტრატეგიული მიმართულებები და რეკომენდაციები 19 მაისს ვაშინგტონში, სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში, განიხილებოდა. დამსწრეები უსმენდნენ მედლინ ოლბრაიტს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, რომელიც ნატოს სამომავლო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამ ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი საფუძვლად დაედება ნატოს გენერალური მდივნის მიერ წარსადგენ და შემოდგომაზე დასამტკიცებელ ახალ კონცეფციას, რომლითაც ალიანსმა მომავალი 10 წლის მანძილზე უნდა იხელმძღვანელოს. ალიანსის ახალ ხედვაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსეთთან ურთიერთობის შემდგომი განახლების თემა. საქართველოს კი ნატო მოთმინებასა და შიდა დემოკრატიული საკითხების წარმატებით გადაჭრას ურჩევს.

ექსპერტთა 12-კაციანი ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველო ისევ უკრაინის მეწყვილის როლში მოიხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან დაახლოებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის ქვეყანა ნატოსკენ სვლის გაგრძელებას თითქმის აღარ აპირებს. ალიანსი ამ ორ ქვეყანას მაინც ძველებურად კარის ღიად დატოვებას ჰპირდება, თუმცა ჯერ ისევ ბუნდოვანია, დაახლოებით რა ვადებში გახდება შესაძლებელი ამ ღია კარში შესვლა. როგორც მედლინ ოლბრაიტმა სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში თქვა, საქართველომ ჯერ საკუთარ შიდა საქმეებს უნდა მიხედოს:

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გადაწყვიტოს შიდა საკითხები - იქ არჩევნები ახლოვდება... ასევე უნდა გააგრძელოს დემოკრატიული კურსი. ჩვენ შედეგიანად უნდა გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია, რათა გვქონდეს დიალოგი და გავაგრძელოთ ლაპარაკი იმაზე, რომ ნატოს წევრობა ნებაყოფლობითი ასპექტია. ”

მიუხედავად იმისა, რომ ნატო დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული ალიანსია, მის მიერ ამა თუ იმ ქვეყნისთვის სტანდარტების დაკმაყოფილებისაკენ მითითებას, პრაქტიკულ მექანიზმზე მეტად, პოლიტიკურ განცხადებად აფასებს უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი. მისთვის ნათელია, რომ ალიანსი რუსეთის ფაქტორს საგანგებო ანგარიშს საქართველოს საკითხთან მიმართებითაც უწევს და რომ ახალ ანგარიშში, რომელიც ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას უნდა დაედოს საფუძვლად, რუსეთის საკითხი საკმაოდ ჭარბი დოზით არის წარმოდგენილი:

”რუსეთი ასეთი ყურადღების ცენტრში, ჩემი აზრით, იმიტომ არის, რომ ის აგრესიულ პოლიტიკას აწარმოებს... თორემ იგივე ჩინეთი, რომელსაც ასევე აქვს ბირთვული იარაღი, უფრო ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე რუსეთი. ნატო მაინც უფრო რუსეთის როლს ითვალისწინებს, იგივე საზღვრებთან მიმართებით და იგივე, ვთქვათ, იმ ენერგორესურსებთან მიმართებით, რომლებიც ნატოს სჭირდება.”

ანალიტიკოსებისთვის ბუნებრივია, რომ ნატო რუსეთის გავლენების სიძლიერეს პირდაპირ არასოდეს აღიარებს, თუმცა მეტი თანამშრომლობის სურვილი რომ დიდია, ეს ახალ სტრატეგიულ პროექტშიც იგრძნობა და 19 მაისის შეხვედრაზე მედლინ ოლბრაიტმაც რამდენჯერმე გაიმეორა:

”ნატო, ცხადია, ძლიერ არის დაინტერესებული მოსკოვთან თანამშრომლობით, რათა შეიქმნას ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთობლივი სისტემა და პასუხი გაეცეს საერთო გამოწვევებს, როგორიც არის: ტერორიზმი, ბირთვული იარაღის გავრცელება, მეკობრეობა და ნარკოტიკებით ვაჭრობა. პარტნიორობა, როგორც ცნობილია, ორმხრივი პროცესია, მაგრამ, ალიანსის ხედვით, მოსკოვთან თანამშრომლობის კარი ღია უნდა დარჩეს ყველა დონეზე.”

და მაინც, როგორ უნდა გააღრმავოს ურთიერთობა ნატომ რუსეთთან, ქვეყანასთან, რომელიც იმავე ნატოს ნომერ პირველ საფრთხედ აღიქვამს, და როგორ უნდა დაიყოლიოს ალიანსმა მოსკოვი, გახდეს მისი კეთილგანწყობილი პარტნიორი? - ამ შეკითხვებზე პირდაპირი პასუხები არ არსებობს და რეცეპტებს ვერც მედლინ ოლბრაიტის ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში იძლევა. შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა 19 მაისს თქვა, რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია და პროგნოზების გაკეთება ძნელია. ანალიტიკოსებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ნატო რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გზაზე ბრმა ოპტიმიზმით მიემართება. ალიანსი კვლავაც განაგრძობს კრემლისთვის იმის აქტიურ მტკიცებას, რომ ის მისთვის მტერსა და პოტენციურ თავდამსხმელს არ წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG