Accessibility links

logo-print

ლიტვა აღიარებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას


ლიტვის სეიმმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. ლიტვის პარლამენტს მიაჩნია, რომ კონფლიქტის ზონებში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საქართველოს იურისდიქცია უნდა დამყარდეს. ეს არის საპარლამენტო დონეზე მიღებული პირველი დოკუმენტი, რომელშიც საქართველოში არსებული მდგომარეობა ოკუპაციად არის შეფასებული. რას ნიშნავს საქართველოსთვის ამგვარი რეზოლუციის მიღება, მასში მკვეთრი ტერმინოლოგიის გამოყენება, და მიბაძავენ თუ არა ლიტვის კეთილ ნებას სხვა ევროპული სახელმწიფოები?

თუკი ლიტვის სეიმის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობას, ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების რეაქციებზე დაყრდნობით, რამდენიმე სიტყვით შევაფასებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის სოლიდარობის გამოხატვის კეთილი ნება, თუმცა მისი მიღების შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე პოზიტიურ ძვრებს ნაკლებად უნდა ველოდეთ.

ლიტვის სეიმმა 1 ივნისს რიგგარეშე სხდომაზე ხმათა უმრავლესობით (55-ით 9) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში რუსული არმიის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა შეფასებულია როგორც ქვეყნის ოკუპაცია. ოკუპაციასთან ერთად ლიტვა მოსკოვს საერთაშიროსი ვალდებულებების დარღვევაშიც ადანაშაულებს.

ეს არის კიდევ ერთი და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საშუალება იმისა, რომ შევახსენოთ მსოფლიოს და საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ტიპის სამართალდარღვევები არის განხორციელებული რუსეთის მხრიდან და რა სიტუაციაში იმყოფება ამჟამად საქართველო. ლიტვის სეიმის ეს ნაბიჯი შედეგს აუცილებლად მოიტანს, - დარწმუნებულია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი:

”როდესაც დემოკრატიული ქვეყნები პარლამენტის დონეზე გამოხატავენ თავის პოზიციას და იმ პროცესებს, რაც ჩვენთან მიმდინარეობს, საკუთარ სახელებს, ანუ ოკუპაციას და ეთნოწმენდას, არქმევენ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტერმინი საბოლოოდ დამკვიდრდება, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსები ცდილობენ ლექსიკა ამ მიმართულებით შერბილდეს.”

ის, რომ მაისის ბოლოს ევროპარლამენტის მიერ დამტკიცებულ რეზოლუციაში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სტრატეგიას ეხებოდა, უკვალოდ გაქრა ჯერ კიდევ რეზოლუციის პროექტში გამოყენებული ტერმინები ”ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებები” და ”ოკუპაცია”, დავით დარჩიაშვილი შემთხვევითობას და ტერმინის გარშემო მობილიზებისა და მისი მნიშვნელობის გაცნობიერების ნაკლებობას აბრალებს. თუმცა ამბობს, რომ უახლოეს მომავალში ევროპარლამენტს ახალი ანგარიში წარედგინება და კვლავ აქტიურად გაგრძელდება მცდელობა იმისა, რომ რიგ ქმედებებსა და საგნებს ადეკვატური სახელები დაერქვას.

ევროპელი პოლიტიკოსების სიფრთხილეს კი ისეთი მკაფიო ტერმინების გამოყენებისას, როგორიც არის ”ოკუპაცია” და ”ოკუპირებული ტერიტორიები”, დავით დარჩიაშვილი სხვადასხვა ფაქტორებით ხსნის:

”ზოგს მიაჩნია, რომ იქნებ დაყვავებით და დიალოგით შეძლონ რუსებმა ოკუპაციაზე უარის თქმა, ზოგი ფიქრობს, რომ თუკი მათ მიერ ტერმინი ”ოკუპაცია” დამკვიდრდება, მაშინ გაჩნდება ლოგიკური კითხვა, რას აკეთებს ევროპა იმისათვის, რომ მსგავსი ამაზრზენი ფაქტები აღკვეთოს, ზოგი კი პრაგმატული თვალსაზრისით განიცდის რუსეთის ზეგავლენას. რუსები ძალიან ბევრს მუშაობენ იმაზე, რომ ევროპაში მეგობრულად განწყობილი ქვეყნების რიცხვი გაზარდონ”, - ამბობს დარჩიაშვილი.

ჩვენ არ უნდა ველოდეთ, რომ ამ შეფასების გამო რუსეთი აფხაზეთიდან ან ცხინვალის რეგიონიდან თავქუდმოგლეჯილი გაიქცევა, მაგრამ ეს არის მკაფიო სამართლებრივი განმარტება, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ამბობს ანდრო ბარნოვი, სტარტეგიისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი: ”შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წამოვა გარკვეული ტალღა და გადავდგამთ მყარ ნაბიჯს იქითკენ, რომ შეფასება ოკუპირებული ტერიტორიებისა იქნება ცალსახა და გარკვეული.”

ის, რომ ოფიციალური ევროპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შეფასებისას ერიდება ამგვარი ტერმინების გამოყენებას, ანდრო ბარნოვისთვის ზღვარგადასული სიფრთხილეა. მას მიაჩნია, რომ ამგვარი სიფრთხილე აშკარა სიმართლეზე თვალის დახუჭვაა.

მხოლოდ ლიტვის სეიმის მიერ მიღებული რეზოლუცია და მასში გამოყენებული ტერმინოლოგია რომ რუსეთზე ზეგავლენას ვერ იქონიებს, ამაში მყარად არის დარწმუნებული კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ეს საქართველოსთვის მართლაც სერიოზული სოლიდარობის გამოცხადებაა, და იქვე განმარტავს, რომ ლიტვის სეიმის ქმედება საქართველოსთვის მოულოდნელი და გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო, განსაკუთრებით გასახარი სხვა ქვეყნების პარლამენტების მიერ გადადგმული მსგავსი ნაბიჯები იქნებოდაო, ამბობს ზაქარეიშვილი:

”მსგავსი ნაბიჯი ბრიტანეთის, საფრანგეთის ან გერმანიის პარლამენტს რომ გადაედგა,მაშინ ეს მართლაც გასახარებელი და მოულოდნელი იქნებოდა ჩვენთვის. დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ლიტვას, მაგრამ არ მგონია, რომ ლიტვის მაგალითს ბევრმა ქვეყანამ მიბაძოს”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

მისივე თქმით, უმალ თავად საქართველო მოახდენს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციას, ვიდრე ისეთი ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, როგორიც არის, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

მიზეზი კი, მისივე განმარტებით, მარტივია: რუსეთი დიდი და ანგარიშგასაწევი სახელმწიფოა და ამიტომ პოლიტიკაში მორალზე მეტად პრაგმატიზმი უნდა ვეძიოთ.
XS
SM
MD
LG