Accessibility links

logo-print
ოკუპირებულ გალის რაიონში გასული ერთი კვირის განმავლობაში აფხაზი მებაჟისა და სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მკვლელობის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ძალოვან სტრუქტურებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის ერთობლივად მოქმედების გეგმის შემუშავება და გალის რაიონში ვითარების მონიტორინგი დაავალა.

გასული კვირის ბოლოს, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ ბოლო ხანს მომხდარ ინციდენტებში ქართული კვალი აშკარად ჩანს. დე ფაქტო პრეზიდენტმა სოხუმის დელეგაციას დაავალა, რომ ეს საკითხი ჟენევაში 8 ივნისს დაგეგმილი დისკუსიისას მკაცრად დასვას.

”თუ ქართული მხარე დივერსიულ საქმიანობას არ შეწყვეტს, იძულებულნი ვიქნებით ადეკვატურ ზომებს მივმართოთ”, - განაცხადა ბაღაფშმა. მისივე თქმით, ტერაქტების ორგანიზატორებს უნდა ესმოდეთ, რომ ლოკალურმა დესტაბილიზაციამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება რეგიონში, სადაც დევნილები დაბრუნდნენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის ამ განცხადებას მტკნარი სიცრუე უწოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ.

”დევნილების ახალი ნაკადი აფხაზეთში არ დაბრუნებულა. იქ მცხოვრები ადამიანებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად არიან. აფხაზები კვლავ აგრძელებენ ეთნოწმენდას, რომელსაც წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი ოკუპირებულ რეგიონში. ამის მაგალითია გუშინდელი ფაქტი, როდესაც აფხაზურმა შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა სახლები გადაწვეს და მოსახლეობა გაიტაცეს. რამდენიმეს კი სასტიკად სცემეს”, - აცხადებს კილანავა.

გასულ ღამეს, საბერიო-დიხაზურგის საზღვართან სახლების გადაწვას და მოსახლეობის აწიოკებას ადასტურებს ადგილობრივი მკვიდრი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონით დაუკავშირდა. დიხაზურგელმა ქალმა გვითხრა, რომ სოფელში ამჟამადაც შეიარაღებული ფორმირებები იმყოფებიან, რის გამოც მოსახლეობა პანიკაშია.

”ექვსი სახლი გადაწვეს წუხელი. მოსახლეობა კი წაიყვანეს. ნაწილს სცემეს და დატოვეს. 50-მდე მანქანა იყო მოსული და ხალხი ალყაში ჰყავდათ მოქცეული. ძალიან რთული ვითარებაა. არ ვიცი ასე როდემდე უნდა ვიყოთ. სიტუაცია ყოველდღე იძაბება და პანიკაში ვართ”.

სადამსჯელო ოპერაციის შესახებ ცნობებს უარყოფენ დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები. "რადიო თავისუფლების" რუსულენოვანი მაუწყებლობის, „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი ოკუპირებული გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ბესლან არშბას დაუკავშირდა, რომელმაც სადამსჯელო ოპერაციის შესახებ ცნობები უარყო. მისი თქმით, მღელვარება ახლახან დაღუპული 2 პირის ახლობლებმა მოაწყვეს, რომლებიც სამართალდამცავებმა მალევე გაიყვანეს რაიონიდან. „ერთ-ერთ სოფელში - დიხაზურგაში - უცნობმა პირებმა 5 სახლი დაწვეს. ჩვენ, მთავრობამ, ამის გაკონტროლება ვერ შევძელით. ბევრი აღშფოთებული პირი იყო, და ყველას ვერ მივდიეთ. რაც შეეხება ხალხის სადღაც წაყვანას - ასეთი რამ არ ყოფილა, ყველა ადგილზეა. ხალხს ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინეთ. დაშავებულებს კვლავაც დავეხმარებით“ - განაცხადა არშბამ და დასძინა, რომ რაიონში ვითარება ამჟამად სტაბილურია.

უფრო ადრე გავრცელდა დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტაბის უფროსის, მურმან გეგიას მიერ სააგენტო ინტერპრესნიუსისთვის ნათქვამი სიტყვები - რომ არანაირი, მით უმეტეს, სადამსჯელო ოპერაცია გალის რაიონში არ მიმდინარეობს. გეგიამ სახლების დაწვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას სრული აბსურდი უწოდა. მისივე განცხადებით, გალის რაიონში დანაშაულს ჩადიან ქართული ბანდიტური დაჯგუფებები, რომლებმაც გასული კვირის განმავლობაში ორი აფხაზი მოქალაქე მოკლეს და შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე მიიმალნენ.

თავის მხრივ, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა აცხადებს, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ბოლო ხანს მომხდარი მკვლელობები აფხაზებისა და რუსი სამხედროების დაპირისპირების შედეგია და სრული ზეგავლენის მოსაპოველად ბრძოლას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG