Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მოქალაქის პროტესტი საქართველოში


ირანის მოქალაქე ომიდ ისმალ ზადე თბილისიდან ერევნამდე ფეხით მიდის და ამ გზით ერთი წლის წინ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვებას აპროტესტებს.
ირანის მოქალაქე ომიდ ისმალ ზადე თბილისიდან ერევნამდე ფეხით მიდის და ამ გზით ერთი წლის წინ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვებას აპროტესტებს.
„გაუმარჯოს თავისუფლებას, მშვიდობას, ადამიანის უფლებებს და უკეთეს მომავალს!“ - ასეთი წარწერებით ტანსაცმელზე ირანის მოქალაქე ომიდ ისმალ ზადე თბილისიდან ერევნამდე ფეხით მიდის და ამ გზით ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვებას აპროტესტებს. შეგახსენებთ, რომ ხვალ ერთი წელი სრულდება ირანში ეგრეთ წოდებული „მწვანე რევოლუციის“ შემდეგ, როცა, სხვადასხვა მონაცემებით, 70-მდე ადამიანი დაიღუპა. ომიდ ისმაილ ზადემ პროტესტის ნიშნად 300 კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს.

მაჰუმდ აჰმადინეჯადის პრეზიდენტად გამოცხადების და ეგრეთ წოდებული „მწვანე რევოლუციის“ ერთი წლის თავზე დღევანდელი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ წერს, რომ ირანში პროტესტის ტალღა თითქმის ჩამქრალია:“მათ დახურეს გაზეთები, აკრძალეს პოლიტიკური პარტიები, ეფექტურად გააჩუმეს ყველა, გარდა იმათი, ვინც მათსავით ფიქრობს. ათასობით ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან დაპატიმრების შიშით.“ ირანელი ომიდ ისმაელ ზადე თბილისიდან ერევნისკენ ფეხით დაიძრა. თეთრი ტილო ტანზე და მასზე წარწერები - წინა მხარეს: „გაუმარჯოს მშვიდობას, თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს და უკეთეს მომავალს“, ზურგზე კი: “სიკვდილი ომს, ფანატიზმს და ძალადობას!“ ომიდ ისმალ ზადე თბილისიდან ერევნამდე სამასამდე კილომეტრის გავლას -მზესა თუ წვიმაში - ფეხით აპირებს, ხელში ცელოფნის პაკეტით და წყლის ბოთლით.

„ჩვენ გვინდა ჩვენი უფლებები, თავისუფლება, უკეთესი ცხოვრება და კონტაქტი სხვა ქვეყნებთან. დღეს, უბრალოდ, პროტესტის დღეა.“

ერთი წლის წინ, ამ დღეს, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, გამარჯვებულად ამჟამინდელი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი გამოცხადდა. ამას ირანში მილიონიბით ადამიანი შეეწინააღმდეგა, რასაც რეპრესიები და ათობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

ერთი წლის თავზე ომიდ ისმაილ ზადე თბილისში ერევნიდან ჩამოდის და საქართველოში გაეროს ოფისს თავისი მისიის შესახებ ატყობინებს. გაერო ამ ამბავს არასამთავრობოებში ავრცელებს. სწორედ ასე მოხვდა ინფორმაცია ომიდის შესახებ რადიო თავისუფლებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი:

„ხშირ შემთხვევაში, როდესაც თავშესაფრის მაძიებელ პირებს ან დევნას ეხება საქმე, გაერო გვიკავშირდება. თუ თვითონ რაღაცნაირად ვერ ახერხებს დახმარებას, ასეთ საქმეებს რეაგირებისთვის ან იურიდიული დახმარებისთვის გვიგზავნის ჩვენ. ამ შემთხვევაში ამის საჭიროება არ ყოფილა. მას, უბრალოდ, სჭირდებოდა დაკავშირება მედიასთან, რომ ამ პროტესტის დაფიქსირება მომხდარიყო.

ომიდი ამჟამად სომხეთში, მისი თქმით, მაგისტრატურაზე სწავლობს ბიოტექნოლოგიას, მანამდე ირანში ბაკალავრიატში სწავლისას თავისი ქვეყნის წარსულის სამეცნიერო კვლევა დაუწყია. ბევრი თანამედროვე შეუსაბამობა ვიპოვეო და, მორჩილებაზე უარის ნიშნად, ისლამი უარვყავიო. როგორც კი ომიდს ეს ამბავი გაუხმაურებია და წერა დაუწყია, მისით ადგილობრივი ლიდერები დაინტერესებულან და მასზე კონტროლი დაწყებულა:
„როცა მივხვდი ვერაფერს გავხდებოდი, ადგილობრივ ლიდერებს მივწერე, რომ არ ვაპირებდი საუნივერსიტეტო აქტივიზმს, რომ რელიგიური და პოლიტიკური თემებისგან შორს დავიჭერდი თავს და წავედი პატარა სოფელში, სადაც ფერმაში 3 წელი ვმუშაობდი, თუმცა არ დავვიწყებივარ, მითვალთვალებდნენ, ტელეფონს უსმენდნენ.

ომიდ ისმაილ ზადე ამის შემდეგ სახლ-კარს ყიდის და ახლობლებსა და ქვეყანას ტოვებს.

„მე სახლი გავყიდე, რადგან ფული მჭირდებოდა ცხოვრებისა და განათლებისთვის. სხვა გზა არ მქონდა. სომხეთში იმიტომ გავჩერდი, რომ იქ ცხოვრება და სწავლა შედარებით იაფია.

თუმცა სომხეთში მოხვედრამდე ომიდს ევროპაში გასვლაც უცდია. მისი თქმით, საფრანგეთს ვიზაზე უარი უთქვამს.
„ხალხი ჩვენი ქვეყნის გარეთ ხშირად ფიქრობს, რომ ირანელები ტერორიზმს ვუჭერთ მხარს ან მხარს ვუჭერთ ძალადობას და ანარქიას მსოფლიოში, მაგრამ ეს ყველაფერი მმართველობიდან მოდის და არა ხალხიდან. ხალხი სხვა პოზიციაზეა.“

ირანელებში პროტესტი ჩაცხრაო, საპროტესტო ტალღიდან ერთი წლის თავზე წერს დღევანდელი „ნიუ-იორკ ტაიმსი“, თუმცა აქვე აქვეყნებს ერთ-ერთი ირანელის ნათქვამს:

”შესაძლოა ზედაპირზე ჩანდეს, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ნაცრის ქვეშ ცეცხლი ღვივის და როგორც კი საამისო სიტუაცია გაჩნდება, ეს ცეცხლი ისევ აგიზგიზდება.”
XS
SM
MD
LG