Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის სტუმრობა საქართველოში


მევლუთ ჩავუშოღლუ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
მევლუთ ჩავუშოღლუ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუშოღლუ. ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც პარლამენტის, ისე მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 15 ივნისს საქართველოს პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესაც შეხვდება. 14 ივნისს კი ოფიციალური ვიზიტის პირველი სამუშაო სხდომა მთავრობის კანცელარიაში საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრთან გაიმართა.

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მევლუთ ჩაუშოღლუს ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები და ევროსაბჭოს მიერ ამ საკითხზე მიღებული რეზოლუციების შესრულების მდგომარეობაა. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ მიმართულებით ევროსაბჭოს რეზოლუციების მყისიერად შესრულება ვერ მოხერხდება, თუმცა დროულად უნდა ამუშავდეს რეზოლუციების ის ნაწილი, რომელიც ჰუმანიტარულ ასპექტებს და კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებას შეეხება, - აღნიშნა მევლუთ ჩაუშოღლუმ, რომელსაც, როგორც ჰუმანიტარული აქტი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია გააცნო.

თემურ იაკობაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში
”ჩვენი საუბრის თემა, რაღა თქმა უნდა, იყო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ევროსაბჭოს შესაძლო როლი ამ სტრატეგიის იმპლიმენტაციის საქმეში. გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები რუსეთის ქმედებასთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ცხინვალში განხორციელებული ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა, რაც დღეს ხდება ყირგიზეთში - ეთნიკური წმენდა უზბეკების. და მე ვფიქრობ, რომ როდესაც რუსებს ერთ ადგილას მიუშვებენ ამის საკეთებლად, ის იგივეს გაიმეორებს სხვა ადგილებშიც.”

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მევლუთ ჩავუშოღლუს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის სამუშაო პროცედურაც გააცნო. სამოქმედო გეგმაზე მუშაობის დასრულებას სამინისტრო უახლოესი ორი კვირის განმავლობაში გეგმავს.

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებზე, ცხინვალის რეგიონში განხორციელებულ ეთნოწმენდასა და ევროსაბჭოს რეზოლუციების შესრულების მდგომარეობაზე საუბარი გაგრძელდა საქართველოს პარლამენტშიც, საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე.

“საქართველომ ყველა ვალდებულება, რომელიც დაეკისრა, შეასრულა, რუსეთის ფედერაცია კი ელემენტარულად იმ კანონს,რომელიც თავდაცვის შესახებ არსებობს, არ გზავნის ვენეციის კომისიაში, რაც რეზოლუციით დაეკისრა. აქედან გამომდინარე, ვთხოვე მას, რომ რეალურად დავიწყოთ რეზოლუციის შესრულების მექანიზმებზე მუშაობა”, აღნიშნა პარტია ”ჩვენ თვითონ”-ის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ.

ევროსაბჭოს რეზოლუციების შესრულების მექანიზმებზე საუბრის კომენტირებისას ქრისტიან-დემოკრატმა ნიკა ლალიაშვილმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ მევლუთ ჩაუშოღლუ რუსეთის მიმართ მავალდებულებელი მექანიზმების შემუშავებას მართლაც საჭიროდ მიიჩნევს, თუმცა სანქციების ალტერნატივაზე ჯერ არაფრის თქმა არ შეუძლია. რაც შეეხება საქართველოს საშინაო საქმეებს და იმ საკითხებს, რომლებზეც ოპოზიციონერი დეპუტატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ესაუბრნენ, ნიკა ლალიაშვილი ამ საკითხებში სასამართლო რეფორმას გამოყოფს:

ნიკა ლალიაშვილი, ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი
”ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არის სასამართლოს სისტემის დახვეწა და მართლმსაჯულების განვითარება ამ ქვეყანაში. მივიღეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისაგან რწმუნებულებანი იმაში, რომ ეს ორგანიზაცია საქართველოში კვლავ მხარს დაუჭერს დემოკრატიულ ცვლილებებს.”

დემოკრატიულ ცვლილებებში ოპოზიციის როლზე გაამახვილა, თავის მხრივ, ყურადღება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

” ოპოზიციის როლი ქვეყნის განვითარებაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მმართველი გუნდის. განვიხილეთ დემოკრატიზაციის პროცესი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და ასევე ის, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს საარჩევნო კოდექსის დახვეწაზე მუშაობა.”

ამ და სხვა საკითხებზე გაგრძელდა მსჯელობა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც. შეხვედრაში ზვიად ძიძიგური, ლევან გაჩეჩილაძე, ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ალასანია მონაწილეობდნენ.

”მთავარი დასკვნა, რომელიც ამ შეხვედრიდან შეიძლება გაკეთდეს, იმაში მდგომარეობს, რომ ევროპა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები - საერთაშორისო თანამეგობრობა, მთლიანად - ჩაერთვებიან საარჩევნო გარემოს შეცვლის პროცესში. ისინი ხელს შეუწყობენ პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად წარმატებული იყოს. მომავალი არჩევნებისთვის საქართველოში თვისებრივად შეცვლილი საარჩევნო გარემო უნდა იყოს”, - განაცხადა ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG