Accessibility links

logo-print
რამდენიმე გაზეთი დღეს პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებსაც ეხმაურება. თვალში მოგხვდებათ ”მთელი კვირის” სათაური - ”პოლონეთის პრეზიდენტი ისევ კაჩინსკი იქნება!”. ეს არის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრის, პოლიტემიგრანტ ვიქტორ დომუხოვსკის წერილი ვარშავიდან. ის წერს:

”იაროსლავ კაჩინსკის გამარჯვება საჭიროა პოლონეთისთვის. ჯერ ერთი, იმისათვის, რომ ლეხ კაჩინსკის პოლიტიკა გაგრძელდეს, მეორე კი - ბალანსი შენარჩუნდეს ხელისუფლების შტოებს შორის. იმავდროულად, პოლონეთში ბევრს ეშინია, რომ ტუსკის მთავრობისა და კომოროვსკის პრეზიდენტად არჩევისას პოლონეთი რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცევა.”
”მთელ კვირაშივე” ქვეყნდება ელისო ჩაფიძის სვეტი, სათაურით - ”ჩვენ არ ვიყიდებით, ანუ ორიოდე სიტყვა არა ”კაზლოვის მიერ ’შეშლილის თარგმანზედა”, არამედ ხელისუფლების საკანონმდებლო ხულიგნობათა თაობაზედ”, რომელიც საგადასახადო კანონში ცვლილებებსა და პრესის საქმიანობაზე მათ გავლენას ეხება: ”მათგან ბევრი ისეთია, რომელიც არა საგადასახადო შეღავათებს, არამედ ისეთ დაბეგვრას ითვალისწინებს, რითაც პრესა არასოდეს არ დაბეგრილა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.”

”კვირის პალიტრა” დღეს რამდენიმე ინტერვიუს აქვეყნებს. ნონა გაფრინდაშვილი ამბობს: ”როდესაც ეს ხელისუფლება წავა, ცოცხალი თუ ვიქენი, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დავუჭერ მხარს.” - გაფრინდაშვილი ინტერვიუში ”სახალხო კრების” მიზანზე ლაპარაკობს, რაც, მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების მიღწევაა. პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძე ჩავლილი არჩევნების შეფასებას იძლევა: ”აქტივისტები არჩევნებზე მიღებული პრაქტიკაა. თუ ვინმემ ეს არ იცის, ვურჩევ, ნახოს ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები”. ”კვირის პალიტრაშივე” ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი: ”დღეს ქართველი ხალხი იმიტაციაშია და არა ნამდვილ რეალობაში. ქართველი ხალხი ცხოვრობს თეატრში, სადაც რეჟისორები ნამდვილად ღვრიან ადამიანების სისხლს. ამ ხელისუფლების ქმედებების ასახსნელად ფსიქიატრებია საჭირო. ჩვენ საქართველოს ფსიქიატრიულ რესპუბლიკაში ვცხოვრობთ.”

”კვირის ქრონიკა” ორ გვერდს უთმობს ინტერვიუს ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან: ”ჩვენ საერთოდ უნდობლობით ვუყურებთ იმ კატეგორიას, რომელიც ოპოზიციაში ხელისუფლებიდან წამოვიდა. ეს დასაბუთებული უნდობლობაა... დიდმა სიყვარულმა დიდი სიძულვილი იცის, თუმცა დიდი სიძულვილი მერე ისევ დიდ სიყვარულად შეიძლება იქცეს.”

”ჯორჯიან ტაიმსი”, ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან: ”ჩვენ ნამდვილად შევძლებთ ჩვენს ხალხს და მთელ მსოფლიოს დავანახვოთ, რომ რეალურად პროქართულ და დასავლურ ფასეულობებს დაფუძნებული ძალა ვართ, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება შეუძლია.”

”შემოდგომაზე სერიოზული პროცესები დაიწყება და დამთავრდება კიდევაც. ჩვენ უნდა ვემზადოთ ამისათვის და ახლა ყურების ჩამოყრა, რომ - ვაი, რა გვეშველებაო, არაფრით არ შეიძლება! სააკაშვილის უძლეველობის მითი საკუთარ თავში უნდა დაამარცხოს ყველამ და მაშინ დამთავრდება სააკაშვილიც!” - აცხადებს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე. მასთან ინტერვიუ ”ასავალ-დასავალში” ქვეყნდება.

”ვერსია” - ”კონსერვატორების” ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა: ”თბილისის საკრებულოში ერთადერთი ოპოზიციური ძალა დღეს ეროვნული საბჭოა. ამიტომ, ბუნებრივია, არანაირი შემოთავაზებები არ მიგვიღია. ყველა დანარჩენი კი სამთავრობო კოალიციის წევრები გახდნენ.”

”ირაკლი ოქრუაშვილს პრეზიდენტობა უნდა” - ასეთი სათაურით ქვეყნდება ”ახალ თაობაში” ინტერვიუ ლევან ვეფხვაძესთან: ”მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს პრეზიდენტობა სურს, ნოსტალგია აქვს იმ რეიტინგების მიმართ, რომელიც მას, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჰქონდა და დღეს აღარ აქვს.”

”24 საათი” წერს, რომ ”სასჯელაღსრულების ბათუმის №3 საპყრობილის ყოფილ უფროსს და ბაჩო ახალაიას დაცვის ყოფილ თანამშრომელს, 33 წლის ჯუმბერ ზაქარაძეს 30 წლამდე პატიმრობა ემუქრება პატიმრებისთვის ფულის გამოძალვაში ბრალდების გამო.“
XS
SM
MD
LG