Accessibility links

logo-print

მედვედევის ორგანზომილებიანი ვიზიტი შეერთებულ შტატებში


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი 22 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადის. ვიზიტის მთავარი მიზანია ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, რასაც ხაზს უსვამს ის გარემოება, რომ მედვედევი თავდაპირველად კალიფორნიაში შეერთებული შტატების ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრს დაათვალიერებს. თუმცა სამდღიანი ვიზიტის ბოლო დღეს იგეგმება თეთრ სახლში პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრა, რომლის დროსაც უმთავრესი ყურადღება როგორც ორმხრივ, ასევე გლობალური პოლიტიკის საკითხებზე გამახვილდება.

ინვესტორებისათვის კომფორტული პირობების შექმნა ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ...
ინოვაციის ცენტრ სილიკონის ველისა და კომპიუტერულ გიგანტ სისკო სისტემის მონახულება, შეხვედრა გუგლისა და მაიკროსოფტის წარმომადგენლებთან, სამუშაო ლანჩი ბიზნესმენებთან - ასეთია შეერთებულ შტატებში დმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტის პირველი დღის სამუშაო გეგმა. თუმცა, ვიდრე შეერთებულ შტატებს ესტუმრებოდა, რუსეთის პრეზიდენტი გასულ კვირაში სიტყვით გამოვიდა სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე და მკვეთრი ფორმით განაცხადა, რომ რუსეთი შეიცვალა:

„ინვესტორებისათვის კომფორტული პირობების შექმნა ჩვენთვის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს. ამ მიმართულებით წარსულშიც ვდგამდით ნაბიჯებს, თუმცა შესაძლოა ყველაფერში არ გვქონდა წარმატება. მაგრამ დღეს ჩვენ ამ ამოცანებს ჩვენი მოქმედების ცენტრში ვაყენებთ.“

მედვედევმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ შეამცირებს სახელმწიფო გადასახადებს, შექმნის ხელსაყრელ პირობებს ინვესტორებისათვის, შეამცირებს სახელმწიფო კომპანიების რაოდენობას და შეზღუდავს კორუფციას.

მოელიან, რომ მედვედევი თეთრ სახლში გულთბილად იქნება მიღებული...
ანალოგიურ გზავნილს მედვედევი სტანფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას და კალიფორნიის გუბერნატორ არნოლდ შვარცენეგერთან შეხვედრისას გაიმეორებს. როგორც რუსეთის ინდუსტრიული კავშირის თავმჯდომარემ ალექსანდრ შოხინმა განუცხადა „ნიუ–იორკ თაიმსს“, დმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ჩასვლამდე კომპანია „ბოინგთან“ გაფორმდება კონტრაქტი 3 მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების რუსეთისათვის მიყიდვის თაობაზე. შეერთებული შტატები რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც რუსეთში ყოველწლიურად 18 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას ყიდის.

მოელიან, რომ მედვედევი თეთრ სახლში გულთბილად იქნება მიღებული. მას შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობის „ხელახლა დატვირთვის“ პოლიტიკა გამოცხადდა, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ბირთვული იარაღის შესახებ ახალ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, გაეროში ერთიანი ფრონტით გამოვიდნენ ირანის წინააღმდეგ და შეიმუშავეს ფართო თანამშრომლობის პროგრამა ავღანეთის საკითხში.

რაც შეეხება შეხვედრის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვიზიტის ბოლო დღეს, 25 ივნისს, ბარაკ ობამა და დმიტრი მედვედევი მიიღებენ ერთობლივ დეკლარაციას იმ ვითარების გამო, რომელიც შეიქმნა ყირგიზეთში, სადაც, გარდამავალი ხელისუფლების ინფორმაციით, ბოლო დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად, სავარაუდოდ, 2000-მდე ადამიანი დაიღუპა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 20 ივნისს სატელეფონო საუბარში მოუწოდეს ყირგიზეთის მთავრობას, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად რეფერენდუმი ჩაატაროს, და გამოთქვეს მზადყოფნა მოახდინონ ცენტრალური აზიის ხალხებისათვის განკუთვნილი დახმარების კოორდინაცია.
XS
SM
MD
LG