Accessibility links

logo-print

არტურ რუბინშტეინი: "მადლობა აღიარებისთვის!"


არტურ რუბინშტეინი

არტურ რუბინშტეინი

მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში ანშლაგი იყო. არტურ რუბინშტეინის კონცერტის დაწყების მოლოდინში მეც, სხვების მსგავსად, ძალიან ვღელავდი: წილად მხვდა ბედნიერება მე-20 საუკუნის პიანიზმის ლეგენდას შევხვედროდი. 1964 წელს, ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ, რუბინშტეინი მეორედ ეწვია საბჭოთა კავშირს. სცენაზე კულისებიდან ”გამოვარდა”, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ტანმორჩილი, ხანში შესული კაცი. მისი მოგრძო, სკულპტურული სახე ქმნიდა მკვეთრ კონტრასტს სხეულის მოძრაობის დინამიკასთან. იმ საღამოს პიანისტმა, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ბრამსის მე-2 და შოპენის პირველი საფორტეპიანო კონცერტები შეასრულა. ”ბის”-ზე დაკრული პიესების სათაურებს თვითონ სოლისტი რუსულად აცხადებდა. ეს არ იყო გასაკვირი: არტურ რუბინშტეინი 1887 წლის 28 იანვარს პოლონეთის ქალაქ ლოძში დაიბადა, იმხანად კი პოლონეთი რესეთის იმპერიაში შედიოდა. უკვე სამი წლის ასაკში ბიჭი ფორტეპიანოს მიუჯდა. სულ რაღაც ოთხ წელიწადში მან დამოუკიდებლად მოამზადა სრულფასოვანი საკონცერტო პროგრამა. ამის შემდეგ არტური სასწავლებლად ბერლინში გაემგზავრა და 1897 წელს მოცარტის ლა-მაჟორული კონცერტით წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. ბერლინის ფილარმონიის ორკესტრს ცნობილი მევიოლინე იოაჰიმი დირიჟორობდა. რუბინშტეინის დაკვრამ დარბაზის აღტაცება გამოიწვია და სოლისტს ”ბის”-ის შესრულება მოუხდა. მენდელსონის ”უსიტყვო სიმღერის” დასაწყისშივე პიანისტმა მოულოდნელად წაიბორძიკა, მაგრამ არ დაიბნა და ნაწარმოები ბოლომდე იმპროვიზაციულ სტილში შეასრულა. კონცერტის შემდეგ არტურის პედაგოგმა, პროფესორმა ბარტმა, გაკიცხვის ნაცვლად ბავშვი გადაკოცნა. საერთოდ, რუბინშტეინის ხანგრძლივი ცხოვრება კურიოზებით და იმპროვიზაციებით აღინიშნებოდა. მაგალითად, მომავალი გამოჩენილი მუსიკოსების, მევიოლინე ბრონისლავ გუბერმანის და პიანისტ არტურ რუბინშტეინის პირველი შეხვედრის დროს ბრონისლავმა უთხრა არტურს: ”იმეცადინე, ბიჭუნა, - შენ დიდი მომავალი გელისო”. იმხანად გუბერმანი... ცხრა წლის, ხოლო რუბინშტეინი ოთხი წლის იყო.
არტურ რუბინშტეინის კონცერტი მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, 1964 წლის ოქტომბერში

ევროპის ქალაქებში გამოსვლების შემდეგ არტურ რუბინშტეინის დებიუტი ნიუ-იორკის ”კარნეგი-ჰოლში” ტრიუმფით აღინიშნა. საინტერესოა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე პიანისტს დარდიმანდი კაცის, ღვინისა და მოდის მოყვარულის რეპუტაცია ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მუსიკოსი ყოველთვის პრინციპული ხასიათით, ვაჟკაცური ქცევით გამოირჩეოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კაიზერის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო მან უარი თქვა გერმანიაში გამოსვლებზე, ხოლო 1937 წელს იტალიის მთავრობას დემონსტრაციულად დაუბრუნა მისთვის განკუთვნილი კომანდორის ორდენი. 1970 წელს ფრანგმა კინორეჟისორმა რეშენბახმა გადაიღო ფილმი არტურ რუბინშტეინზე, სათაურით ”ცხოვრების სიყვარული”. მოპოვებული ”ოსკარი” პიანისტმა გრეგორი პეკის ხელიდან მიიღო.

არტურ რუბინშტეინმა განსაკუთრებით შოპენის ნაწარმოებების შესრულებით გაითქვა სახელი. მუსიკალურ წრეებში მას ”შოპენისტს” უწოდებდნენ, თუმცა თვით პიანისტი ამას კატეგორიულად უარყოფდა. ამ უარყოფას სერიოზული საფუძველი ჰქონდა: 1962 წლის შემოდგომაზე მან ნიუ-იორკის ”კარნეგი-ჰოლში” კონცერტების უპრეცედენტო ციკლი გამართა - დაუკრა 10 განსხვავებული პროგრამა, რომელშიც 17 კომპოზიტორის 90 ნაწარმოები შედიოდა. სიცოცხლის ბოლო წლები რუბინშტეინმა ჟენევაში გაატარა, სადაც 1982 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა. თვალის მძიმე ავადმყოფობის შედეგად თითქმის დაბრმავებული პიანისტი 86 წლის ასაკამდე მართავდა კონცერტებს. 1975 წელს ამერიკის ქალაქ პასადენაში გამართული კონცერტის შემდეგ რუბინშტეინმა ჩვეული იუმორით სცენიდან მიმართა აღტაცებულ მსმენელს: ”ორმოცი წლის ასაკამდე მე ყველას კომპოზიტორ ანტონ რუბინშტეინში ვეშლებოდი - დიდი მადლობა აღიარებისთვის!”
XS
SM
MD
LG