Accessibility links

logo-print

ობამა ავღანეთში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო ძალების სარდალს შეხვდა


ვაშინგტონში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრა ავღანეთში ნატოს სამხედრო ძალების სარდალთან, ამერიკელ გენერალ სტენლი მაკკრისტალთან, რომელმაც კრიტიკა დაიმსახურა მედიაში გამოთქმული შეფასებების გამო. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და 30 წუთი გაგრძელდა. ჯერ არ გავრცელებულა ინფორმაცია საუბრის შინაარსზე. თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე, მაკკრისტლი პენტაგონში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსს, ადმირალ მაიკ მალენს. მაკკრისტალს ბოდიში აქვს მოხდილი ჟურნალ „როლინგ სტოუნში“ გამოქვეყნებული სტატიისთვის, რომელშიც მისი განცხადებებია მოყვანილი, მათ შორის უარყოფითი შეფასება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მისამართით. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მაკკრისტალის განცხადებები გააკრიტიკა, მაგრამ აღნიშნა, რომ სურს შეხვდეს და მოუსმინოს გენერალს, ვიდრე მის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რაც გენერლის შესაძლო დათხოვნასაც ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG