Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია აცხადებს, რომ „გაზპრომის“ ვალი გაისტუმრა და რუსეთსაც მართებს ნავთობისა და გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდა


ბელორუსიის განცხადებით, მან მთლიანად გაისტუმრა რუსეთის კომპანია „გაზპრომის“ ვალი და რუსეთიდან ევროპაში გაზის ტრანზიტს შეაჩერებს, თუ გაზპრომი ხუთშაბათამდე არ გადაიხდის ტრანზიტის საფასურს. პირველმა ვიცე-პერმიერმა ვლადიმირ სიამაშკამ განაცხადა, რომ ბელორუსიამ 187 მილიონი დოლარი გადაუხადა გაზისთვის რუსეთს, ამასთან, რუსეთის ნავთობისა და გაზის ტრანზიტი შეჩერდება, თუ მოსკოვი არ გადაიხდის ტრანზიტის საფასურს - 260 მილიონ დოლარს. რუსეთმა დღეს კიდევ უფრო შეუმცირა გაზის მიწოდება ბელორუსიას, ვალების საკითხზე უთანხმოების გამწვავებასთან დაკავშირებით. „გაზპრომის“ დირექტორ ალექსეი მილერის განცხადებით, დღეიდან კომპანია 60 პროცენტით უმცირებს ბელორუსიას გაზის დღიურ მოცულობას. მილერმა განაცხადა, რომ ბელორუსიისთვის გაზის მიწოდების შეკვეცა არ ახდენს გავლენას ევროპელი კლიენტებისთვის განკუთვნილ ექსპორტზე. „გაზპრომის“ დირექტორის თქმით, „ბელორუსიის ტერიტორიის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტი სრული მოცულობით ხორციელდება და რუსეთის გაზის მომხმარებლებს მომარაგებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არა აქვთ“. მაგრამ ლიტვის გაზის კომპანია აცხადებს, რომ 30 პროცენტით არის შემცირებული ბელორუსიის გავლით რუსეთის გაზის ლიტვასა და ბალტიის ზღვისპირა კალინინგრადის ოლქისთვის მიწოდება.
XS
SM
MD
LG