Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონის 1-5 ივლისის ტურნეს სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს ბრიფინგი მიეძღვნება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ - ფილიპ კროულიმ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონის ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის შესახებ საგანგებო ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში დღეს, 29 ივნისს გაიმართება. გუშინ კი კროულის კლინტონის ბაქოში დაგეგმილი ვიზიტის დღის წესრიგზე ჰკითხეს. კროულის პასუხი ზოგადი იყო, რომ კლინტონი ყველა ქვეყანაში ხელისუფლების მაღალი რანგის პირებს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ფილიპ კროულიმ ჰილარი კლინტონის მომავალი ტურნეს შესახებ ინფორმაცია 25 ივნისს გაავრცელა. ტექსტში წერია, რომ 1-დან 5 ივლისის ჩათვლით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა კიევს, კარკოვს, ბაქოს, ერევანსა და თბილისს. კიევში ის გახსნის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეორე შეხვედრას, აგრეთვე შეხვდება პრეზიდენტ იანუკოვიჩს, საგარეო საქმეთა მინისტრ გრიშჩენკოს, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს. კრაკოვში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს ”დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის” დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში. ეს ორგანიზაცია 2000 წელს აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივნის - მადლენ ოლბრაიტისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - ბრონისლავ გერემეკის ინიციატივით შეიქმნა. ჰილარი კლინტონი პოლონეთში შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის. სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში კლინტონი შეხვდება როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებს. რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ფილიპ კროულიმ აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას სახელმწიფო მდივანი ისაუბრებს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს როლზე, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ და მისი ვიზიტი იქნება ”მნიშვნელოვანი გამოხატვა აშშ-ის უცვლელი პოლიტიკისა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”. 25 ივნისის ბრიფინგზე კროულიმ აგრეთვე განაცხადა, რომ აშშ ”რუსეთთან კონტრუქციულ ურთიერთობებს საქართველოს ხარჯზე არ აგებს”.
XS
SM
MD
LG