Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგადასახადო კოდექსის პროექტი ცვლილებას განიცდის


კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
კახა ბაინდურაშვილი, ფინანსთა მინისტრი
პარლამენტში განხილვის დაწყების შემდეგ ფინანსთა სამინისტროს მიერ შედგენილმა საგადასახადო კოდექსის პროექტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. კოდექსის ავტორებმა უარი თქვეს უმაღლესი სასაწავლებლების დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრაზე. მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო სამედიცინო აპარატურის მიწოდებასთან დაკავშირებითაც. რატომ თქვა ფინანსთა სამინისტრომ უარი დამატებით შემოსავალზე?
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა საგადასახადო კოდექსის პროექტი გასულ კვირაში განიხილეს. მოგვიანებით ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო კოდექსის ძირითადი პუნქტები განათლების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სფეროების წარმომადგენლებს გააცნო. კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით დაიბეგრებოდა როგორც უმაღლესი სასწავლებლები, ასევე სამედიცინო აპარატურის კომერციული მიწოდება. მინისტრმა იქვე შენიშნა, რომ, მისი შეხედულებების საწინააღმდეგოდ, დღგ-ით არ დაიბეგრებოდა
ტრადიციულად გათავისუფლებული სფეროები.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურება დარჩეს ხელმისაწვდომი და, რაც ყველაზე უფრო მთავარია, უნდა შემოვიდეს ახალი აპარატურა, ანუ ახალი ინვესტიციები ...
თუმცა ორიოდე დღეში ფინანსთა მინისტრმა გათავისუფლებული სფეროების რაოდენობა, სულ ცოტა, ორით გაზარდა. კახა ბაინდურაშვილმა განაცხადა, რომ დამატებული ღირებულების გადასახადით აღარ დაიბეგრება უმაღლესი სასწავლებლები. კოდექსი ასევე შერბილდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის. 29 ივნისს, დავით გაგუას კლინიკაში საგადასახადო კოდექსის პროექტის განხილვის შემდეგ, ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა განაცხადეს, რომ სამედიცინო დანიშნულების აპარატურის შეძენა დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება. კახა ბაინდურაშვილმა გადაწყვეტილება ასე ახსნა:

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო მომსახურება დარჩეს ხელმისაწვდომი და, რაც ყველაზე უფრო მთავარია, უნდა შემოვიდეს ახალი აპარატურა, ანუ ახალი ინვესტიციები.“

ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება მოიწონა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა. სანდრო კვიტაშვილის შეფასებით, ახალი კოდექსი ხელს შეუწყობს ქვეყანაში თანამედროვე სამედიცინო აპარატურის შემოტანას და მომსახურების საფასურის შენარჩუნებას, თუმცა მინისტრის თქმით, კოდექსის პროექტი ასევე ითვალისწინებს სამედიცინო აპარატურის დიფერენცირებას, რომლის მიხედვითაც, შეღავათი არ გავრცელდება სოლარიუმებისა და სხვა სახის კოსმეტოლოგიური კლინიკებისთვის განკუთვნილ აპარატურაზე. კოდექსის ამ და სხვა პუნქტებს იწუნებს პარლამენტის წევრი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძე:

გურამ ჩახვაძე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
„არსებული საგადასახადო კოდექსით სამედიცინო დაწესებულებები გათავისუფლებული არიან როგორც დღგ-ისგან, ასევე მოგების გადასახადისგან. ამ პროექტით მოგების გადასახადზე არსებული შეღავათი უუქმდება სამედიცინო დაწესებულებებს და ასევე მთავრობა განსაზღვრავს, ვინ უნდა გადაიხადოს დღგ და ვინ არა. ყოველივე ეს გააუარესებს სამედიცინო დაწესებულებების მდგომარეობას, რაც, თავის მხრივ, საბოლოო ჯამში, მომსახურებას გააძვირებს.“

გურამ ჩახვაძის თქმით, მთავრობა, საგადასახადო პროექტის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში სცდება საკუთარი კომპეტენციის ზღვარს. მაგალითად, ერთმანეთისგან მიჯნავს სამედიცინო მომსახურების სახეობებს, რომელი უნდა დაიბეგროს და რომელი - არა. გარდა ამისა, შემოაქვს მიკრო და მცირე ბიზნესის განმარტებები და მათში მოქცეულ ფიზიკურ პირებს ასევე მთავრობა უდგენს საქმიანობის სახეობას და შემოსავლის ზღვარს.

„ფაქტობრივად, მთავრობა იღებს პარლამენტის ფუნქციას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხი კოდექსთან მიმართებაში“, უთხრა რადიო თავისუფლებას გურამ ჩახვაძემ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG