Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში იზრდება მოზარდებს შორის თვითმკვლელობის შემთხვევათა რიცხვი


სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რუსეთში ყოველწლიურად 2 500 მოზარდი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს, რაც საშუალოდ ორჯერ აღემატება ევროპის დიდი ქვეყნების, მაგალითად, საფრანგეთის მაჩვენებელს. ცოტა ხნის წინ რუსეთის საზოგადოებას ეს პირქუში სტატისტიკა კიდევ ერთხელ შეახსენა კადეტთა სასწავლებლის 10 წლის მოწაფის საიდ ფახრედტინოვის თვითმკვლელობამ. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ რუსეთში მოზარდებს შორის სუიციდის შემთხვევების ზრდა ბავშვთა დაცვის სუსტი სისტემის ბრალია.

თავზე კოპები ჰქონდა, ძლივს დადიოდა, კედელ-კედელ მოვიდა ჩემამდე, ჩამებღაუჭა, ტიროდა, მეუბნებოდა, მამა, მომკლესო. ის უკვე სულ სხვა ადამიანი იყო...
4 თვის წინ საიდ ფახრედტინოვი მოსკოვში საკუთარი სახლიდან გადახტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბავშვი 10 წლის იყო და მოსკოვის კადეტთა სასწავლებელში - სევასტოპოლის გმირთა სკოლაში - სწავლობდა. კრივით გატაცებული ბიჭუნა ოფიცრობაზე ოცნებობდა და თავიდან ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც 7 წლის ასაკში კადეტთა სკოლის მოსწავლე გახდა. მაგრამ, როგორც გარდაცვლილის მამა რამილ ფახრედტინოვი ამბობს, ვითარება შეიცვალა. სკოლაში საიდს ამცირებდნენ და სცემდნენ მისი სახელისა და თათრული წარმოშობის გამო, ერთ-ერთმა მასწავლებელმა კი, მშობლების თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე სასტიკად ნაცემი საიდი საავადმყოფოში აღმოჩნდა, რამაც ბავშვს ასეთი გადაწყვეტილებისკენ უბიძგა:

„თავზე კოპები ჰქონდა, ძლივს დადიოდა, კედელ-კედელ მოვიდა ჩემამდე, ჩამებღაუჭა, ტიროდა, მეუბნებოდა, მამა, მომკლესო. ის უკვე სულ სხვა ადამიანი იყო. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ მის თავს რაღაც გამოუსწორებელი მოხდა.“

თუმცა კადეტთა სასწავლებელში, სადაც 10 წლის საიდი სწავლობდა, უარყოფენ როგორც ბავშვის ცემის, ასევე მასზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტს. სამხედრო სასწავლებლის დირექტორი ევგენი ვედენსკი ამბობს, რომ კადეტთა სკოლაში მასწავლებლების უმრავლესობა ყოფილი სამხედროები არიან, რომლებიც მკაცრი ხელით მართავენ სასწავლო პროცესს. დირექტორის თქმით, მკაცრი დისციპლინა საჭიროა, რადგან ძირითადი კონტინგენტი მშობლების მზრუნველობას მოკლებული მოზარდები არიან. ასეთ მკაცრ დისციპლინასა და გარემოსთან შეგუება კი, დირექტორის თქმით, ბევრ ბავშვს უჭირს.

„სამწუხაროდ, ასეთი ბავშვების რაოდენობა ყველა კადეტთა სასწავლებელში ძალიან დიდია. ჩვენთან ეს ციფრი სხვადასხვა კლასებში დაახლოებით 70-80 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს არ ჰყავს ან მშობელი მამა, ან დედა, ანდა - არც ერთი. სამწუხაროდ, არსებობენ ასევე რთული ოჯახები, რომლებიც მშობლის უფლების ჩამორთმევის ზღვარზე იმყოფებიან.“

სკოლის დირექტორი იქით სდებს ბრალს საიდის მშობლებს, რომლებმაც, ვედენსკის თქმით, არ მოუსმინეს ბავშვს და არ გადაიყვანეს სხვა სასწავლებელში. საკუთარ თავს ადანაშაულებს გარდაცვლილის მამა, რამილ ფახრედტინოვი, რომელსაც ძალიან უნდოდა, რომ მისი ბიჭი ოფიცერი გამხდარიყო.

„თქვენ უნდა მოუსმინოთ თქვენი ბავშვის თითოეულ ამოსუნთქვას, თითოეულ ბგერას, თითოეულ სიტყვას. ყურადღების მიღმა არაფერი არ უნდა გაატაროთ და მაშინ რაღაცა გამოვა. ჩვენ კი დავკარგეთ, დავკარგეთ შვილი.“

მიუხედავად იმისა, თუ სინამდვილეში რამ აიძულა საიდი თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე, მისი ისტორია ნათლად წარმოაჩენს რუსეთის სისუსტეს, რაიმე მოუხერხოს ბავშვთა სუიციდს. ბავშვთა ფსიქოლოგის ალექსანდრ შადურას თქმით, სოციალური დაცვის დაბალი დონე არ იძლევა საშუალებას შეიქმნას მექანიზმი იმ ბავშვებთან კავშირის დასამყარებლად, რომლებმაც ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სექსუალური ზემოქმედება განიცადეს.

„სამწუხაროდ, ჩვენში ჯერ კიდევ არ არსებობს სისტემა, რომელიც გამოავლენდა და მოახდენდა ბავშვთა ძალადობის პროფილაქტიკას. ეს სისტემა ახლა იქმნება, ტარდება გარკვეული ზომები საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან, მაგრამ ასეთი მწყობრი სისტემა არ არსებობს.“

თვითმკვლელობით სიცოცხლეს ასრულებენ, ასე ვთქვათ, საშუალო წრის წარმომადგენელთა შვილები ისეთ ოჯახებში, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან ...
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ რუსეთს არ ჰყავს სოციალური სფეროს წარმომადგენლები, რომელთა მოვალეობა იქნებოდა, რჩევები მიეცათ პრობლემური ოჯახებისათვის და დაერწმუნებინათ მშობლები, რომ არ მოჰქცეოდნენ ცუდად საკუთარ შვილებს, არ დაემალათ მათზე ზეწოლის ისეთი ფაქტები, როგორიცაა სკოლებში პედოფილიასთან დაკავშირებული ინციდენტები.

მაგრამ რაც შეეხება ბავშვთა შორის სუიციდის ფაქტების პროფილაქტიკას, იურისტ ალექსეი კასატკინის დაკვირვებით, სოციალური სფეროს წარმომადგენელთა შესაძლებლობა აქ კიდევ უფრო შეზღუდულია:

„მათი ყურადღება ფოკუსირებულია კეთილმოუწყობელ ოჯახებზე. მაგრამ რას ნიშნავს კეთილმოუწყობელი ოჯახი? ისინი დადიან იქ, სადაც ეწევიან, სვამენ და სკანდალებს აწყობენ. მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ოჯახის შვილები თავს არ იკლავენ. თვითმკვლელობით სიცოცხლეს ასრულებენ, ასე ვთქვათ, საშუალო წრის წარმომადგენელთა შვილები ისეთ ოჯახებში, რომლებიც მატერიალურად უზრუნველყოფილნი არიან, მაგრამ რატომღაც სწორედ ამ სფეროში იჩენს თავს აღელვება და უკმაყოფილება საკუთარი თავითა და ოჯახით.“

კასატკინის თქმით, მიზეზი, რის გამოც რუსეთში ყმაწვილები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ, საკმაოდ ტრივიალურია. ცოტა ხნის წინ ერთმა 14 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო იმის გამო, რომ ბიჭი, რომელიც უყვარდა, გულგრილი იყო მის მიმართ. კიდევ ერთი ბავშვი ფანჯრიდან გადახტა იმის გამო, რომ დედამ ოთახში ეროტიკული ნახატები უპოვა. ბოლო კვირებში ასეთი სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზარდა. რუსეთში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე რამდენიმე უფროსკლასელმა, რომლებიც სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG