Accessibility links

logo-print

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში დასრულდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა თბილისში დღეს პირველი შეხვედრა ლიდერ ქალებთან გამართა. სხვადასხვა სფეროს ასზე მეტი წარმომადგენლის წინაშე სახელმწიფო მდივნის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდა და მთავარი თემები საქართველოს უსაფრთხოება, ქვეყნის ოკუპაციის პრობლემა და დემოკრატიის განვითარება იყო. ლიდერ ქალებთან საუბრის შემდეგ, ჰილარი კლინტონი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ავლაბრის რეზიდენციაში პირისპირ შეხვდა, რასაც წინ საქართველოს და აშშ-ის დელეგაციათა გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა უძღოდა. ორი ქვეყნის ლიდერი შეხვდა ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს და მათ კითხვებს გასცა პასუხი. სხვათა შორის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ არის ურყევი და რომ აშშ არ აღიარებს გავლენის სფეროებს.
დღესვე სახელმწიფო მდივანი თავისუფალი დემოკრატების ლიდერს ირაკლი ალასანიას და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარეს გიორგი თარგამაძეს შეხვდა. დღეს კლინტონი საქართველოდან გაემგზავრა, რითაც მან აღმოსავლეთ ევროპაში და კავკასიაში თავისი მოგზაურობა დასრულა.
XS
SM
MD
LG