Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 6 ივლისი 2010


”6 საათიანი დემოკრატიის გაკვეთილები” - ასე შეაფასა გაზეთმა ”რეზონანსმა” ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტი თბილისში. საკუთარი შეფასება კი ”რეზონანსმა” დასავლურ მედიაში გაჟღერებული აქცენტებით გაამყარა. მაგალითად, ”ვაშინგტონ პოსტი” ყურადღებას ამახვილებს შეკითხვაზე, რომელიც მას ქალ ლიდერებთან შეხვედრაზე დაუსვეს: ”ჰქონდა თუ არა აშშ-ის მთავრობას საქართველოსთვის დემოკრატიის გეგმა, რაზეც სახელმწიფო მდივანმა უპასუხა: ”აშშ-ს ასეთი გეგმა ყოველთვის აქვს.”

ოპოზიციისა და ჰილარი კლინტონის საუბრის დეტალებზეც წერს ”რეზონანსი”: ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის გიორგი თარგამაძის თქმით, ”ამ შეხვედრის მთავარი მიზანი იყო მიგვეღო და გაგვეგზავნა ზუსტი გზავნილები. აშშ-მა უნდა იცოდეს, რომ საქართველოში სააკაშვილი არ არის ერთადერთი ლიდერი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე”. ირაკლი ალასანიას თანაპარტიელის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ალასანიამ პირადად გადასცა ჰილარი კლინტონს ვაზაგაშვილის საქმე, რომელიც ეხება იმას, თუ როგორ უსამართლოდ წარიმართა გამოძიება და საერთოდ რა მოხდა ამ საქმეში: ”ირაკლი ალასანიამ ამერიკულ მხარეს სთხოვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა მიადევნოს თვალი ამ საქმის სამართლიან გამოძიებას”, - აცხადებს პეტრიაშვილი.

”რა აზრი აქვს იმ უცხოელებთან შეხვედრებს, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ”უპრავებენ” არჩევნებს და მათ მხარდასაჭერად ჩამოდიან?” - გაზეთ ”ალიას” ჟურნალისტმა გადაწყვიტა საკუთარი კითხვა გამოეტანა იმ მოსაზრებების სათაურად, რა მოსაზრებებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მასთან საუბრისას გამოთქვეს. მაგალითად, ”მემარჯვენეების” ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, ”შეხვედრებს ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, ისეთი მაღალი რანგის სტუმართან, როგორიცაა ჰილარი კლინტონი. თუმცა ეს იყო ვალის მოხდის ვიზიტი. მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ამერიკასა და ობამას ადმინისტრაციას მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს საქართველოს მიმართ”,- ამბობს გამყრელიძე. ”ლეიბორისტი” გიორგი გუგავა კი აცხადებს, რომ ”ასეთი მაღალი რანგის სტუმართან შეხვედრა აუცილებელია, რათა მას მიაწვდინო შენი პოზიცია, ეს იქნება კითხვის დასმის ფორმატში თუ წერილობით.”

ისევ და ისევ ჰილარი კლინტონის ვიზიტის შესახებ წერს დღევანდელი ”ახალი თაობაც”, რომელიც აქვეყნებს ინტერვიუს ქალთა პარტიის ლიდერთან გუგული მაღრაძესთან. როგორც ის ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, ქალ ლიდერებთან შეხვედრისას საერთოდ არ იყო ნახსენები პრეზიდენტი სააკაშვილი: ”შესაბამისად, შეიძლება გავიგოთ, რომ ის ისეთი ფავორიტი არ არის, როგორიც წინა პრეზიდენტისთვის იყო. ”ყველაზე მთავარი, რაც ამ შეხვედრაზე ითქვა, იყო ის, რომ კლინტონმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს გზა ტერიტორიების დაბრუნებისა გადის მხოლოდ იმაზე, რომ საქართველომ უნდა ააშენოს ნორმალური დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ადამიანი იცხოვრებს თავისუფლად”, - ამბობს გუგული მაღრაძე.

ის, რომ კლინტონის ვიზიტისგან კონფლიქტებთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ გარღვევებს არ უნდა ველოდოთ, ამის შესახებ საუბრობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნოდარ ხადური. ინტერვიუს გაზეთი ”საქართველოს რესპუბლიკა” ბეჭდავს. როგორც ხადური აღნიშნავს, ის შორს არის იმ მოსაზრებისგან, რომ ერთი რომელიმე შეხვედრა შეცვლის იმ დაძაბულ მდგომარეობას, რომელშიც დღეს საქართველო და რუსეთი იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG